CNN- საარჩევნო უბნების დახურვის მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა ტერიტორიაზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია - ერთ-ერთ ოლქში ტექნიკური ხარვეზების გამო, ათასობით ამომრჩეველს ბიულეტენების საგანგებო ტომრებში მოთავსება მოუწია
ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დასრულების დრო ახლოვდება, ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი
04.11.2026 / 03:11
ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის დასრულების დრო ახლოვდება, ზოგიერთ შტატში ხმის მიცემის პროცესთან დაკავშირებული ხარვეზები დაფიქსირდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
კენტუკისა და ინდიანას შტატებში ამომრჩევლები ხმის მიცემის ბოლო შესაძლებლობას იყენებენ, რადგან ზოგიერთ უბანზე კენჭისყრა ადგილობრივი დროოთ 6 საათზე სრულდება.
სამხრეთ კაროლინაში აცხადებენ, რომ შუალედურ არჩევნებში ამომრჩეველთა რაოდენობამ უკვე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ოჰაიოს ერთ-ერთ ოლქში კი აქტივობა იმდენად მაღალია, რომ შესაძლოა 2022 წლის შუალედური არჩევნების მაჩვენებელსაც გადააჭარბოს.
ასევე, აიოვას შტატშიც რეკორდულ აქტივობას ელიან.
CNN აღნიშნავს, რომ ამომრჩევლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ცხოვრების გაძვირების გამო და, ტრადიციულად რესპუბლიკური ორიენტაციის მქონე ამ შტატში, პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობის სურვილს აფიქსირებენ.
გამოცემის თანახმად, ნიუ-იორკის შტატის ერთ-ერთ ოლქში დაფიქსირებული ტექნიკური ხარვეზების გამო, ათასობით ამომრჩეველს ბიულეტენების სპეციალურ, საგანგებო ტომრებში მოთავსება მოუწია, რათა ისინი მოგვიანებით დაეთვალათ.
ოფიციალური პირების განცხადებით, საგანგებო ტომრებში მოთავსებულ ბიულეტენებს პოლიციის თანხლებით, ორივე პარტიის წარმომადგენელი საარჩევნო თანამშრომლები გადაიტანენ დათვლის ადგილზე. ოლქის წარმომადგენელთა თქმით, აპარატებთან დაკავშირებული პრობლემა „პრინტერის ხარვეზით“ იყო გამოწვეული. რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ ლაულერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ არავითარ „შეთქმულების თეორიას“ ადგილი არ აქვს და ყველა ხმა დაითვლება.
მედია აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა საარჩევნო უბნის წარმომადგენელმა მცირე ხარვეზების შესახებ განაცხადა, ბევრგან ხმის მიცემის პროცესისთვის ხელშეშლა არ დაფიქსირებულა.