რატომ ხდება ემოცია უფრო ფასეული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში | Marketer
საავტომობილო სამყაროში არსებობენ ბრენდები, რომელთა ერთგულებასაც მხოლოდ რიცხვებითა და მშრალი ლოგიკით ვერავინ ხსნის. Alfa Romeo-ს თაყვანისმცემლები ამ ჭირვეულ და
საავტომობილო სამყაროში არსებობენ ბრენდები, რომელთა ერთგულებასაც მხოლოდ რიცხვებითა და მშრალი ლოგიკით ვერავინ ხსნის. Alfa Romeo-ს თაყვანისმცემლები ამ ჭირვეულ და ულამაზეს მანქანებს იმ ემოციების გამო ირჩევენ, რასაც მართვისას განიცდიან. ცოტა ხნის წინ პარიზის ავტოსალონზე იტალიურმა ბრენდმა ახალი კონცეპტუალური მოდელი Cuorerosso წარმოადგინა, რაც იტალიურად წითელ გულს ნიშნავს. იმავე კვირაში Porsche-მ ნიუ-იორკში Mission S გამოფინა, Tesla-მ კი წლობით ნაპირები ელექტრონული Roadster გამოაჩინა. ეს სამი ავტომობილი ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულია, თუმცა მათ უმთავრესი საერთო აქვთ. სამივე შექმნილია სამყაროსთვის, სადაც საჭის მართვა სულ უფრო მეტად გადადის პროგრამული უზრუნველყოფის ხელში.
ეს მოვლენა მხოლოდ საავტომობილო ისტორიას არ ეხება. თითოეული მოდელი თავისებურად პასუხობს ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას, თუ რისთვისღაა საჭირო ავტომობილი, როდესაც მის მართვას მანქანაც ახერხებს. ეს ზუსტად იგივე დილემაა, რომლის წინაშეც დღეს ნებისმიერი სფეროს ხელმძღვანელი დგას. როდესაც რუტინული საქმის კეთება ალგორითმებს შეუძლია, რისთვისღაა საჭირო ადამიანი.
ტექნოლოგიური სანახაობა
Tesla Roadster რამდენიმე ვერსიად გამოდის, რომელთა შორის ყველაზე შთამბეჭდავი შეკუმშული ჰაერის ძრავებითაა აღჭურვილი და მანქანას მიწიდან ოდნავ აწევა შეუძლია. კომპანიის გათვლებით, ავტომობილი ას კილომეტრ საათამდე სიჩქარეს წამის ნახევარზე ნაკლებ დროში ავითარებს, ყველაზე სწრაფი მოდელები კი მეგავატის სიმძლავრეს გამოიმუშავებს და საათში 370 კილომეტრამდე აჩქარებას აღწევს. მართვა და დამუხრუჭება მთლიანად ციფრულად, პროგრამული კოდით ხორციელდება, ყოველგვარი პირდაპირი მექანიკური კავშირის გარეშე.
მფრინავი ავტომობილის აწყობას იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, იშვიათად თუ ვინმე გაბედავდა. ექსპერტები ამ შესაძლებლობებს დიდწილად გამოუსადეგარ, თუმცა უაღრესად მომხიბვლელ სანახაობად აფასებენ. კომპანია მომხმარებელს სწორედ შოუს სთავაზობს. მანქანა გამოდის სცენაზე, ადმიანი კი მაყურებლად რჩება. ეს მიდგომა სრულ თანხვედრაშია იმ ბიზნესის პრიორიტეტებთან, რომლის მთავარი ფსონიც თვითმართვადი ტრანსპორტია. ასეთ რეალობაში ვარსკვლავი თავად ტექნოლოგიაა, ადამიანი კი დამკვირვებელი.
მექანიკური ხასიათის დაბრუნება
Porsche-მ საკუთარი ახალი სუპერქარის კონცეპტი ნიუ-იორკის იმავე პირსზე წარადგინა, სადაც ათწლეულების წინ კლასიკური მოდელი გამოფინა. ეს ჟესტი წარსულის გახსენებასთან ერთად ბრენდის სამომავლო ხედვასაც უსვამს ხაზს. ავტომობილის ინტერიერში არ არის ცენტრალური სენსორული ეკრანები. მათ ფუნქციას მძღოლის სმარტფონი ასრულებს, საჭის წინ ხუთი მრგვალი მაჩვენებელია განთავსებული, ტაქომეტრს კი ნამდვილი მექანიკური ისარი აქვს.
ეს მიდგომა ნოსტალგიით არ აიხსნება. ფინანსური წნეხის ფონზე კომპანია ფსონს საკუთარ იდენტობაზე დებს. Porsche ერთი შეხედვითვე უნდა ამოიცნობოდეს. გერმანულმა საინჟინრო გიგანტმა, რომელიც ყოვლთვის მაჩვენებლებით ფასობდა, აქცენტის ხასიათზე გადატანა გადაწყვიტა. მანქანიდან ეკრანების ამოღება და მექანიკური ელემენტების დაბრუნება არა მხოლოდ დიზაინერული გადაწყვეტაა, გათვლილი ბიზნესსტრატეგიაც აღმოჩნდა.
გულის სახელობის ავტომობილი
Alfa Romeo-ს მიერ წარმოდგენილი Cuorerosso ოთხადგილიანი წითელი კუპეა, რომლის შეფერილობაც განათების მიხედვით თითქმის შავამდე მუქდება. ჰიბრიდული სისტემისა და ექვსცილინდრიანი ძრავის მქონე ეს მოდელი კომპანიამ არა როგორც სერიული მანქანა, ერთგვარი მანიფესტი ისე გამოაცხადა.
ამ მანიფესტის მთავარი პრინციპი აუცილებელი სილამაზეა, რაც მხოლოდ იმ დეტალების დატოვებას გულისხმობს, რაც უშუალოდ მძღოლს ემსახურება. სამართავ პანელზე ჩართული სპეციალური რეჟიმი მით უფრო ნაკლებ ინფორმაციას აჩვენებს ეკრანზე, რაც უფრო მეტადაა ადამიანი მართვის პროცესით გართული. იმ დროს, როდესაც ტექნოლოგიების უმრავლესობა ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს, ეს რეჟიმი მზერას ისევ გზას უბრუნებს.
ამ მოდელშიც ელექტრონული მართვის სისტემაა გამოყენებული, თუმცა სრულიად განსხვავებული მიზნით. ბრენდის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ ტექნოლოგია, ფუნქციონალი და ხარისხი ყოველთვის ემოციებსა და მართვის სიამოვნებას უნდა ემსახურებოდეს. კომპანიას თავისი არსებობის მიზანი არასდროს შეშლია, რის გამოც ამ მოდელს პირდაპირ გულის სახელი დაარქვა.
რა რჩება ავტომატიზაციის მიღმა
ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურ შესაძლებლობებს ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის. მუსიკა, ვიდეო, აპლიკაცია თუ ბიზნესგეგმა დღეს უმოკლეს დროში იქმნება. ფიზიკური პროდუქტების ინჟინერიაც იმავე გზას გადის. იდეის პროდუქტად ქცევის ხარჯების შემცირებასთან ერთად, პირველობის უპირატესობაც უფასურდება. ტექნიკური მონაცემები კომპანიის გრძელვადიან განმასხვავებელ ნიშნად ვეღარ დარჩება.
Tesla-ს რეკორდულ აჩქარებას დროთა განმავლობაში სხვა გადააჭარბებს და ეს ციფრიც შედარებით ცხრილებში უბრალო მონაცემად ჩაიწერება. ჰაერის ძრავები სიახლის ხიბლს დაკარგავს იმ დღეს, როდესაც მიწიდან აწევას სხვა მწარმოებელიც შეძლებს. როდესაც ტექნოლოგიური შესაძლებლობა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ის ბრენდის თვითმყოფადობაზე ვეღარაფერს ამბობს.
კომპანიის მთავარ საზომად გემოვნება და მისგან დაბადებული ემოციური მიზიდულობა იქცევა. გემოვნება იმის ცოდნაა, რა შეეფერება კონცეფციას და რა არა. ეს სამი ავტომობილი სამი განსხვავებული პასუხია იმაზე, თუ რა უნდა იყოს მანქანაში. Tesla სანახაობის მოყვარულებს პასუხობს, Porsche ხასიათის მაძიებლებს, Alfa Romeo კი მათ, ვინც ემოციას ეძებს.
გაკვეთილები ბიზნესის ლიდერებისთვის
ავტომწარმოებლების მიერ გაცემული პასუხები დღეს ყველა ლიდერისთვის აქტუალურია. როდესაც ტექნიკურ შესაძლებლობებს სხვებიც გაიმეორებენ, რის გამო აგირჩევთ მომხმარებელი.
კონკურენცია მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებზე აღარ უნდა აიგოს. რასაც ხელოვნური ინტელექტი დღეს ერთ ორგანიზაციას გააკეთებინებს, იმავეს მალე კონკურენტებიც შეძლებენ. შესაძლებლობები ყურადღებას იზიდავს, რაც მნიშვნელოვანია, თუმცა ადამიანების შესანარჩუნებლად ეს საკმარისი აღარ აღმოჩნდება. ამასთან, კომპანიამ ზუსტად უნდა იცოდეს საკუთარი გემოვნება და ის, თუ ვისთან პოულობს ეს ხედვა თანხვედრას. ერთ აუდიტორიას სანახაობა სურს, მეორეს გამოკვეთილი ხასიათი, მესამეს კი შინაგანი განცდა. თუ ბრენდს არ შეუძლია მკაფიოდ თქვას, რა შეეფერება მის პროდუქტს და რა არა, ამას მომხმარებელიც ვერ გაიგებს.
წყარო: Fastcompany


