პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლანჩხუთის მილიონიანი პროექტი და სოფლების გაუსაძლისი ყოფა: „აქ ადამიანები არ ვცხოვრობთ?“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მილიონიანი გზის რეაბილიტაციის ფონზე, სხვა სოფლების მცხოვრებლები მოუგვარებელ პრობლემებსა და დაპირებებზე საუბრობენ.

ლანჩხუთის მილიონიანი პროექტი და სოფლების გაუსაძლისი ყოფა: „აქ ადამიანები არ ვცხოვრობთ?“
ფოტო: ლიბერალი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მილიონიანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების ქმედებებს მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვება. მაშინ, როდესაც მერია ერთ სოფელში გზის რეაბილიტაციას ზეიმობს, მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებში მცხოვრებლები წლობით მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობენ და კითხულობენ: „აქ ადამიანები არ ვცხოვრობთ?“

ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან ერთად, სოფელ გვიმბალაურში, დაახლოებით, 2 კილომეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარს შეადგენს. ამ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურული პროგრესის შესახებ ცნობებს მალევე მოჰყვა კრიტიკული კომენტარები სხვა სოფლების მცხოვრებლებისგან, რომლებიც წლებია ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებას ითხოვენ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩოჩხათის თემის სოფელ შრომისუბანში, სადაც მოსახლეობა დაპირებად ქცეულ გაზიფიცირებაზე, უვარგის სასმელ წყალსა და დანგრეულ გზებზე ჩივის. ადგილობრივების თქმით, შრომისუბნიდან სუფსამდე გზის მონაკვეთი სრულად მოშლილია. „რა დავაშავეთ ამ სოფლის ხალხმა, რომ ასე ვიჩაგრებით? გზა სრულად მონგრეულია, გაზიფიცირება მერამდენე წელია მხოლოდ დაპირებად რჩება, სასმელი წყალი კი აბსოლუტურად უვარგისია. როგორც ჩანს, ამ საქმეს ისევ ჩვენ, მაცხოვრებლებმა უნდა მივხედოთ“, – აცხადებენ შრომისუბნელები იმედგაცრუებით.

გაზიფიცირების პრობლემა მუნიციპალიტეტის მასშტაბით 16 სოფელს აწუხებს. მოსახლეობა პასუხს ითხოვს, თუ როდის შეძლებენ ბუნებრივი აირით სარგებლობას. ეს საკითხი ლანჩხუთის საკრებულოს სხდომებზეც არაერთხელ განხილულა, თუმცა პასუხად მხოლოდ ისმის, რომ „სოკართან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

უგზოობის პრობლემა ქალაქ ლანჩხუთსაც შეეხო. ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ასფალტის საფარის დაგებას ჯერ გაზაფხულზე, შემდეგ ზაფხულში დაპირდნენ, ახლა კი შემოდგომა იწურება და ქუჩაზე სამუშაოები არც დაწყებულა. „მოსახლეობის მოთმინების ფიალა ამოიწურა“, – მიმართავენ ისინი მერიას.

არანაკლებ მძიმეა ვითარება ქვიანში, რუსთაველის ქუჩაზე, სადაც უზარმაზარ ორმოებად ქცეული გუბეები გადაადგილებას აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს სანიაღვრე არხების მოწყობაა დაანონსებული და ტენდერიც კი დასრულებულია, ადგილობრივები გზის სავალი ნაწილის მოწესრიგებასაც ითხოვენ.

სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ახალსოფლის მცხოვრებლებიც სოციალურ ქსელში კითხულობენ, თუ რატომ ხდება ზოგიერთი სოფლისთვის უპირატესობის მინიჭება სხვების ხარჯზე: „სუფსის ახალსოფელმა რა დააშავა, თუ მანდ მოსახლეობა არ არის?“ განსაკუთრებით მძიმეა ეტლით მოსარგებლე მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც მერიას ასფალტის დაგებას სთხოვს, რადგან მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა მის თავისუფალ გადაადგილებას ზღუდავს და ეტლს აზიანებს. „იმედია, სუფსის ახალსოფელშიც დამისხამთ ასფალტს და აღარ დავამტვრევ ეტლს“, – წერს იგი.

ეს მაგალითები ნათლად აჩვენებს, რომ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ ყოველდღიურ დისკომფორტს ქმნის, არამედ პირდაპირ ზღუდავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გადაადგილების შესაძლებლობას და მათი უფლებების რეალიზებას აფერხებს. მილიონიანი პროექტების ფონზე, მოსახლეობის უკმაყოფილება მიანიშნებს იმაზე, რომ ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები ზოგიერთ შემთხვევაში რეალურ საჭიროებებს აცდენილია, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას გადახედვას სთხოვს.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 07:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ