Netflix მომხმარებლებს განწყობის მიხედვით ფილმების შერჩევაში დაეხმარება | Marketer
Netflix ახალ ფუნქციას, AI Discover-ს ამატებს, რომელიც მომხმარებლებს საყურებელი ფილმებისა და სერიალების შერჩევას გაუმარტივებს. ახალი ჩანართის საშუალებით,
Netflix ახალ ფუნქციას, AI Discover-ს ამატებს, რომელიც მომხმარებლებს საყურებელი ფილმებისა და სერიალების შერჩევას გაუმარტივებს. ახალი ჩანართის საშუალებით, პლატფორმა რეკომენდაციებს მომხმარებლის განწყობის, ინტერესებისა და იმ დროის მიხედვით მოამზადებს, რომლის დახარჯვაც მას კონტენტის ყურებაზე შეუძლია.
AI Discover-ის პირველი ფუნქცია მომხმარებლებს სხვადასხვა თემატური კატეგორიიდან არჩევის საშუალებას მისცემს. მათ შორისაა: „რაღაც მსუბუქი“, „შემაშინე“, „საოჯახო კინოს საღამო“ და „მოკლე საყურებელი“. კატეგორიები მოიცავს ფილმებისა და სერიალების ფრაგმენტებს, რომლებიც კონკრეტულ განწყობასა თუ მოთხოვნას შეესაბამება.
თემის არჩევის შემდეგ მომხმარებელი შესაბამის რეკომენდაციებს მიიღებს. ძიების დაზუსტებაც შესაძლებელი იქნება – თუ შეთავაზებული ვარიანტები არ დააინტერესებს, მას შეუძლია უფრო კონკრეტული კატეგორია აირჩიოს ან „რაღაც განსხვავებული“ მონიშნოს და ძიება თავიდან დაიწყოს.
გარდა ამისა, თითოეულ რეკომენდაციასთან გამოჩნდება ღილაკი “Tune Your Recommendations“. მისი საშუალებით მომხმარებელს შეეძლება შეინახოს მისთვის საინტერესო შეთავაზებები ან გამორიცხოს ის სათაურები, რომელთა ხელახლა რეკომენდაციაც აღარ სურს.
Netflix-ის განმარტებით, AI Discover კომპანიის მიერ შექმნილ ახალ AI-სისტემას ეფუძნება, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებს რეალურ დროში პასუხობს და მათგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე სწავლას განაგრძობს. ახალი ფუნქციის მიზანი პლატფორმის ვრცელი ბიბლიოთეკის უფრო მარტივად მოძიებაა – ნაცვლად იმისა, რომ მომხმარებელმა სათაურების უსასრულო ჩამონათვალი ათვალიეროს, რეკომენდაციები მის კონკრეტულ საჭიროებებს მოერგება.
კომპანია AI Discover-ს ექსპერიმენტულ სივრცედ განიხილავს, სადაც ახალი მიდგომების გამოცდასა და მომხმარებლების უკუკავშირის შეგროვებას შეძლებს. მიღებული შედეგების მიხედვით გადაწყდება, რომელი ფუნქციები გაუმჯობესდება და დაემატება Netflix-ის ძირითად ინტერფეისს.
ამ ეტაპზე AI Discover-ის გაშვება აშშ-ში იწყება და ხელმისაწვდომი იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც Netflix-ს ინგლისურ ენაზე, ტელევიზორების საშუალებით იყენებენ. მომდევნო კვირებში კი ფუნქციის სხვა მომხმარებლებისთვის შეთავაზებასაც გეგმავს.
SAY.GE · შერჩევა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

