თუ სკოლა AI-ს სრულად აკრძალავს, Google მათ საძიებო სისტემაზე წვდომასაც შეუზღუდავს | Marketer
Google სკოლებს ახალ პირობებს უწესებს: თუ სასწავლო დაწესებულება მოსწავლეებისთვის კომპანიის AI-ინსტრუმენტების გამოყენებას არ დაუშვებს, შესაძლოა, მათ Google
Google სკოლებს ახალ პირობებს უწესებს: თუ სასწავლო დაწესებულება მოსწავლეებისთვის კომპანიის AI-ინსტრუმენტების გამოყენებას არ დაუშვებს, შესაძლოა, მათ Google Search-ზეც დაკარგონ წვდომა. ცვლილება იმ სკოლებს ეხება, რომლებიც Google-ის სერვისებს მოსწავლეთა ანგარიშებისთვის იყენებენ.
ახალი წესის მიხედვით, Google-ის პროდუქტები: Gemini, Gemini Notebook, Gemini in Classroom და Google Search, მოსწავლეთა ანგარიშებზე გამორთული იქნება. მათი გააქტიურება სკოლის ადმინისტრაციებს მოუწევთ. ამასთან, თითოეული სერვისის ჩართვა ცალ-ცალკე იქნება შესაძლებელი. მაგალითად, სკოლას შეუძლია Gemini-ს სხვა ინსტრუმენტები გამორთული დატოვოს და მხოლოდ Google Search გაააქტიუროს.
თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვაა: სკოლები ვერ შეძლებენ Google Search-ის ისეთი ვერსიის გამოყენებას, რომელშიც გენერაციული AI-ს ფუნქციები გამორთული იქნება. საძიებო სისტემაში უკვე ინტეგრირებულია AI Overviews და AI Mode, შესაბამისად, სკოლებს, რომლებსაც სასწავლო პროცესში AI-ს გამოყენება სრულად აკრძალული აქვთ, ტრადიციული ძიების ფუნქციაზე წვდომის აღსადგენად გამონაკლისის დაშვება მოუწევთ. კომპანიის თქმით, Search და AI ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომ მათი სრულად გამიჯვნა შეუძლებელია.
Google, ამავე დროს, Search-ში Guided Learning-ს ნერგავს. ეს ფუნქცია მოსწავლეებს მზა პასუხების მიწოდების ნაცვლად, საკითხის ეტაპობრივად გააზრებაში დაეხმარება. მაგალითად, თუ სისტემა ამოიცნობს, რომ მოსწავლე საშინაო დავალების შესრულებას ცდილობს, ის პასუხის პირდაპირ გაცემის ნაცვლად კითხვებსა და შუალედურ ნაბიჯებს შესთავაზებს.
კომპანიის ახალ მიდგომას წინ უძღოდა კრიტიკა, რომელიც Google-ის მიერ Gemini-ს სასკოლო ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას მოჰყვა. მასწავლებლები, მშობლები და ბავშვთა განვითარების სპეციალისტები შიშობენ, რომ ჩატბოტებმა შესაძლოა, გაამარტივოს გადაწერა, შეასუსტოს დამოუკიდებელი აზროვნება და მოსწავლეები ავტომატურ დახმარებაზე დამოკიდებული გახადოს. Google-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს პოლიტიკოსებმაც.
Google კრიტიკას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ახალი სისტემა სკოლებს არჩევანის მეტ შესაძლებლობას აძლევს. კომპანია ხაზს უსვამს, რომ ადმინისტრატორებს შეუძლიათ ცალკეული სერვისების დამოუკიდებლად ჩართვა-გამორთვა, თუმცა Search-ში ჩაშენებული AI-ს გამორთვის შესაძლებლობა არ არსებობს.
Google-ის მასშტაბი განათლების სფეროში საკმაოდ ფართოა: კომპანიის მონაცემებით, Google Classroom-ს მსოფლიოში 150 მილიონი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს.
ახალი პარამეტრების დანერგვა 2027 წლის დასაწყისში იგეგმება. საბოლოოდ, სკოლებს მოუწევთ გადაწყვიტონ, რამდენად უღირთ საძიებო სისტემაზე წვდომა იმ AI-ფუნქციების მიღების ფასად, რომელთა გამოყენებაც სასწავლო პროცესში შესაძლოა, არ სურდეთ.
SAY.GE · შეუზღუდავი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

