ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

,,თოვლი და ტემპერატურის კლება“ – როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში

,,თოვლი და ტემპერატურის კლება“ – როგორი ამინდი გველოდება ნოემბერში
ფოტო: პრაიმტაიმი

ნოემბერი საქართველოში ცვალებადი ამინდით გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ თვის დასაწყისი შედარებით თბილი იყო, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატური პროგნოზების სამსახურის უფროსის, ხათუნა ქოქოსაძის განცხადებით, ნოემბერში ჰაერის საშუალო ტემპერატურა კლიმატური ნორმის ფარგლებში იქნება, თუმცა ნალექის რაოდენობა ნორმასთან შედარებით ოდნავ მეტი იქნება.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის საშუალო ტემპერატურა +12-დან +14 გრადუსამდე იქნება, მთიან რაიონებში +6-დან +9 გრადუსამდე, მაღალმთიან ზონაში კი +3-დან +5 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლსა და კახეთში საშუალო ტემპერატურა +9-დან +11 გრადუსამდეა მოსალოდნელი. მთიან რაიონებში +5-დან +7 გრადუსამდე, მაღალმთიან რეგიონებში კი +3-დან +5 გრადუსამდე.

ქოქოსაძის ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში შესაძლოა +5-დან +7 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +1-დან +3 გრადუსამდე ჩამოვიდეს.

ნოემბრის შუა რიცხვებიდან მთიან რაიონებში ტემპერატურის -4 გრადუსამდე დაკლებაც არის მოსალოდნელი.

რაც შეეხება ნალექს, კვირის ბოლოს თოვლი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მოვა.

მომდევნო კვირაში ამინდი შედარებით დასტაბილურდება, გამოიდარებს და ტემპერატურაც მცირედით მოიმატებს, თუმცა თვის დასაწყისისთვის დამახასიათებელი სითბო აღარ შენარჩუნდება.

Პ
წყარო პრაიმტაიმი · primetime.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 15:07. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ