ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო. ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის…

ჰერჩინსკი: დიალოგი შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა
ფოტო: ნეტგაზეთი

04.11.202604.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ნდობისა და დიალოგის აღსადგენად, რომელსაც ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ითხოვდა, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტა და უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებაა საჭირო.

ჰერჩისნკის თქმით, დიალოგი ევროკავშირის დნმ-ის ნაწილია, თუმცა ის შინაარსისგან „ქართულმა ოცნებამ“ დაცალა.

„თუ ჩემს უკან გაიხედავთ, დაინახავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების 27 დროშას. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და მივდივართ კომპრომისზე, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს. ამიტომ, გუშინ ბატონ ირაკლი კობახიძის მოსმენისას Euronews-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ვიგრძენი, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ ის ახსენებდა დიალოგს, დიალოგს და დიალოგს.

როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყველანი დიალოგის მომხრე ვართ. პრობლემა ის არის, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, მმართველმა პარტიამ საქართველოში ეს დიალოგი ყოველგვარი შინაარსისგან დაცალა, დემოკრატიული უკუსვლით, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლით, პოლიტიკური ოპოზიციის აკრძალვის მუქარით, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლით, ევროკავშირზე ყოველდღიური თავდასხმებითა და ცილისმწამებლური კამპანიით. რაზე ელით, რომ ისაუბრებს ევროკავშირი?! მოელით, რომ ევროპული ინსტიტუტების სერიოზული წარმომადგენლები განიხილავენ ე.წ. „დიფ სტეიტის“ განმარტებას?! ელით, რომ ჩვენ ჩავერთვებით დიალოგში „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ? მოელით, რომ განვიხილავთ განსხვავებებს ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის?! ეს ცილისმწამებლური კამპანია უნდა შეწყდეს, რათა დიალოგი განახლდეს“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ დღეს, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე უპასუხა, სამთავრობო „იმედის“ კითხვას იმის შესახებ, როცა „უსამართლოდ დაკავებულების გათავისუფლებას“ ითხოვს ანგარიში, ვის ეხება ეს და ხომ არ უჭერს ევროკავშირი მხარს ძალადობას.

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ დეტალებში ვერ შევა, თუმცა სხვადასხვა ადამიანის უფლებათა ორგანიზაციებმა სხვადასხვა სიები წარადგინა და გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოს მისაღებია, მაგრამ ევროკავშირის სურვილია, ადამიანები, რომლებსაც უსამართლოდ არაპროპორციული სასჯელი მიესაჯათ, რაც შეიძლება მალე გათავისუფლდნენ.

„ევროკავშირი არ უჭერს მხარს ძალადობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ვანდალიზმს არც საქართველოში და არც სადმე. საწინააღმდეგო ბრალდებები ცილისწამების კამპანიის ნაწილია და ეს სიტუაცია, რომელშიც ვართ საქართველოს გაწევრიანების დე ფაქტო შეჩერებით, ამ ცილისმწამებლური კამპანიის ბრალიცაა. ჩემი მოწოდება ქართველ პოლიტიკოსებს ეხება, მაგრამ ასევე — ქართველ ჟურნალისტებსაც, რომლებსაც ასევე აკისრიათ პასუხისმგებლობა: ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და თქვა, რომ  ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელმაც ბარიერი გადალახა, მათ შორის, ვინც პარლამენტში შევიდა, უპრეცედენტოა ევროპული საბჭოს ისტორიაში.

ამ თემაზე:

ევროპული კომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატებს ვთავაზობთ – კობახიძე

რა წერია საქართველოს შესახებ გაფართოების კრიტიკულ ანგარიშში

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 04.11.2026, 21:05. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ