პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვაჟა დარჩია - „ოცნებას“ უნდა, ოპოზიცია შექმნას გურამ მაჭარაშვილის, შაქარაშვილის და სუბარისგან, საკონსტიტუციო განხილვაში კი შევედით, რათა ყველამ ნახოს, რაოდენ აბსურდულია, რომ თენგიზ შარმანაშვილი გიორგი სიორიძეს ედავება „ნაცობას“

„ქართულ ოცნებას“ უნდა, აკრძალოს ოპოზიცია და უნდა შექმნას ოპოზიცია გურამ მაჭარაშვილისგან, ვატო შაქარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარისგან.

ვაჟა დარჩია - „ოცნებას“ უნდა, ოპოზიცია შექმნას გურამ მაჭარაშვილის, შაქარაშვილის და სუბარისგან, საკონსტიტუციო განხილვაში კი შევედით, რათა ყველამ ნახოს, რაოდენ აბსურდულია, რომ თენგიზ შარმანაშვილი გიორგი სიორიძეს ედავება „ნაცობას“
ფოტო: ინტერპრესნიუსი

„ქართულ ოცნებას“ უნდა, აკრძალოს ოპოზიცია და უნდა შექმნას ოპოზიცია გურამ მაჭარაშვილისგან, ვატო შაქარაშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, სოზარ სუბარისგან. მისი ამოცანაა, მას რომ მოსწონს ისეთი ოპოზიცია შექმნას და საუბარი არ იყოს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ პრორუსია, რომ დასავლეთთან არანაირი ნაბიჯი არ იდგმება და იყოს საუბარი იმაზე, როგორი ქველმოქმედი და მეცენატია ბიძინა - ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში პირწმინდად წაგებულ „ქართულ ოცნებას „საკონსტიტუციო სასამართლოში. ყოველ წამს აღტყინებულ გორდულაძეს სტკივა, რომ მან 35 წუთში ჩაატია 5 პარტიის აკრძალვის საკითხი იმიტომ, რომ რეალურად არც ერთი არგუმენტი არ აქვს და ზოგადი ჭიქით სადღეგრძელო დალია, - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოში „ლელო- ძლიერი საქართველოს“ წევრმა ვაჟა დარჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

ვაჟა დარჩია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში პოლიტიკა გააქროს, რათა ქვეყანაში აღარ იყოს იმაზე საუბარი, რაც რუსეთს არ მოსწონს.

„რა თქმა უნდა, არც ერთ პარტიასთან მიმართებით ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციური ვერ იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიებს ჰყავთ ძალიან ბევრი ამომრჩეველი და ეს დაფიქსირდა 2024 წლის არჩევნებზე, მაშინ, როცა მათ გააყალბეს არჩევნები, თუმცა მიუხედავად ამისა, თითქმის მილიონი ხმა აიღო ამ ოპოზიციურმა პარტიებმა. ფაქტობრივად, უნდა, რომ პოლიტიკა გააქროს, პროდასავლური კურსი გააქროს, თუმცა ამავდროულად, უნდა, რომ წაახალისოს ვატო შაქარაშვილი და „ნეიტრალური საქართველო“. ანუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რაც რუსეთს არ მოსწონს. ეს არის აქ მთავარი პოლიტიკა. უნდა, რომ პოლიტიკური პროცესი აკრძალოს, პროდასავლურობაზე, დასავლეთზე საუბარი აკრძალოს, ოკუპაციაზე საუბარი აკრძალოს და ვატო შაქარაშვილმა ილაპარაკოს იმაზე, თურმე რა კარგია „ნეიტრალური საქართველო“. წარმოუდგენელი ამბავი იყო ნეიტრალიტეტის იდეა, საქართველოში რომ ნეიტრალიტეტზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აბსურდია და პრორუსული ხაზია. თან ამას ახალისებს „ქართული ოცნება“. მაგალითად, „ნეიტრალურ საქართველოს“ ყველა რეგიონში ოფისი აქვს. ჩვენ გვედავება საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის, იმას, რომ მუნიციპალური არჩევნების წინ თანამშრომლობდით გიორგი გახარიას პარტიასთანო, რომელიც იყო ცალკე სუბიექტი, რომელიც იყო მკვეთრად ოპოზიციური პარტია. მაგრამ რა ქნა „ქართულმა ოცნებამ“?! თავისი სიით საკრებულოებში გაიყვანა ადამიანები, მერე ამათ ოპოზიციონერები დაარქვა, დაარქვა „ევროპელი სოციალისტები“, დაარქვა „ხალხის ძალა“ და ისინი ყოველწლიურად მილიონობით ლარს იღებენ ბიუჯეტიდან და თურმე ეს კონსტიტუციურია და ის, რომ ოპოზიციურ ძალასთან ჩვენ შეთანხმება დავდეთ საარჩევნოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ბლოკების შესაძლებლობა არ გვაქვს, მაჟორიტარები დაგვეყენებინა შეთანხმებულად, ეს თურმე ანტიკონსტიტუციურია“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

მან ამასთან უპასუხა „ფედერალისტური“ პარტიის კრიტიკას საჩივრის განხილვის პროცესში მონაწილეობის გამო და აღნიშნა, რომ სამომავლო პოლიტიკური პროცესისთვის და იმის დემონსტრირებისთვის, რამდენად აბსურდულია ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ არსებული სარჩელი, ისინი მივიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოში.

„სამომავლო პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ინსტიტუციური ბრძოლები და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოში, როგორც ინსტიტუტში, ჩვენ მივედით იმისთვის, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ კარგად ნახოს თუ რაოდენ აბსურდულია ის ამბავი, რომ თენგიზ შარმანაშვილი გიორგი სიორიძეს ედავება „ნაცობას“. ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ელჩად დანიშნა სომხეთში და ვასილ როინიშვილი თორნიკე ართქმელაძეს ეუბნება იმას, რატომ არ გაემიჯნე როინ შავაძის საქმესო, როცა თვითონ ის პროკურორი იყო. ჩვენ ვხედავთ ამ დღეებში პირწმინდად წაგებულ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო სასამართლოში. ყოველ წამს აღტყინებულ გორდულაძეს სტკივა, რომ მან 35 წუთში ჩაატია 5 პარტიის აკრძალვის საკითხი, იმიტომ, რომ რეალურად არც ერთი არგუმენტი არ აქვს და ზოგადი ჭიქით სადღეგრძელო დალია და აქეთა მხრიდან დახვდა პუნქტობრივი განხილვა იმისა, რატომ არის ის გადაწყვეტილება არასწორი“,- განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

კითხვაზე: ემზადება თუ არა „ქართული ოცნება“ ვადამდელი არჩევნებისთვის, დარჩიამ უპასუხა, რომ მმართველ პარტიას ეს მიზანი რომ ჰქონოდა, იმ სოციალურ პროგრამებს არ გააუქმებდა, რომლებსაც „ხალხის მოსყიდვისთვის“ იყენებს.

„იმდენად ცოტა დროა დარჩენილი 2028 წლამდე, რომ, არ მგონია, „ქართულმა ოცნებამ“ ეს პროცესი დაიწყო, მით უმეტეს იმ სოციალური პოლიტიკით, რაც აქვს. მათ გააუქმეს 300-ლარიანი პროგრამა, ასეულობით სოციალურად დაუცველს მოუხსნეს სტატუსი, გააუქმეს სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამები და ისინი, რომ არჩევნებზე ფიქრობდნენ, ამას არ გააკეთებდნენ, იმიტომ, რომ ეს ერთგვარი მოსყიდვის ფორმა იყო მათი მხრიდან და არ იყო შეჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვა. ისინი ამას აკეთებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მოსყიდვის მეტი ბერკეტი ჰქონოდათ. არ ვფიქრობ, რომ ახლა შეიძლება იყოს საუბარი ვადამდელ არჩევნებზე“, - განაცხადა დარჩიამ.

ის კიდევ ერთ საკითხს გამოეხმაურა, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ისრაელის ელჩან შეხვედრას ეხება და როგორც აღნიშნა, ეს შეხვედრას აჩვენებს, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა.

„ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის, ირაკლი კობახიძეც ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრი თურმე ამ ქვეყნის პირველი პირი არ არის და ყველაფერს ამ ქვეყანაში წყვეტს ბიძინა ივანიშვილი. სამწუხარო ამბავია ის, რომ მათ შორის დიპლომატები ხვდებიან ადამიანს, რომელიც, ფაქტობრივად, არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. რაღაც მოგონილი თანამდებობა აქვს. საპატიო თავმჯდომარე არ არის არანაირი პოლიტიკური თანამდებობა, ეს მოუგონეს მას, რომ რაღაცნაირად ყოველთვის ხაზი გაუსვან მის სიდიადეს. ეს ნიშნავს იმას, რომ არაფორმალური მმართველობაა ჩვენს ქვეყანაში. დემოკრატიასთან ამას არანაირი საერთო არ აქვს და მათ შორის ის, რომ, როცა საქმე აქვს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს ამ ქვეყანაში, როცა კითხვები აქვთ პოლიტიკურ პროცესთან, ისინი ბიძინა ივანიშვილს ხვდებიან და არა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ დღეს საქართველო არანაირად არ არის ახლოს არც დემოკრატიასთან, არც საპარლამენტო რესპუბლიკასთან. ერთადერთი ამბავი არის ის, რომ ამ ქვეყანას ჰყავს არაფორმალური ავტორიტარული მმართველი ბიძინა ივანიშვილის სახით“, - განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 13:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ