ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვინ არიან სტუდენტები, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ინიციატივის აღება მნიშვნელოვანია - Batumelebi

განათლების რეფორმა • გივი მიქანაძე • დაიცავი ილიაუნი •

ვინ არიან სტუდენტები, რომლებმაც ირწმუნეს, რომ ინიციატივის აღება მნიშვნელოვანია - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

#გივიმოდი – რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში ამ ჰეშთეგით არაერთი პოსტი დაიწერა.

კამპანია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა წამოიწყეს, 18 ნოემბერს დასრულდება. სწორედ 18 ნოემბერს, 17:00 საათზე ელიან უნივერსიტეტში გივი მიქანაძის.

უცნობია, მივა თუ არა „ოცნების“ განათლების მინისტრი უნივერსიტეტში, რომლის სასწავლო მიმართულებების 90%-ზე მეტი გააუქმა და შეხვდება თუ არა სტუდენტებს, რომლებიც უკვე თვეებია საკუთარი უნივერსიტეტის დასაცავად იბრძვიან.

„მე ყველას ვხვდები“ – უთხრა მან TV პირველის ჟურნალისტს, თუმცა იქამდე დასძინა – „ყველა ფორმატი ვნახეთ მათ ხელმძღვანელობასთან და ვერაფერი ვერ აქვთ სათქმელი“ [სტილი დაცულია].

მიქანაძე უნივერსიტეტში სტუდენტებმა მიიწვიეს – „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა, რომლებსაც სურთ პირადად მინისტრისგან მისმინონ განმარტებები განათლების რეფორმაზე, რომელიც, სტუდენტების შეფასებით, ზღუდავს უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას.

„ჩვენ არ გვჭირდება ზოგადი განმარტებები და წინასწარ მომზადებული პასუხები. ჩვენ გვჭირდება ღია დისკუსია, კონკრეტული არგუმენტები და ის, რომ სტუდენტების წინაშე აიღოთ მათთან კომუნიკაციის პასუხისმგებლობა. არ ვართ თანახმა შეხვედრის ფორმატის არც ერთ ცვლილებაზე და არ ვართ თანახმა სამთავრობო ტელევიზიებში მოსვლაზე. ეს ჩვენი დიალოგი უნდა იყოს.

თუ დარწმუნებული ხართ საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში, მოსვლა არ უნდა გიჭირდეთ და თავს არ უნდა არიდებდეთ სტუდენტებთან შეხვედრას, რომელთა მომავალსაც ეს გადაწყვეტილებები განსაზღვრავს“, – წერია განცხადებაში, რომელიც 2 ნოემბერს, „დაიცავი ილიაუნის“ სახელით მოძრაობის წევრმა, იოანე ქაფიანიძემ წაიკითხა.

უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ, განათლების სამინისტროში ოფიციალური განცხადებაც შეიტანა მიქანაძესთან შეხვედრის მოთხოვნით.

როდის და რატომ გადაწყვიტეს სტუდენტებმა ბრძოლა უნივერსიტეტისთვის – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მოძრაობის წევრებს ესაუბრა.

„ერთ საღამოს, სტუდენტები შევიკრიბეთ აუდიტორიაში და ვთქვით, რომ ყველა ჩვენი რესურსით შევეწინააღმდეგებოდით დეფორმას, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს უნივერსიტეტს“, – ასე დაიწყო ამბის მოყოლა ლადო ჯახუამ. ის ილიას უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე სწავლობს.

როგორც სტუდენტები ჰყვებიან, მოძრაობა 9 თვის წინ, 2026 წლის თებერვალში შეიქმნა.

12 თებერვალს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტა დაამტკიცა. იქამდე დაანონსებული „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის“ შესახებ რეფორმით აღმოჩნდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უქმდება თითქმის ყველა ფაკულტეტი და სასწავლო პროგრამა.

უნივერსიტეტს დარჩა მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამები და სპეციალური საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე რამდენიმე პროგრამა, რომლის გაუქმება სამინისტროს ფიზიკურად არ შეეძლო.

სწორედ 12 თებერვლიდან დაიწყო ილიაუნის სტუდენტების პროტესტი. დაახლოებით 2 კვირაში ის გარდაიქმნა მოძრაობად, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ახალგაზრდულ გაერთიანებად ჩამოყალიბდა.

ლიზი შანშაშვილი გვიყვება, რომ პირველი „ჩატი“ მესენჯერში, რომელშიც უნივერსიტეტის ბედით შეწუხებული სტუდენტები გაერთიანდნენ, სწორედ მან შექმნა.

„12 თებერვალს გამოქვეყნდა კვოტები და აღმოჩნდა, რომ ილიაუნის ფაკულტეტების 92% აქვს წართმეული. უცებ გავაკეთე მესენჯერ „ჩათი“ და ლინკები დავაგზავნე ილიაუნის ფეისბუქ-ჯგუფებში, რომ უნივერსიტეტის სტუდენტები დამატებულიყვნენ. 5-6 საათში უკვე ლიმიტი ამოიწურა – 250 ადამიანი დაემატა ჩატს და კიდევ იყვნენ მსურველები. ხალხს აშკარად ადარდებდა უნივერსიტეტის ბედი“, – იხსენებს ლიზი.

სტუდენტებმა პირველი აქცია 12 თებერვალსვე გამართეს – სტუდენტები და პროფესორები, მხარდამჭერებთან ერთად, მარშით გაემართნენ უნივერსიტეტიდან პარლამენტისკენ, სადაც მათ უწყვეტი პროევროპული აქციის 442-ე დღეს შეკრებილმა მოქალაქეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.

ილიაუნის დასაცავად გამართული პირველი აქცია, 2026 წლის 12 თებერვალი (ფოტოები: ნეტგაზეთი)

სტუდენტები პერიოდულად იკრიბებოდნენ და მსჯელობდნენ, როგორ დაეცვათ უნივერსიტეტი. ხვდებოდნენ, რომ არსებული გამოწვევებსა ორგანიზებული და თანმიმდევრული პასუხი სჭირდებოდა. ამიტომ, მორიგი შეხვედრის დროს გადაწყვიტეს შეექმნათ მოძრაობა, რომელსაც დაარქვეს ზუსტად ის, რაც იყო მათი მიზანი – „დაიცავი ილიაუნი“.

„ყოველ კვირა ვაწყობდით შეხვედრებს B201 აუდიტორიაში. თავიდან ვიყავით 30-მდე. მერე ვთქვით, მოდი, ყველამ მოვიყვანოთ ჩვენ-ჩვენი მეგობარი და შემდეგ შეხვედრაზე თითქმის 60 ადამიანი მოვიდა. კიდევ, კიდევ და ასე გავიზარდეთ.

21 თებერვლისთვის გადავწყვიტეთ, რომ შევქმნათ მოძრაობა. მოვიფიქრეთ სახელი, შევქმენით გვერდი, გავწერეთ ვინ ვართ, რას ვაკეთებთ და ა.შ. ჩამოვყალიბდით, რომ ჩვენი მიზანია, ილიაუნს ჰქონდეს აკადემიური თავისუფლება. ზოგადად, გვინდა, რომ აკადემიურ სივრცეში კრიტიკული აზრი ისმოდეს, რასაც ეწინააღმდეგება ეს რეფორმა. შესაბამისად, ჩვენი პირველი მიზანია ამ რეფორმის გაწვევა“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი.

აქცია ილიაუნის 20 წლის იუბილეზე, 2026 წლის 15 თებერვალი (ფოტოები: ნეტგაზეთი)

მოძრაობის შექმნის შემდეგ სტუდენტებმა არაერთი მარში, დემონსტრაცია, საქველმოქმედო თუ საინფორმაციო კამპანია დაგეგმეს და ჩაატარეს.

გვიყვებიან, რომ მკაფიოდ აქვთ გაწერილი მუშაობის სტრუქტურა. მოძრაობის 150-მდე წევრი გადანაწილებულია 4 ჯგუფში – პიარი, მობილიზაცია, კოორდინაცია და გარე კომუნიკაცია. გარდა ამისა, არსებობს საბჭო, რომელშიც თითოეული ჯგუფიდან 2-2 წევრი შედის – როტაციის პრინციპით ენაცვლებიან ერთმანეთს.

ამბობენ, რომ მათ მუშაობას ეფექტიანს როლების გადანაწილება ხდის.

აპრილში, ილიას უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც „დაიცავი ილიაუნიმ“ საკუთარი კანდიდატი, დავით მშვენიერაძე წარადგინა. მოძრაობის წევრები ზრუნავდნენ იმაზე, რომ არჩევნები ზედმიწევნით სამართლიანად ჩატარებულიყო. მას შემდეგ, რაც მოძრაობის მხარდაჭერლმა კანდიდატებმა თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვეს, მათი მუშაობაც უფრო ეფექტიანი გახდა.

„დაიცავი ილიაუნი“ პერიოდულად ატარებს პლენუმს, სადაც აჯამებენ წინა პლენუმის შემდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს და გეგმავენ სამომავლო აქტივობებს. ბოლო, მე-4 პლენუმი მათ რამდენიმე დღის წინ, 23 ოქტომბერს ჩაატარეს. სწორედ ამ პლენუმზე შეთანხმდნენ უნივერსიტეტში მინისტრის მოწვევის შესახებ.

„არ ვიცი, რამდენად არის გივი მიქანაძე ის ადამიანი, რომელიც მიიღეს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ველოდები მის მოსვლას და კითხვებზე პასუხის გაცემას. თუ ეს რეფორმა კარგია, მაშინ აგვიხსნას, პირადად გვითხრას და მოვუსმენთ. თუ არ მოვა, ჩემთვის ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ეს არ შეუძლია“, – ამბობს ლადო ჯახუა.

ლადო ჯახუა

ლუკა მიშველაძე, მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, თითქმის დარწმუნებულია, რომ მიქანაძე სტუდენტებს არ შეხვდება.

„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ მიქანაძე მოვა. აქამდეც არაერთი მოთხოვნა იყო პროფესორების მხრიდან, სტუდენტების მხრიდან – მოდით, დაგველაპარაკეთ, დისკუსია შედგეს. მაგრამ, პასუხი არავის მიუღია. „იმედზე“ მოაწყვეს ცირკი, რომელსაც დაარქვეს დებატები, სადაც არავის და არცერთ კითხვას არ უპასუხა.

რა არგუმენტით შეიძლება მოვიდეს მინისტრი ამ უნივერსიტეტში და აგვიხსნას, რატომ გააუქმეს ჩვენი მიმართულებების 92%?! რამეში წაადგება ეს ქვეყანას?! ანადგურებენ, ასუსტებენ უნივერსიტეტს, რომელიც არის ერთ-ერთი აქტიური აკადემიური სივრცე ამ ქვეყანაში.

 ძალიან ბევრ ადამიანი, თვითონ სტუდენტები, კიდევ ერთხელ დაინახავენ, რას ვაკეთებთ ჩვენ და რომ სწორია, ის რასაც ვაკეთებთ. რომ რეალურად, განათლების მინისტრად გვყავს კაცი, რომელიც ვერ ბედავს მივიდეს სტუდენტებთან და დაელაპარაკოს.

რომ მოვიდეს ძალიან ბევრი ჩვენი სტუდენტი, პროფესორები დასვამენ კითხვებს – თავს არავინ მოაჭამს, კითხვებს დავსვამთ, რომლებზეც, დარწმუნებული ვარ, პასუხს ვერ გაგვცემს“, – ამბობს მიშველაძე.

სტუდენტები გვიყვებიან, რომ ეს არ არის სამინისტროსთან კომუნიკაციის პირველი მცდელობა. „არ გვინდა დებატები რომელიმე ტელევიზიაში, არ გვინდა შოუ. ჩვენ გვინდა, რომ დაგვიჯდეს აუდიტორიაში, სადაც დავუსვამთ კითხვებს და ის გვიპასუხებს. კითხვები შეეხება ზოგადად, განათლების რეფორმას და კონკრეტულად, ილიას უნივერსიტეტის ბედს“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი.

„დაიცავი ილიაუნის“ წევრები 2026 წლის 2 ნოემბერს გივი მიქანაძეს უნივერსიტეტში იწვევენ (ფოტო: ნეტგაზეთი)

შექმნის დღიდან მოძრაობის აქტიური წევრია მარიამ იმნაიშვილი. ის გვიყვება, რამხელა გამოწვევა იყო პირველკურსელი სტუდენტისთვის საკუთარი უნივერსიტეტის დასაცავად ბრძოლის დაწყება.

„ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ მქონდა სტუდენტობა და უკვე აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ სივრცე, რომელსაც არ იცნობ, ხდება შენი დასაცავი. არ არის მარტივი თუნდაც რაღაც შეხვედრაზე მიხვიდე უცხო ადამიანებთან იმაზე სალაპარაკოდ, რაზეც წარმოდგენა არ გვაქვს. 

საბოლოოდ, რამაც მომცა მუხტი და შემდეგ უკვე მოძრაობის ჩამოყალიბებაშიც მივიღე მონაწილეობა, არის ის, რომ დავინახე – ცვლილების სურვილი ჰქონდათ სხვებსაც. როდესაც ბევრი ისეთი ადამიანი ხვდება ერთმანეთს, რომლებიც ფიქრობენ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეიძლება დიდი მიზნის მიღწევა, ეს მართლა გამოდის. ჩვენ მივხვდით, რომ შეგვიძლია ერთად მივაღწიოთ საერთო მიზანს“, – ამბობს მარიამი.

მარიამს ვკითხეთ, რა პრობლემა შეუქმნა ამ რეფორმამ პირადად მას, როგორც ილიას უნივერსიტეტის სტუდენტს. ამბობს, რომ რეფორმამ განათლებასთან დაკავშირებული მისი გეგმები შეცვალა – ვეღარ ახერხებს ბაკალავრის საფეხურზე მიიღოს ის ცოდნა, რომლის მოლოდინიც ილიაუნიში ჩაბარებისას ჰქონდა.

„ამ რეფორმამ იძულებულები გაგვხადა, შეგვეცვალა ჩვენი გეგმები – მოულოდნელად გადამიყვანეს სამწლიან სწავლებაზე. როდესაც მე ჩავაბარე, მქონდა კონკრეტული გეგმა, რომ უნდა მესწავლა ოთხი წელი. ამ გეგმაში შედიოდა მაინორის [დამატებითი სპეციალობა] აღება, რისი უფლებაც მე წამერთვა.

პირობა იყო, რომ ვინც უკვე სტუდენტია, იმათ არ შეეხებოდა რეფორმა. ესეც აღმოჩნდა ტყუილი: ვინც პირდაპირ 3-წლიანზე ჩააბარა, იმათ შედარებით უკეთესი სიტუაცია აქვთ – გამზადებულ პროგრამაზე ჩააბარეს. მაგრამ ჩვენ, ვინც 4-წლიანზე ჩავაბარეთ, მთელი წელი ვისწავლეთ 4-წლიანი სისტემით და მერე, უცებ, ერთ დღეში გადაკეთებული პროგრამით მოგვიწია სწავლის გაგრძელება. 

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის სტუდენტებს, გარდა ინგლისურისა, კიდევ ერთი ენა გვემატებოდა [ეს ვეღარ ხერხდება]. გამოვიდა, რომ ჩვენ 1-2 დონთ ნაკლები უნდა ვისწავლოთ, რადგან ერთი წელი ჩამოგვეჭრა. მთავარი კითხვა, რაც მაქვს არის ის, რატომ შეიცვალა ჩვენი გეგმები ვიღაცის ახირების გამო“, – ამბობს მარიამი.

ლუკა მიშველაძე

ლუკა მიშველაძე ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტისთვის განვითარების შესაძლებლობის წართმევა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა.

„ილიას უნივერსიტეტი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის, პროპაგანდის და „გაშავების“ უამრავი მცდელობის მიუხედავად, ახერხებდა იმას, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. გვინდა, რომ არ წაგვართვან ამ უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა არა მარტო მე, რომელიც 2 წელში დავასრულებ აქ სწავლას, არამედ იმ ადამიანებს, რომლებსაც უნდოდათ ამ უნივერსიტეტში ჩაბარება. ძალიან ბევრი ისეთი მოსწავლე ვიცი, ვისაც უნდოდა პოლიტიკის მეცნიერებაზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, ფსიქოლოგიაზე, იურიდიულზე ესწავლა ილიას უნივერსიტეტში, მაგრამ მათ ეს შესაძლებლობა წაართვეს.

ვიღაცას ჰგონია, რომ ეს მხოლოდ იმ 15 000 სტუდენტის პრობლემაა, რომლებიც აქ სწავლობენ, ან რექტორის და პროფესორის. ამ უნივერსიტეტმა აჩვენა, რომ მიუხედავად პრობლემებისა და გამოწვევებისა, შეუძლია იყოს ერთ-ერთი საუკეთესო. ამიტომ, მისი გაუქმება არის საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მიმართული“, – ამბობს ლუკა მიშველაძე.

სტუდენტი ფიქრობს, რომ განათლების რეფორმა კონკრეტულად მისი უნივერსიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ არის სამიზნე, რომ ამ უნივერსიტეტიდან გამოსულმა ბევრმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა ხმის ამოღება, გაბედა, ყოფილიყო პასუხისმგებლიანი მოქალაქე. ეს სტუდენტები ჩართულები არიან იმ პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც დღეს საქართველოში მიმდინარეობს, იქნება ეს 2-წლიანი უწყვეტი პროტესტი თუ სხვა.

ჩვენ ვნახეთ, რომ რეფორმის იდეა – „ერთი ფაკულტეტი ერთ უნივერსიტეტში“ არ მუშაობს. ასევე, ჩვენ ვნახეთ უნივერსიტეტები, სადაც კვოტები გაუგებრად გაზარდეს და წარმოდგენა არ აქვთ, როგორ შეიძლება ლოჯისტიკურად გამართონ ის, რომ თუ აქამდე უნივერსიტეტი იღებდა 1000 კაცს, როგორ მიიღოს ხვალ 2000. ვნახეთ, რომ ეს რეფორმა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგაა მიმართული“, – ამბობს ლუკა მიშველაძე.

  • „ილიას გზით განათლებისკენ“

„თუ ვიცავთ ილიაუნის, ვიცავთ განათლებასაც“ – ამბობს ლადო ჯახუა. „ილიას გზით განათლებისთვის“ – ამ სლოგანით სტუდენტებმა გასულ ზაფხულს 5 რეგიონი მოიარეს. ისინი აჭარაში, გურიაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 100-ზე მეტ ოჯახს ეწვივნენ და 250-მდე მეტ ბავშვს აჩუქეს სასკოლო ინვენტარი – წიგნები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები და ა.შ.

სოციალურად შეჭირვებული ოჯახების მხარდაჭერისა გარდა, ისინი ავრცელებდნენ იდეას განათლების მნიშვნელობის, განათლების ხელმისაწვდომობისა და განათლებისთვის ბრძოლის შესახებ.

მარიამ იმნაიშვილი (შავი მაისურით) მოძრაობის სხვა წევრებთან ერთად იმერეთში, კამპანიის დროს

„ერთ-ერთმა ბავშვმა ასეთი რაღაც გვითხრა – ჩემს ცხოვრებაში ასეთი ბედნიერ დღე არასდროს მქონია და თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც მე ეს ბედნიერება მაჩუქეთო. მშობლებს დავანახეთ, რომ ერთიანობას და მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, – იხსენებს ლადო ჯახუა.

ამ კამპანიის ჩასატარებლად ფინანსები მათ ე.წ. ქრაუდფანდინგით შეაგროვეს – სოციალურ ქსელში გაავრცელეს ანგარიშის ნომერი, სადაც მოქალაქეები მათ ფულს ურიცხავდნენ. გარდა ამისა, გვიყვებიან, რომ ადამიანები აწვდიდნენ ინვენტარსაც – წიგნებს, ჩანთებს. წიგნების ნაწილი სტუდენტებს უსასყიდლოდ გადასცეს გამომცემლობებმაც.

  • კამპანია დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად

სანამ „ილიას გზით განათლებისკენ“ სვლას დაიწყებდნენ, მოქალაქეთა მხარდაჭერით ფულის შეგროვების გამოცდილება მათ უკვე ჰქონდათ – მაისში მათ 2 000 000-ზე მეტი ლარი შეაგროვეს დიუშენის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად.

მაშინ, როცა იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ღამეებს ათევდნენ საკუთარი შვილებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის მოთხოვნით, სტუდენტებმა ფულის შეგროვება გადაწყვიტეს.

ფულის შესაგროვებლად მათ ფეისბუქ-ლაივი ჩართეს, სადაც საზოგადოებას ამ დაავადებას, მშობლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე ესაუბრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ „ლაივს“ არ გათიშავდნენ იქამდე, სანამ 100 000 ლარი არ აგროვდებოდა.

საბოლოოდ მათ პირდაპირ ეთერში სრული 100 საათი გაატარეს და 2 მილიონზე მეტი ლარი შეაგროვეს.

ლიზი შანშაშვილი

„ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ემოციური ოთხი დღე, სრული 100 საათი იყო. ეს იყო ისეთი რამე, რაზეც „ოცნებამაც“ კი ვერ გაგვაშავა“, – ამბობს ლიზი შანშაშვილი და გვიყვება იმ ემოციებზე, რომელიც სტუდენტებს ამ კამპანიის განმავლობაში ჰქონდათ:

„არ გვეძინა ეს 100 საათი. ერთმანეთს ძალით ვუშვებდით სახლში, რომ ცოტა მაინც დაგვესვენა, მაგრამ სახლიდანაც ლაივის ყურებაში გვითენდებოდა. თუ გვეძინა, გაღვიძებისთანავე ტელეფონს ვიღებდით და ვნახულობდით, რას აკეთებდნენ ჩვენი მეგობრები ლაივში.

ამ 4 დღის განმავლობაში მეტროში არ ჩავსულვარ, იქ ინტერნეტი არ იჭერს და არ მინდოდა ლაივი გამეთიშა. ფეხით დავდიოდი. მართალია, საბოლოოდ 2 მილიონზე მეტი შევაგროვეთ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი მაინც 100 000 ლარის შეგროვება იყო – ეს იყო ჩვენი მიზანი.

ერთხელაც, გავიღვიძე და ვნახე, ლაივში ამბობენ, 80 000-ია უკვეო. ვგრძნობდი, რომ მალე 100-ზე ავიდოდით – ისეთი მუხტი იყო, ძალიან სწრაფ-სწრაფად ირიცხებოდა თანხები. ლარი, ორი ლარიც კი ირიცხებოდა. ტაქსი გამოვიძახე, „საუბარში“ მივდიოდი, ბარში, სადაც ლაივი ჰქონდათ ჩართული.

კანცელარიასთან ვიყავი, როცა მძღოლმა მითხრა, 26 მაისისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო გადაკეტილია გზა და ვეღარ მიმყავხარ ასათიანზეო. იქვე ჩამოვედი და კანცელარიის კიბეზე ავდიოდი, როცა ყურსასმენში გავიგე ყვირილის ხმა – აგროვდა 100 000. ეგრევე მივვარდი და მშობლებს ვახარე. მე მინდოდა ვყოფილიყავი პირველი, ვინც ეტყოდა ამ ამბავს.მალე უკვე 115 000 იყო. ძალიან სწრაფად იმატებდა თანხა“, – იხსენებს ლიზი.

მარიამ იმნაიშვილი ამბობს, რომ დიუშენის მქონე ბავშვების მხარდამჭერი კამპანია მათთვისაც იყო გაკვეთილი, რომ ერთიანობით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

„100 000-ის შეგროვებაც კი ურთულესი მიზანი იყო ჩვენთვის – ვინ ჩაურიცხავს ფულს სტუდენტს?! ნდობის ფაქტორი თითქოს საერთოდ არ უნდა ყოფილიყო ჩვენდამი – ადამიანები არ გვიცნობენ. მაგრამ, სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი დადო.

ხალხიც გამოგვყვა. ეს იყო ერთ-ერთი დიდი გაკვეთილი ჩვენთვის, რომ ინიციატივის აღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხი ელოდება ინიციატივას, ელოდება, რომ ვიღაც რაღაცაზე აიღებს პასუხისმგებლობას. ყველას გვინდა, რაღაც უკეთესი, მაგრამ ველოდებით ერთმანეთს“, – ამბობს მარიამი.

მოძრაობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გულგრილად არ უყურებენ და სჯერათ, რომ მათ ხმას, მათ აზრსა და მათ ქმედებას მნიშვნელობა აქვს. „ბათუმელებთან“ საუბრისას სტუდენტები ამბობენ, რომ არ აპირებენ გაჩერებას.

__

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: თამთა კახაბერიძე · გამოქვეყნდა 04.11.2026, 20:25. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ