ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„თვე-ნახევარია ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის, მერიამ ტრანსპორტი მოუხსნა“ - შშმ პირის დედა - Batumelebi

განათლება • სკოლა • შშმ პირთა უფლებები •

„თვე-ნახევარია ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის, მერიამ ტრანსპორტი მოუხსნა“ - შშმ პირის დედა - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

დათა ფარცხალაძე, რომელსაც შშმ პირის სტატუსი აქვს, თვე-ნახევარია სკოლაში არ წასულა, რადგან როგორც დათას დედა, მარი კორკოტაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, მის შვილს თბილისის მერიამ ტრანსპორტის მომსახურება გაუუქმა.

დათა, სამი წლის განმავლობაში სარგებლობდა შშმ მოსწავლეთა ინდივიდუალური ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო პროგრამით, წელს კი მერიამ ამ მომსახურებაზე დათას უარი უთხრა.

„ჩემი შვილი აუტისტია, 18 წელი შეუსრულდა, მაგრამ ჯერ მე-12 კლასშია. სამი წელი სარგებლობდა სატრანსპორტო მომსახურებით, რადგან ჩვენ სკოლიდან ძალიან შორს ვცხოვრობთ. წელს კი, ტრანსპორტირებაზე უარი უთხრეს. თბილისის მერიას განცხადებითაც მივმართე, მაგრამ მაინც უარი მივიღეთ.

დავწერე ადმინისტრაციული საჩივარი კალაძის სახელზე, გაიმართა ზეპირი მოსმენაც, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. დრო გადის, ჩემი შვილი სკოლაში ვერ დადის.

თუ არ დააკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნას, მივმართავთ სასამართლოს, რადგან ჩემი შვილის განათლების უფლება ირღვევა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

დედის თქმით, თბილისის მერია, უარის მიზეზად თბილისის მუნიციპალური განვითარების სააგენტოს უფროსის ბრძანებას ასახელებს, სადაც ნათქვამია, რომ შშმ მოსწავლეს ტრანსპორტი იმ შემთხვევაში მოემსახურება, თუ სკოლა სახლიდან დაშორებულია 1 კმ-ით და სკოლაში უნდა ფუნქციონირებდეს ინტეგრირებული კლასი.

„იმ სკოლაში, რომელსაც მერია გვითითებს, რომ არის ჩვენს საცხოვრებელთან ახლოს და ინტეგრირებულ კლასში არის ერთი ადგილი, ჩემი შვილი ვერ ივლის, რადგან პირველი კლასიდან მოყოლებული დათა მუხიანიდან დამყავდა ვაკეში, მიხეილ გრუშევსკის 41-ე საჯარო სკოლაში. აუტიზმის ცენტრი ამ სკოლასთან ახლოს არის და ამ პრინციპით შევარჩიეთ სკოლაც.

დათა ამ გარემოს მიჩვეული, რადგან პირველი კლასიდან აქ სწავლობს და ყველამ ვიცით, რომ აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის გარემოს შეცვლა საზიანოა“, – ამბობს მარი კორკოტაძე.

იმავე ბრძანებაში, რომელსაც თბილისის მერია უარის საფუძვლად მოიშველიებს, ასევე ნათქვამია, რომ მოსწავლის მდგომარეობა ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს.

„წარდგენილი მაქვს ჩემი შვილის ფორმა 100-ი და ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ამიტომ დათას საკითხიც ინდივიდუალურად უნდა განიხილონ. უკვე დამამთავრებელ კლასშია ჩემი შვილი და ახლა უნდათ, რომ სხვა სკოლაში გადავიყვანო? ეს ჩემი შვილისთვის საზიანოა.

დათა ინტეგრირებულ კლასში არ არის, სეგრეგირებული კლასია, სადაც სხვადასხვა ასაკის შშმ ბავშვები სწავლობენ და ჩემი შვილი 11 წელია ამ კლასში სწავლობს. ახლა, მისთვის გარემოს შეცვლა დაუშვებელია“, – გვეუბნება დედა.

მისი თქმით, შვილი ძალიან შორი მანძილიდან დაჰყავს ამ სკოლაში. ტაქსით რომ იმგზავროს, დღეში 60 ლარი დასჭირდებათ, მუნიციპალური ტრანსპორტით რომ ისარგებლოს, სულ ცოტა, სამჯერ მაინც უნდა გამოიცვალონ ტრანსპორტი სკოლაში მისვლამდე, რაც ცუდად აისახება მისი შვილის ფსიქიკაზე.

„აუტიზმთან ერთად დათას აქვს კომპლექსური აშლილობაც, ამიტომ მუნიციპალური ტრანსპორტით მისი მგზავრობა რთულია. სწორედ ამიტომ სჭირდება მას ტრანსპორტით მომსახურება, მაგრამ პასუხს არ გვაძლევენ.

თვეზე მეტია დათა სკოლაში არ წასულა, ასე თუ გაგრძელდა, ჩამორჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მერიამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რადგან ჩემს შვილს აქვს განათლების უფლება“, – გვეუბნება მარი კორკოტაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა თბილისის მერიას და ჰკითხა, რატომ არ განიხილა მერიამ დათა ფარცხალაძის საკითხი ინდივიდუალურად და ხომ არ აპირებს, აწი მაინც რომ განიხილოს და ირღვევა თუ არა დათა ფარცხალაძის განათლების უფლება ამით? – თბილისის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან და შეეცდებიან, ოფიციალური კომენტარიც გააკეთონ.

თუმცა ამ დრომდე, მერიას ჩვენი კითხვებისთვის არ უპასუხია.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ლელა დუმბაძე · გამოქვეყნდა 04.11.2026, 19:35. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ