Collins-მა 2026 წლის სიტყვად „Mogging“ დაასახელა | Marketer
სხვისი დაჩრდილვა გარეგნობით, თავდაჯერებით ან მიღწევებით – დაახლოებით ამ მნიშვნელობით გამოიყენება „Mogging“, რომელიც Collins Dictionary-მ 2026 წლის სიტყვად
სხვისი დაჩრდილვა გარეგნობით, თავდაჯერებით ან მიღწევებით – დაახლოებით ამ მნიშვნელობით გამოიყენება „Mogging“, რომელიც Collins Dictionary-მ 2026 წლის სიტყვად შეარჩია. ინტერნეტსლენგიდან გავრცელებული გამოთქმა დღეს ისეთ სიტუაციებსაც აღწერს, რომლებსაც გარეგნობასთან კავშირი აღარ აქვს. სპორტსმენმა შეიძლება მეტოქეები დაჩრდილოს, ვიდეოთამაშმა კონკურენტებს აჯობოს, სახლში გამომცხვარი პური კი სხვის ნამუშევარზე უკეთ გამოიყურებოდეს.
Collins-ის მონაცემებით, 2026 წელს ამ სიტყვის გამოყენება 210%-ით გაიზარდა. ლექსიკონის ხელმძღვანელის, ალექს ბიკროფტის თქმით, არჩევანი აჩვენებს, როგორ ცვლიან ახალგაზრდები ენას, მაგალითად, უკვე არსებულ გამოთქმებს ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ და საკუთარ იუმორსა და ყოველდღიურ ურთიერთობებს არგებენ.
„Mogging“-ის წარმოშობას აბრევიატურას AMOG უკავშირებენ, რომელიც „ჯგუფის ალფა მამრს“ ნიშნავს. ტერმინი დაახლოებით 2016 წელს ბოდიბილდინგის წრეებში გვხვდებოდა და ჯგუფში ფიზიკურად ყველაზე დომინანტ მამაკაცს აღნიშნავდა. მოგვიანებით ის მამაკაცურობასა და დომინანტობაზე ორიენტირებულ ონლაინსაზოგადოებებშიც გავრცელდა.
დროთა განმავლობაში სიტყვის გამოყენების არეალი გაფართოვდა. დღეს მას ხშირად ხუმრობით ან ირონიულად ამბობენ, როცა ვინმე სხვებზე მეტ ყურადღებას იპყრობს ან რომელიმე ნივთი დანარჩენებთან შედარებით განსაკუთრებით შთამბეჭდავია. ამ მოქნილობამ ვიწრო სუბკულტურაში გავრცელებულ ტერმინს სოციალურ ქსელებსა და ყოველდღიურ საუბარში დამკვიდრება გაუადვილა.
წლის სიტყვის შესარჩევად Collins-ის ლექსიკოგრაფები 27 მილიარდი სიტყვისგან შემდგარ მონაცემთა ბაზას აანალიზებენ. წყაროებს შორის სოციალური მედიაცაა, რაც მათ საშუალებას აძლევს, ახალი გამოთქმების გავრცელებას ადრეული ეტაპიდან დააკვირდნენ.
წლევანდელ კანდიდატებში ტექნოლოგიებთან, სამუშაოსთან, გარემოსა და ყოველდღიურ ჩვევებთან დაკავშირებული სიტყვებიც მოხვდა. მაგალითად, „Ghost job“ აღნიშნავს ვაკანსიას, რომელსაც დამსაქმებელი თანამშრომლის აყვანის რეალური განზრახვის გარეშე აქვეყნებს. „Carspreading“ კი ახალი ავტომობილების ზომისა და წონის ზრდის ტენდენციას აღწერს.
კლიმატთან დაკავშირებული ტერმინი „Firewave“ მოკლე პერიოდში რამდენიმე ტყის ხანძრის გაჩენას გულისხმობს. ტექნოლოგიურ დისკუსიებში გამოყენებული „P(doom)“ კი გამოხატავს შეფასებას იმისა, რამდენად სავარაუდოა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ცივილიზაციის კოლაფსი გამოიწვიოს.
შედარებით მსუბუქ თემებს ეხება „Friendslop“ – იაფი მრავალმომხმარებლიანი თამაშები, რომლებშიც მთავარი მეგობრებთან გართობაა. „Fricy“ ხილისა და ცხარე გემოების შერწყმას აღნიშნავს, „Bixie“ კი ბობისა და პიქსის შუალედურ ვარცხნილობას ეწოდება. სიაში მოხვდა „Hydration break“-იც, წყლის დასალევად გამოყოფილი შესვენება, რომელმაც 2026 წლის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის დროს მეტი ყურადღება მიიპყრო.
Collins-ის ბოლო წლების არჩევანშიც კარგად ჩანს ინტერნეტკულტურისა და ტექნოლოგიების გავლენა ენაზე. 2023 წელს წლის სიტყვა „AI“ გახდა, 2024 წელს – „Brat“, 2025 წელს კი – „Vibe coding“.
„Mogging“ ამ ჩამონათვალს მუდმივი შედარებისა და შეჯიბრის იდეას მატებს. სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები ყოველდღიურად აფასებენ ერთმანეთის ჩაცმულობას, მიღწევებსა თუ გემოვნებას, სიტყვამ მრავალი განსხვავებული სიტუაციის აღწერის ფუნქცია შეიძინა.
SAY.GE · დაასახელა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
