თეონა აქუბარდია - ევროკომისიის ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის კარი კვლავ ღიაა - ერთადერთი, ვინც კარს ხურავს, ბიძინა ივანიშვილია
აშშ-ში ცვლილებები მნიშვნელოვანი გავლენის მომტანი იქნება უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და ასევე, მეტი შესაძლებლობები
04.11.2026 / 21:02
თეონა აქუბარდია - ევროკომისიის ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის კარი კვლავ ღიაა - ერთადერთი, ვინც კარს ხურავს, ბიძინა ივანიშვილია
აშშ-ში ცვლილებები მნიშვნელოვანი გავლენის მომტანი იქნება უკრაინის მხარდაჭერის კუთხით და ასევე, მეტი შესაძლებლობები ჩნდება საქართველოსთან მიმართებაშიც იმ რეგისტრირებულ ინიციატივაზე[მეგობარი აქტი], რომელიც კონგრესშია და ჯერ სენატში არა, - ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თეონა აქუბარდია აშშ-ს სენატსა და კონგრესში შუალედურ არჩევნებში „დემოკრატების“ მიერ უმრავლესობის მოპოვებას.
თეონა აქუბარდიას განცხადებით, მარცხში, რაც "რესპუბლიკურმა პარტიამ" იწვნია, დიდი წვლილი რუსეთთან დიზელის შესახებ გარიგებამაც შეიტანა.
„გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ მინიმუმ, ორპარტიულად მუშაობას უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია მათ შორის საქართველოსთვისაც.
ყველა ის აქტი, რომელიც ჯერ კიდევ რეგისტრირებულია კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით იყო. ვფიქრობ, ამ კუთხით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება მიუხედავად იმისა, რომ არც პრეზიდენტ ტრამპს მოუხსნია სანქცია ბატონ ივანიშვილზე“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიამ ევროკომისიის ანგარიშზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ „ქართველი ხალხისთვის კარი კვლავ ღიაა“.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა კაია კალასმა, რომ საქართველო გაფართოების დღის წესრიგიდან არ არის გასული, გაფართოების დღის წესრიგი არის გაწევრიანების დღის წესრიგი.
წლევანდელ ანგარიშს თუ შევადარებთ შარშანდელ ანგარიშს. მარტა კოსი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოში ვითარება კიდევ უფრო გაუარესებულია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ ქართველი ხალხისთვის კარი კვლავ ღიაა და მე ვფიქრობ, ეს დამსახურებაა იმ უწყვეტი პროტესტის, რომელიც 700 დღეზე მეტია გრძელდება. მთავარი არის ის, რომ კარს არ გვიხურავს ევროკავშირი. ერთადერთი, ვინც ამ კარს ხურავს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
SAY.GE · აქუბარდია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

