ხუთშაბათი, 5 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შალვა პაპუაშვილი - რუსეთთან რაღაცაზე საუბარს აზრი არ აქვს, ბრიუსელის მიმართ კი ხმამაღალი ვართ იმიტომ, რომ ევროკავშირში გვინდა ყოფნა და არ გვსურს, როცა მივალთ, იქ დაგვხვდეს საბჭოთა კავშირი

რა რიტორიკა უნდა გვქონდეს [რუსეთთან მიმართებით], დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი

შალვა პაპუაშვილი - რუსეთთან რაღაცაზე საუბარს აზრი არ აქვს, ბრიუსელის მიმართ კი ხმამაღალი ვართ იმიტომ, რომ ევროკავშირში გვინდა ყოფნა და არ გვსურს, როცა მივალთ, იქ დაგვხვდეს საბჭოთა კავშირი
ფოტო: ინტერპრესნიუსი

რა რიტორიკა უნდა გვქონდეს [რუსეთთან მიმართებით], დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული რუსეთის მხრიდან, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ აქვს ხელისუფლებას ოკუპანტი რუსეთის მიმართ ისეთივე რიტორიკა, როგორიც აქვს ევროკავშირის და ევროპელი ელჩების მიმართ.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, რუსეთთან „რაღაცაზე საუბარს აზრი არ აქვს“, სანამ ოკუპირებული ექნება საქართველოს ტერიტორიები. რაც შეეხება ევროკავშირს, პაპუაშვილის მტკიცებით, საითკენაც საქართველო მიისწრაფვის, იქ ცივილიზაციური უკუსვლაა და ამიტომაც არიან ხმამაღალი. მისი თქმით, არ უნდათ, რომ ევროკავშირში მისულებს საბჭოთა კავშირი დახვდეთ.

„საქმეც იმაშია, რომ როდესაც არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის ტერიტორიები, იქ გარკვეულია ყველაფერი. რა რიტორიკა უნდა გვქონდეს, დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს გაწყვეტილი და არანაირ დიპლომატიურ კომუნიკაციას არ ვაპირებთ, სანამ ჩვენი ტერიტორიები იქნება ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მათ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიები და მათთან გაწყვეტილი გვაქვს ყოველგვარი ურთიერთობა, დიპლომატიური ურთიერთობა და იქ რაღაცაზე საუბარს აზრი არ აქვს, სანამ რუსეთს ექნება საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას არ მოვისმენთ მათი მხრიდან, მაგრამ როდესაც აქეთ, მით უმეტეს ამ ცინიკური განცხადებებით, რომ საქართველოს ხელისუფლებას ემიჯნებიან და ქართველ ხალხზე რომ საუბრობენ - ტიპური კოლონიალისტური განცხადებაა, რომ ქართველ ხალხს ეხმარებიან და ქართველ ხალხს გვერდში უდგანან და ხელისუფლებას არა, ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალისტური სტილის განცხადება. როდესაც ის სივრცეში, საითკენაც ჩვენ ვისწრაფვით, ვხედავთ ასეთ ცივილიზაციურ უკუსვლას, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ხმამაღალი ვართ იმიტომ, რომ აქ გვინდა ჩვენ ყოფნა და ჩვენ თუ ევროკავშირში მივედით და იქ დაგვხვდა საბჭოთა კავშირი, ეს არ გვინდა, ამიტომ, დროზე არის საჭირო რეაგირებაც, განცხადებაც, მკაცრი განცხადებებიც. და ბოლოს, ჩვენ ვპასუხობთ - რამდენჯერაც არის ხოლმე საქართველოზე უსამართლო თავდასხმა, ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ, ჩვენი მხრიდან განცხადებების ინიცირება არ ხდება. ეს არის თავდასხმა მათი მხრიდან და ეს არის ჩვენი პასუხი. აბა, ახლა, რა გგონიათ, გამოვა ბატონი ჰერჩინსკი, როგორც გუშინ და დამრიგებლური ტონით გვესაუბრება, თითქოს ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყოთ და ის იყოს ცეკას მეორე მდივანი, მოსკოვიდან დანიშნული, რომელმაც აქ ნოტაციები უნდა გვიკითხოს და ჭკუა უნდა გვარიგოს. ამას არ მიიღებს არც ჩვენი ხალხი და არც ჩვენი დამოუკიდებლობის ღირსება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 05.11.2026, 13:38. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ