საქართველოში ჩინეთიდან ავტოიმპორტი 76%-ით გაიზარდა
ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით ($40-დან $71 მლნ-მდე) გაიზარდა. 9 თვეში საქართველომ ჩინეთიდან იმაზე მეტი ავტომობილი იყიდა, ვიდრე 2021-2024 წლებში ერთად აღებული. ქუჩებში ჩინური ავტომობილების მომრავლება სტატისტიკური…
03.11.2026
ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით ($40-დან $71 მლნ-მდე) გაიზარდა.
9 თვეში საქართველომ ჩინეთიდან იმაზე მეტი ავტომობილი იყიდა, ვიდრე 2021-2024 წლებში ერთად აღებული.
ქუჩებში ჩინური ავტომობილების მომრავლება სტატისტიკური მონაცემების ნახვის გარეშეც თვალში საცემია. მათი 80%-ზე მეტი ელექტროა ან ჰიბრიდი.
ჩინეთიდან ავტოიმპორტის ზრდა
2021 წელს, ჩინეთიდან იმპორტში მსუბუქი ავტომობილები 78-ე ადგილს იკავებდა, 2023 წელს მე-10 ადგილს, 2024 წელს მე-5-ეს, 2025 წლიდან კი მეორე ადგილზეა.
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ჩინეთიდან
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
იმპორტის სტრუქტურა
2026 წლის პირველ 3 კვარტალში ჩინეთიდან 7443 ავტომობილია იმპორტირებული.
7443-დან ნახევარზე მეტი (4411 ერთეული) თოვლმავალი და გოლფის მოთამაშეთა გადასაყვანია.
დარჩენილი 3032-დან 1079 ელექტრომობილია, 369 ე.წ. ფლაგინ ჰიბრიდი (ანუ ჰიბრიდი, რომელიც კაბელითაც იმუხტება) და 997 ჰიბრიდი.
სულ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წილი 81%-ია – 2445 ერთეული 3032-დან და მათში $58 მლნ-ია გადახდილი, რაც თანხობრივად 87%-ს უდრის. (დაანგარიშებისას ორივე შემთხვევაში 4411 თოვლმავალი და გოლფი მოთამაშეთა გადასაყვანი ავტომობილი გამოკლებულია).
ავტოიმპორტი ჩინეთიდან ძრავის ტიპის მიხედვით
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ჩინეთიდან შემოყვანილი ელექტრომობილების ნაწილი შეიძლება სულაც არ იყოს ჩინური და მხოლოდ ჩინეთში იყოს აწყობილი. TESLA ამერიკული ბრენდია, მაგრამ თუ ის ჩინეთში მდებარე ქარხანაშია აწყობილი, ახლის ყიდვის შემთხვევაში იმპორტიორი ქვეყნის გრაფაში ჩინეთი ჩაიწერება. შეერთებული შტატებიდან ნაყიდი მეორადი TOYOTA-ს შემთხვევაშიც იმპორტიორ ქვეყნად აშშ სახელდება და არა იაპონია.
ჩინეთიდან შემოყვანილ ავტომობილებში რამდენია საკუთრივ ჩინური, ინფორმაცია საქსტატზე მითითებული არაა, ისევე როგორც უცნობია, მათგან რამდენი დარჩა საქართველოში და რამდენი გავიდა რეექსპორტზე. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკას შსს აწარმოებს.
ჩინური გიგანტების დაწინაურება
ჩინურმა ელექტრომობილების გიგანტმა BYD-მა გაყიდვებში TESLA-ს გადაასწრო და მსოფლიოში რაოდენობით #1 ელექტრომობილების მწარმოებელი გახდა.
2025 წელს TESLA-მ 1.6 მლნ ელექტრომობილი გაყიდა, BYD-მა 2.2 მლნ მხოლოდ სრულად ელექტრო და ერთი იმდენი ფლაგინ ჰიბრიდი. სრულად ელექტროებით 1.1 მლნ გაყიდული ერთულით, მესამეზეა კიდევ ერთი ჩინური მწარმოებელი Geely-ც, რომელსაც თუ ფლაგინებსაც მივათვლით, მეორეზე გადავა.
ჩინური ავტომობილების უმთავრესი უპირატესობა ფასია. შეიძლება დიზაინი, კომფორტი თუ სხვა მახასიათებლები სადაო იყოს, მაგრამ როგორც წესი, ფასი უფრო ნაკლებია ვიდრე მისი გერმანული, ამერიკული, კორეული ან იაპონური კონკურენტის.
უშუალოდ ელექტრომობილების პოპულარობის ზრდასაც რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი: ერთი დამუხტვით გასავლელი მანძილი გაიზარდა, თბილისის და მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიზარდა დასამუხტი სადგურების რაოდენობა, საწვავის ფასმა 2026 წელს რეკორდი მოხსნა.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო დინამიკა მოკლედ
ჩინეთი 2025 წელს რაოდენობრივად #1 ავტოექსპორტიორი გახდა, იგულისხმება ყველა ტიპის ავტომობილი ელექტროც და შიგაწვის ძრავიანიც, თანხობრივად კი გერმანიის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოსა და ჩინეთს 2018 წლიდან ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებთ. 2020-2022 წლებში ძირითადად სპილენძის მადნების ხარჯზე ჩინეთი საქართველოს #1 საექსპორტო პარტნიორს წარმოადგენდა.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტი ძვირფასი ლითონების, ნავთობპროდუქტებისა და სპილენძის მადნების ხარჯზე 169%-ით $217-დან $583 მლნ-მდე გაიზარდა. იმავე პერიოდში 22%-ით $1.4-დან $1.7 მლრდ-მდე ნახევარგამტარებისა და მსუბუქი ავტომობილების ხარჯზე გაიზარდა ჩინეთიდან იმპორტიც.

