British Airways მზიან ქვეყნებში მოგზაურობას გუბეების ანარეკლებით გვთავაზობს | Marketer
ბრიტანეთში მოღრუბლული ცა, სიცივე და ადრე ჩამოწოლილი სიბნელე ბევრს თბილ ქვეყნებში დასვენებაზე აფიქრებს. British Airways-ისთვის ეს ნაცნობი სეზონური ტენდენციაა:
ბრიტანეთში მოღრუბლული ცა, სიცივე და ადრე ჩამოწოლილი სიბნელე ბევრს თბილ ქვეყნებში დასვენებაზე აფიქრებს. British Airways-ისთვის ეს ნაცნობი სეზონური ტენდენციაა: წელიწადის ამ დროს მზიანი მიმართულებების ძიება და ჯავშნები იმატებს. ავიაკომპანიის ახალი გარე სარეკლამო კამპანია სწორედ ამ განწყობას ეხმიანება.
Uncommon-ის მიერ შექმნილი „Puddles“ ბრიტანულ წვიმიან ამინდს მოგზაურობის სურვილს გუბეებში დანახული სცენებით უკავშირებს. ფოტოსერიაში ყოველდღიური ცხოვრება წყლის ანარეკლიდან ჩანს. თითოეულ გამოსახულებაში, წვიმიან ცაზე, თვითმფრინავიც ხვდება, რომელსაც მგზავრები შესაძლოა სწორედ მზისკენ მიჰყავდეს.

ამ კავშირს ყველა ფოტოზე ერთი ფრაზა აძლიერებს: „It’s always sunny somewhere“, ანუ „სადღაც ყოველთვის მზიანი ამინდია“. ნაცნობი ქუჩის სცენა ამ სიტყვების ფონზე სხვა მნიშვნელობას იძენს. იქ, სადაც მაყურებელი ჩვეულებრივ ცუდი ამინდის კვალს ხედავს, რეკლამა გამგზავრების შესაძლებლობას ახსენებს.
კამპანია წვიმიან ბრიტანეთს სასოწარკვეთილ ან უსიამოვნო ადგილად არ წარმოაჩენს. ფოტოებში ყოველდღიურობის სილამაზე და ერთგვარი რომანტიკაა, რომელიც ლოურის ნახატების განწყობას ეხმიანება. ამიტომ მზიან ქვეყანაში დასვენების სურვილიც ბუნებრივად ჩნდება, ნაცნობ გარემოსა და შესაძლო მოგზაურობას შორის.

ფოტოსერია Making Pictures-ის ფოტოგრაფმა დენიელ ბენსონმა რეპორტაჟული მიდგომით გადაიღო. წინასწარ გაწერილი სცენების ნაცვლად, მან ყოველდღიური ცხოვრების მომენტები დააფიქსირა. ეს არჩევანი კამპანიის იდეას კარგად ერგება: წვიმა და გუბეები ზუსტად ის გარემოა, რომელსაც ბრიტანელი მაყურებელი სეზონის ამ მონაკვეთში თავადაც ყოველდღე ხედავს.


SAY.GE · გუბეები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


