თენგო კირთაძე - საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესებით „ოცნება“ აჩვენებს: „რაც არ უნდა იყვიროს ოპოზიციამ, მე მაქვს ძალა“ - უნდა გაუძლო ცდუნებას და არ მიიღო შოუში მონაწილეობა, ზოგიერთები ფიქრობენ რამდენიმე დღის „ნიუსზე“
ძალიან მწვავე და სამწუხარო დასკვნაა, თუმცა სრულიად მოსალოდნელიც, რადგან ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა.
ძალიან მწვავე და სამწუხარო დასკვნაა, თუმცა სრულიად მოსალოდნელიც, რადგან ბოლო პერიოდში არაფერი შეცვლილა. სამწუხაროდ, არც მომავალში შეიცვლება, სანამ ქართველი ხალხი ივანიშვილის რეჟიმს დემოკრატიული ალტერნატივით არ ჩაანაცვლებს - საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია და არანაირი პროცესი არ მიმდინარეობს,- ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, ბრიუსელი არ უტოვებს არანაირი ბუნდოვანების საშუალებას პროპაგანდას, რომ მმართველმა პარტიამ თავისი ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანოს, თითქოს „ბრიუსელთან ვითარება ლაგდება და საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ ემუქრება“.
„ვნახეთ ივანიშვილის სამარცხვინო პრემიერის ინტერვიუ „ევრონიუსთან“ სადაც, სამწუხაროდ, საუბარი მიდიოდა იმის შესახებ, რომ კობახიძესთან ევროპელ პარტნიორებს სურათის გადაღება არ უნდათ. „ქართული ოცნება და მისი წარმომადგენლები მთელ რიგ ხრიკებს იყენებენ, რომ შემთხვევით ფოტო გადაიღონ და შემდეგ საზოგადოებას აჩვენონ - „აი, ჩვენთან ისევ იღებენ ფოტოებს, ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში ვართ შესული და საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხე არ ემუქრება“. სინამდვილეში მოთხოვნა ძალიან მარტივია. ეს არ არის საქართველოსთვის რაიმე სპეციფიკური მოთხოვნა, ყველა კანდიდატმა ქვეყანამ გაიარა იდენტური პროცესი. და რას გვთხოვს ბრიუსელი? თავისთვის არაფერს, ეს საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვისაა არსებითი, რომ ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებულმა მოსამართლემ პირობითად, მისმა ბიძაშვილმა არ უნდა განსაჯოს ქვეყანაში მტყუანი და მართალი. მართლმსაჯულება არის ძალაუფლების ცალკე სვეტი და ის უნდა იყოს დამოუკიდებელი. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანით ჩვენ ევროპის კავშირში ვერ შევალთ. ევროპის კავშირში ვერ შეიყვანს თავის საზოგადოებას ის ძალა, რომელიც 20 წლის გოგოებსა და ბიჭებს პოლიციის ფურგონებში აწამებს, რომ პროტესტზე არ გამოვიდნენ. ევროპის კავშირში ვერ შეიყვანს ის ძალა საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც უბრალოდ ფუნდამენტურ უფლებებს არ აღიარებს. კორუფციას მაშინ ებრძვიან, როდესაც გუნდის შიგნით დაკვეთა იქნება, რომ ვიღაც გააფუჭონ. მანამდე კი, როდესაც ამ საკითხებზე ოპონენტები საუბრობენ, ეს პრობლემა არ არის. საქართველოში ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო იჭერენ, წარმოუდგენელი სითავხედეა, სადამდეც მიგვიყვანა რეჟიმმა. დღეს კიდევ იმაზე საუბრობენ, რომ რაღაც შანსი არსებობს. არა, არანაირი შანსი არ არის! მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმაც ეს უნდა გაიაზრონ. იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია უკეთესი ჯანდაცვა, უკეთესი მართლმსაჯულება, უკეთესი განათლების სისტემა, უზრუნველყოფილი გარემო და უკეთესი ეკოლოგია, ყველამ ერთად ეს ძალისხმევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა მივმართოთ“.
რაც შეეხება ფოტოების გადაღებას, ეს მართლა პროტოკოლური მოვლენაა, მაგრამ ბრიუსელსა და ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში უკვე ანეკდოტად იქცა ეს თემა. ანეკდოტივით დადის - მოგიახლოვდება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, რაღაცას შემოგძახებს, უცებ გაიცინებს და იქიდან ვიღაც ფოტოს იღებს. თვითონ დიპლომატები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამაზე იცინიან და მაგიტომ დაისვა ეს კითხვა [„ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე] კობახიძესთან დაკავშირებით. მათი ამოცანაა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. ვიღაცასთან ერთად გადაიღებენ ფოტოს და იტყვიან - „აი, საფრანგეთთან დალაგების გზაზე ვართო“. თორემ პროტოკოლურ ფოტოებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა გაგრძელება შეიძლება მოყვეს ევროკომისიის ანგარიშს 2027 წლის იანვრის შემდეგ, პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ფაქტორის გამო არ დგამს ისეთ ნაბიჯებს, როგორიც კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა. თუმცა მისივე თქმით, თუ ეს ვითარება შენარჩუნდება, კანდიდატის სტატუსსაც დავკარგავთ და უვიზო მიმოსვლასაც შეაჩერებენ.
„ქართველი ხალხის სურვილია, რომ ქვეყანა ევროპულ ოჯახში დაბრუნდეს, ამას კი ევროპის კავშირში ითვალისწინებენ. ამიტომ არის, რომ ისინი ფეხს ითრევენ ისეთი ღონისძიებებისგან, როგორიც მაგალითად კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა ან უვიზო მიმოსვლის გაუქმებაა. მაგრამ ესეც დროის საკითხია. შეუძლებელია ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი ინტერესი გაწიროს. დამოუკიდებელი სასამართლო ნიშნავს იმას, რომ ხალხს და ოპონენტებს ვერ ჩასვამ ციხეში, არჩევნებს ვერ გააყალბებ, კორუმპირებულ მოსამართლეებს ვერ დანიშნავ. მაშინ როგორ უნდა შეინარჩუნო ძალაუფლება? ამიტომ ურჩევნიათ თავისი ძალაუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ძალაუნებურად მივალთ იქამდეც, რომ კანდიდატის სტატუსს, რომელიც, ფაქტობრივად, მხოლოდ ფორმალურად არსებობს, ფორმალურადაც დავკარგავთ და უვიზო მიმოსვლასაც შეაჩერებენ“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ შეჩერებისთვის მთავარ ძალას ქართველი ხალხი წარმოადგენს.
„ქართველი ხალხის გადასაწყვეტია „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულება. ამიტომ ეს ძალა უნდა ვიპოვოთ ქვეყნის შიგნით. ჩვენი პარტნიორების მხრიდან რაიმე დახმარება თუ იქნება, რომ რეჟიმს ბუნდოვანების საშუალებას არ დაუტოვებენ, ეს მისასალმებელია, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში რაიმე ღონისძიებები გატარდება, რაც არსებითად შეცვლის სურათს, არავის არ უნდა ჰქონდეს. ცვლილებები დაიწყება საქართველოში ქართველი ხალხის მიერ, როდესაც ის იპოვის საკუთარ თავში ძალას, იბრძოლოს დემოკრატიული ალტერნატივისთვის. თუ ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც დღეს ველზე არსებობენ, უკეთესს ვერაფერს შესთავაზებენ, თუ ისინი არ არიან მზად პრინციპების ირგვლივ გაერთიანდნენ და დაიცვან წესები ამ ბრძოლაში, მაშინ ალტერნატივაც არ არის უკეთესი და რჩება „სტატუს კვო“. სწორედ ამაზე ვმუშაობთ, მათ შორის „ოპოზიციური ალიანსის“ ფარგლებში. „ფედერალისტებს“ არაერთხელ გვისაუბრია იმ კომპონენტებზე, რომლებიც აუცილებელია წინააღმდეგობის წარმატებისთვის. ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური სპექტრი გაჭედილია ალტერნატივის პერსპექტივაში. საზოგადოებას კი პოლიტიკური ალტერნატივა უნდა შესთავაზო. თუ ადამიანი უნდა შემოვიდეს წინააღმდეგობაში, მან პირადად ბევრი უნდა გაიღოს და დაუპირისპირდეს რეპრესიულ რეჟიმს, ამიტომ მას უნდა ჰქონდეს ხვალინდელი დღის იმედი. ეს იმედი უნდა გამომდინარეობდეს პოლიტიკური ალტერნატივიდან. თუ ვერ უხსნი და ვერ არწმუნებ ადამიანს, რომ მისი ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი, მაშინ ვერანაირი ცვლილება ვერ მოხდება“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებს, რომელიც 9 ნოემბრიდან კითხვა-პასუხის ფორმატით განახლდება, თენგო კირთაძე მიიჩნევს, რომ პარტიების აკრძალვა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს წინააღმდეგობაზე.
„სინამდვილეში, საქართველოს მოქალაქის უფლება იკრძალება, რომ ხელისუფლება შეცვალოს. პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი წარმომადგენლობით დემოკრატიაში მოქალაქეებისთვის, რომ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამ ინსტრუმენტს ართმევს რეჟიმი. თუმცა, სანამ ჩვენ პოლიტიკური პარტიებით რეჟიმის ჩანაცვლებამდე მივალთ, მანამდე უნდა შეიქმნას წინაპირობები. დღეს არსებული ფორმალური გზები ბუტაფორიაა, არჩევნები არ არის არჩევნები და ნების გამოხატვა შეუძლებელია. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ისეთი წინაპირობა, რომლის შედეგადაც პოლიტიკურ ძალებს ექნებათ გავლენა საკუთარი ხმების დაცვაზე. მაგალითად გვაქვს სერბეთი, სადაც ცვლილებები შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, როცა გამოიკვეთა ალტერნატივა. სწორედ ამ პროცესში ვართ გაჩერებული. ამ ალტერნატივის გამოკვეთის პროცესში ოფიციალური სტატუსი მექნება თუ გაუქმებული ვიქნები, მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
რაც შეეხება იმას, რომ „ფედერალისტები“ სასამართლოში მიმდინარე განხილვის პროცესში არ მონაწილეობენ, პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანია გაუძლო ცდუნებებს, რომ შექმნა ორდღიანი დღის წესრიგი საკუთარი „ბაბლისთვის“ ან ანალიტიკოსებისთვის, თავის მოსაწონებლად. პოლიტიკა არ არის ანალიტიკოსების შესახებ, პოლიტიკა არის ხალხის შესახებ. ივანიშვილმა შექმნა პროცესი, სადაც მისი მიზანია, რასაც არ უნდა აკეთებდეს ოპოზიციური სპექტრი, აჩვენოს საკუთარი ძალის დემონსტრირება და ამიტომ უშვებს ამ პროცესს უწყვეტად პირდაპირ ეთერში. ამით აჩვენებს ყველას - „რაც არ უნდა იყვირონ, მე ვარ აქ და მე მაქვს ძალა“. უნდა გქონდეს უნარი, გაუძლო ცდუნებას და არ მისცე სუსტ ფორმაში მყოფ ივანიშვილს ძალის დემონსტრირების საშუალება და არ მიიღო ამ შოუში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ზოგიერთები ფიქრობენ მხოლოდ რამდენიმე დღის „ნიუსზე“ და არ უნდათ მთავარ „ნიუსს“ გამოაკლდნენ, თორემ ოპონირება ჩვენც არ გვეშლება“, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
SAY.GE · კირთაძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე

