ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ევროკომისია: საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ევროკომისია: საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა
ფოტო: პუბლიკა

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ ვიზების შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან თითქმის არც ერთი არ შეასრულა. კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკან დაიხია მმართველობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელოვან კრიტერიუმებში, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველია.

ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, სადაც ცალკეა შეფასებული საქართველოს სავიზო პოლიტიკა, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხი და მიგრაციის მართვა, საქართველოს სავიზო პოლიტიკა კვლავ მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის წესებისგან.

კერძოდ, საქართველოს უვიზო ქვეყნების სიაში 26 ქვეყანაა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. ევროკომისიის განცხადებით, ამ მიმართულებით ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი დაახლოების მიზნით ნაბიჯები არ გადადგმულა.

გარდა ამისა, საქართველო 17 ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლის უფლებას სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს წევრი ექვსი ქვეყნის: არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, საუდის არაბეთის, კატარის, ქუვეითისა და ომანის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე აძლევს. ამ 17 ქვეყნის მოქალაქეებს ვიზა სჭირდებათ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში შესასვლელად.

ევროკომისიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 15 130-მა მოქალაქემ მოითხოვა. საქართველო იმ უვიზო ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებიც ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით ყველაზე ხშირად მიმართავენ.

ამავე პერიოდში ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში საქართველოს 10 445 მოქალაქე დააბრუნეს. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 12 095 იყო. ევროკავშირიდან საკუთარი მოქალაქეების დაბრუნების რაოდენობით საქართველო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზე აღმოჩნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს (Frontex) მიერ ორგანიზებულ დაბრუნების 27 ოპერაციაში მონაწილეობდა.

ევროკომისია საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის საფუძვლად არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებს – ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან 2026 წლის 11 ივნისს გამართულ სავიზო დიალოგს პროგრესი არ მოჰყოლია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომისიის შეშფოთებას იწვევს და უვიზო რეჟიმის შეჩერების საფუძველი გახდა. ევროკომისია წერს, რომ 2026 წლის ივნისში გაძლიერებული დიალოგის მიზანი მიზანიც იმ გარემოებების გამოსწორება იყო, რომლებმაც უვიზო მიმოსვლის შეჩერება განაპირობა.

უვიზო მიმოსვლის შეჩერება ამ ეტაპზე საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ეხება და ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში ვრცელდება. მექანიზმი 2026 წლის 6 მარტს, თავდაპირველად 12 თვის ვადით ამოქმედდა. ევროკომისია მიუთითებს, რომ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ვინაიდან საქართველო „მიზანმიმართულად და რეგულარულად არღვევდა“ ვალდებულებებს.

ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, შეასრულოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები, გაითვალისწინოს ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე და მერვე ანგარიშებში მოცემული რეკომენდაციები და მოაგვაროს ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალურად ყოფნისა და თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნების საკითხები.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 04.11.2026, 17:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ