ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

რას გაუჩნდა ცეცხლი „გადასასვლელ ხიდზე“ და რა გეგმა აქვს ამ ადგილას თბილისის მერიას - რეპორტაჟი დამწვარი...

ე.წ. გადასასვლელ ხიდთან, რომელიც სადგურის მოედნის გვერდით მდებარეობს და ამ ადგილს დადიანის ქუჩასთან აკავშირებს, მოვაჭრეები არიან შეკრებილები.

რას გაუჩნდა ცეცხლი „გადასასვლელ ხიდზე“ და რა გეგმა აქვს ამ ადგილას თბილისის მერიას - რეპორტაჟი დამწვარი...
ფოტო: რადიო თავისუფლება

სკამებზე სხედან, ჩანთები მუხლებზე უდევთ და დროგამოშვებით იქვე მდგარ პოლიციელს ეკითხებიან - „ხომ არ იცით, როდის შეგვიშვებენ?“

მოვაჭრეები ელოდებიან ნებართვას, როცა ნახანძრალში შესვლას და იმის ნახვას შეძლებენ, გადარჩა თუ არა, რაიმე

მოვაჭრეები ელოდებიან ნებართვას, როცა ნახანძრალში შესვლას და იმის ნახვას შეძლებენ, გადარჩა თუ არა, რაიმე

ძლიერი ხანძრის შემდეგ, რომელიც აქ გუშინ, 2 ნოემბერს, შუადღის სამი საათისთვის გაჩნდა, ხიდი გადაკეტილია, ორივე შესასვლელს იცავს პოლიცია, გავლებულია ყვითელი ლენტი.

„ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, მხოლოდ რკინებია დარჩენილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ჟანა ლორჩოშვილი. მისი ორი მაღაზია დაიწვა, ორი კი ცეცხლის ჩასაქრობად განკუთვნილმა წყლის ჭავლმა დააზიანა.

გადასასვლელი ხიდის დამწვარი ნაწილის ნარჩენები

გადასასვლელი ხიდის დამწვარი ნაწილის ნარჩენები

„დიდი ზარალი მომადგა 30 000 ლარზე მეტის, მეორად ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ვყიდი, ამ ბაზრობის გახსნის დღიდან, აქ ვმუშაობ“, - ამბობს ის.

გადასასვლელ ხიდზე წლებია ბაზრობაა მოწყობილი. აქ ყიდიან მეორად ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საოჯახო წვრილმანებსა და სხვადასხვა პროდუქტს. ხიდი ძველია, ათობით სადენი ერთმანეთშია გადახლართული და ხილულია.

„დაინახეს, როგორ გაუჩნდა ცეცხლი სადენს, მაღალზე იყო და ვერ ჩააქრეს სწრაფად, მალევე გავრცელდა, გამოქცევა მოვასწარით, გასაყიდ ნივთებს ვინ ჩიოდა“, - ამბობს ნანა ჯანანაშვილი.

მართალია, მისი მაღაზია გადარჩა, მაგრამ თავს მაინც დაზარალებულად მიიჩნევს. იქამდე, სანამ გადასასვლელი ხიდი ყველასთვის დაკეტილია, ყოველდღიურ შემოსავალს კარგავს:

„ვინ გაუგზავნის ჩემს შვილს ფულს ციხეში? მხოლოდ ეს ერთი შემოსავლის წყარო მაქვს, რა მეშველება?“, - ამბობს ის.

ასე გამოიყურება ე.წ. გადასასვლელი ხიდის ბაზრობის გადარჩენილი ნაწილი.

ასე გამოიყურება ე.წ. გადასასვლელი ხიდის ბაზრობის გადარჩენილი ნაწილი.

ამ ხიდზე 90-ზე მეტი დახლია გაშლილი. ხანძარმა 22 მაღაზია დააზიანა. ექსპერტები ზარალს ახლა ითვლიან. პროდუქცია დაზღვეული არავის ჰქონდა.

ეს ხიდი საქართველოს რკინიგზას ეკუთვნის, რომლისგანაც ტერიტორია იჯარით კომპანია "ბიჯი 4"-ს აქვს აღებული. მეიჯარესთან აქვთ ქირაობის ხელშეკრულებები გაფორმებული მოვაჭრეებს. რადიო თავისუფლებამ კომპანიის წარმომადგენელთან დალაპარაკება ვერ შეძლო.

„დღეს შეგვხვდა კომპანიის წარმომადგენელი და დაგვპირდა, რომ ხიდზე დაბრუნებას შევძლებთ, ესაა ჩვენი სურვილიც, იქამდე კი გვინდა, მალე დასრულდეს გამოძიება და მალე შეგვიშვან ბაზრობის ტერიტორიაზე“, - ამბობს ნაირა იოსებაშვილი.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ასე გამოიყურება ე.წ. გადასასვლელი ხიდის კიბეები სადგურის მოედნის ბაზრობის მხრიდან.

ასე გამოიყურება ე.წ. გადასასვლელი ხიდის კიბეები სადგურის მოედნის ბაზრობის მხრიდან.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა სადგურის მოედნის მიმდებარედ მოწყობილ ბაზრობაზე ხანძარი ჩნდება. მათ შორის, სხვადასხვა დროს დაიწვა „ბავშვთა სამყარო“, „ქალაქის გული“, „თერგი“, „ბორჯომის ბაზრობა“.

„შენდება რაიმე დამწვარი ხიდის ახლოს ან ადგილას?“ - ახლაც ბევრმა იკითხა ისევე, როგორც წარსულში გაჩენილი სხვა ხანძრების დროს.

„გადასასვლელი ხიდის“ მოვაჭრეები ცეცხლის განზრახ გაჩენას გამორიცხავენ.

„ასე რომ ყოფილიყო, ღამე დაწვავდნენ და არა ისეთ დროს, როცა ხიდი სავსე იყო მოვაჭრეებით და ადამიანებითო“, - ამბობს ნანა ამაღლობელი.

მათთვის ცნობილია, რომ მერია ამ ხიდის აღებას და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას გეგმავს, თუმცა მიიღეს დაპირებაც, რომ „წინასწარ გააფრთხილებენ და ალტერნატიული ფართების მოძიებაშიც დაეხმარებიან“.

„წლების ამბავია“, - ამბობს ნაირა იოსებაშვილი.

რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში დაუდასტურეს, რომ მართლაც იგეგმება გადასასვლელი ხიდისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა/განვითარება.

„პროექტზე მუშაობა ერთ თვეში დასრულდება, ბორჯომის ბაზრობა გადასასვლელ ხიდთან ერთად პროექტის ნაწილია და ერთნაირად და ერთდროულად უნდა განვითარდეს“, - აცხადებენ მერიაში.

„ბორჯომის ბაზრობა“, რომელიც შარშან მარტში დაიწვა, გადასასვლელი ხიდისგან რამდენიმე მეტრითაა დაშორებული. ტერიტორია შემოღობილია, ნანგრევებს ბალახი აქვს მოდებული.

„გვითხრეს ისიც, რომ ბაზრობას აღადგენენ და ჩვენ ისევ შევძლებთ საქმიანობის გაგრძელებას, თუმცა ეს როდის მოხდება? - ალბათ თვეების საკითხია“, - ბორჯომის ბაზრობაზე დასაქმებულები.

მერია აცხადებს, რომ ვაგზლის ბაზრობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის - სხვადასხვა დასახელების ბაზრობებითა და სავაჭრო ობიექტებით - ერთი ხედვით განვითარებას აპირებს.

დეტალებზე არ საუბრობენ - „პროექტი ერთ თვეში იქნება მზად“.

ამავე პროექტის ნაწილია დადიანის ქუჩისა და წერეთლის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მოწყობა.

რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, რომ ორი ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ორზოლიანი იქნება და ფოსტის შენობასა და სადგურის მოედანს შორის სარკინიგზო ხაზების ზემოთ გაივლის.

„ამ პროექტისთვის გათვალისწინებული ადგილი რამდენიმე მეტრითაა დაშორებული დამწვარი ბორჯომის ბაზრობიდან და მასთან არანაირი შეხება არ აქვს“, - გვითხრეს გასული წლის მაისში მერიაში.

იქამდე, სანამ თბილისის მერია, სადგურის მოედანზე განვითარების მიზნებს სახავს, დაზარალებული მოვაჭრეები კომპენსაციებს ითხოვენ.

Რ
წყარო რადიო თავისუფლება · radiotavisupleba.ge ავტორი: სალომე ჩადუნელი · გამოქვეყნდა 03.11.2026, 21:45. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ