„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია“ — გაფართოების ანგარიში
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
„საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ხოლო ევროკომისიის შეფასება, რომ საქართველო მხოლოდ სახელწოდებით არის კანდიდატი ქვეყანა, კვლავ ძალაშია“, – ეს ევროკომისიის გაფართოების 2026 წლის ანგარიშში წერია.
ანგარიში დღეს, 4 ნოემბერს გამოქვეყნდა. მას ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ევროპარლამენტში წარადგენს. დოკუმენტში შეფასებულია გასული წლის განმავლობაში გაფართოების პარტნიორი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი და განსაზღვრულია სამომავლო რეფორმების პრიორიტეტები.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „საქართველო კვლავ ვერ ასრულებს ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაში განსაზღვრულ ცხრა ნაბიჯს, რადგან მმართველი პარტია აგრძელებს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცის ხელყოფას, ამავდროულად კი ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას“.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა იმ პირობით, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაეტარებინა. ამისთვის ევროკომისიამ 9 ნაბიჯი შეიმუშავა, რაც მოიცავდა რეფორმების გატარებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების სფეროებში.
ევროკომისია ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრების გზის გასაგრძელებლად საქართველოს ხელისუფლებამ კურსი სასწრაფოდ უნდა შეცვალოს.
„თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს არ შეცვლის და ევროკავშირში გაწევრების საფუძვლად არსებული ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულებას არ აღადგენს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრებამდე მოსამზადებელი პროცესის უპირატესობებით.
საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის მრავალწლიანი მხარდაჭერა ურყევი რჩება, ისევე როგორც საქართველოს ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა“, – წერს ევროკომისია 2026 წლის ანგარიშში.
2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ სახელით განაცხადა, რომ საქართველო წყვეტს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების პროცესს. მის ამ განცხადებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლებამ ძალადობით უპასუხა.
უკრაინა და მოლდოვა
დოკუმენტის თანახმად, წლევანდელი პაკეტი აჩვენებს, რომ რეფორმების თანმიმდევრულ ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით კონკრეტული პროგრესი მოაქვს. „ამის მაგალითებია მონტენეგრო, ალბანეთი, მოლდოვა და უკრაინა. ოთხივე ქვეყანამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში წინსვლას მიაღწია: მოლაპარაკებების ჯგუფები გაიხსნა, ხოლო თავები უპრეცედენტო ტემპით დაიხურა დროებით“.
დღეს ევროკომისია ევროკავშირში გაწევრების გზაზე ოთხი მოწინავე ქვეყნისთვის საორიენტაციო საგზაო რუკებსაც წარადგენს, რომლებშიც მომავალი წლის კონკრეტული მიზნებია განსაზღვრული.
ევროკომისია მოლდოვისა და უკრაინის შესახებ წერს, რომ ორივე ქვეყანამ უნდა შეინარჩნოს რეფორმების არსებული ტემპი, რათა შესაძლებელი გახდეს ამბიციური, მაგრამ მიღწევადი მიზნის განხორციელება – გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დასრულება 2028 წლის დასაწყისისთვის.
ევროკომისია წერს, რომ მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე სტაბილურ პროგრესს განაგრძობს. გასული წლის განმავლობაში ქვეყანამ მოლაპარაკებების ოთხი ჯგუფი გახსნა, ამასთან – ყველა დარჩენილი მოლაპარაკებების ჯგუფის გასახსნელად საჭირო პირობები დააკმაყოფილა.
ანგარიშის თანახმად, მოლდოვამ ევროკავშირის კანონმდებლობასთან საკუთარი კანონმდებლობის დაახლოება ყველა მიმართულებით გაააქტიურა და კანონის უზენაესობის სფეროში საკვანძო რეფორმების განხორციელებაში დამატებით პროგრესს მიაღწია. ამასთან, ქვეყანამ ასევე მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ჯგუფის ფარგლებში განსაზღვრული შუალედური კრიტერიუმების შესრულების მიმართულებით.
რაც შეეხება უკრაინას – ევროკომისია მიუთითებს, რომ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირში გაწევრების გზის ერთგული რჩება. გასული წლის განმავლობაში ქვეყანამ ოთხი მოლაპარაკებების ჯგუფი გახსნა.
ევროკომისიის შეფასებით, უკრაინამ ყველა დარჩენილი მოლაპარაკებების ჯგუფის გასახსნელად საჭირო პირობები დააკმაყოფილა.
„უკრაინა საკვანძო სექტორული რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციური ჩარჩო კვლავ ეფექტიანია, ხოლო სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები, მთლიანობაში, დამოუკიდებლად და ეფექტიანად აგრძელებენ მუშაობას.
ახლა ყურადღება უნდა გამახვილდეს კანონის უზენაესობის სფეროში შუალედური კრიტერიუმების შესრულებაზე, ასევე შემდეგი საგზაო რუკებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელებაზე: კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება და საჯარო მმართველობის რეფორმა. ასევე აუცილებელია ეროვნული უმცირესობების შესახებ სამოქმედო გეგმის შესრულება“, – წერია ანგარიშში.
საგზაო რუკები მოწინავე ქვეყნებისთვის
მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინის მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, ევროკომისიამ ოთხი ქვეყნისთვის საორიენტაციო საგზაო რუკები წარადგინა, რომლებშიც მომავალი წლის კონკრეტული ეტაპები და მიზნებია განსაზღვრული.
ევროკომისიის განმარტებით, საგზაო რუკები ხელს შეუწყობს გაწევრიანების მომდევნო ეტაპების უფრო სტრუქტურირებულად და გამჭვირვალედ დაგეგმვას. ისინი მხარს დაუჭერს როგორც კანდიდატი ქვეყნების, ისე ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი სახელმწიფოების მუშაობას.
კომისიას შეუძლია საგზაო რუკების კორექტირება საჭირო პირობების შესრულებაში მიღწეული პროგრესის შესაბამისად და მათ რეგულარულად განაახლებს. ევროკომისია მზად არის, მსგავსი საგზაო რუკები სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვისაც წარადგინოს, როგორც კი ისინი გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებში წინსვლისა და ჩართულობის მსგავს დონეს მიაღწევენ.
გარდა ამისა, ევროკომისიამ ეტაპობრივი ინტეგრაციის საერთო ჩარჩოც წარადგინა, რომელიც გაფართოების პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირში გაწევრიანებამდე სტრატეგიულ სექტორებში, მათ შორის ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ციფრული ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სფეროებში, ინტეგრაციის გაღრმავების შესაძლებლობას მისცემს.
მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ევროკომისია გაფართოების პარტნიორ ქვეყნებთან ეტაპობრივი ინტეგრაციის შესახებ დიალოგს დაიწყებს, რათა შეაფასოს არსებული ღონისძიებები და მათი დაფინანსება, ასევე თითოეული ქვეყნისთვის დამატებითი შესაძლებლობები გამოავლინოს.
ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაციები ახლა ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს და გაფართოების პროცესის შემდგომ ეტაპებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღოს.
SAY.GE · შეჩერებულია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

