თამარ ჩერგოლეიშვილი დიპლომატებთან შეხვედრაზე - პარტნიორებისგან ძირითადად არა პოზიციები, არამედ კითხვები მოვისმინეთ, თუ როგორ ვაპირებთ გაგრძელებას ან რა მოხდება პარტიების აკრძალვის მეორე დღეს - ივანიშვილი სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს
ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, რომ თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს,
ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, რომ თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს ვერ ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც კანალიზაციის სუნში ცხოვრობს, წამლების ფულს ვერ იხდის, ჯანდაცვის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს, შვილს ნორმალურ განათლებას ვერ აძლევს. ეს საკითხები რჩება და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკას ისედაც აკლია მსგავს საკითხებზე საუბარი და საქმე პარტიების აკრძალვაზე საერთოდ ვერ მივიდოდა, ხალხი რომ აქტიურად ჩართული და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა „ოპოზიციური ალიანსისა“ და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, გამართულ შეხვედრაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძირითადად კითხვები იყო გაჟღერებული და არა პოზიციები. კითხვები კი იმას შეეხებოდა, თუ რას აპირებდნენ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ.
„პოლიტიკური ალიანსის“ წევრები, „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას ვცვლით. ახლაც პარტიების აკრძალვის მნიშვნელოვანი პროცესი მიმდინარეობს და ინფორმაციები გვაცვალეთ. ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა ამ პროცესის სამართლებრივი, პოლიტიკური და საერთაშორისო მხარეები. ერთადერთი რამ, რაც ამ შეხვედრას სხვა შეხვედრებისგან განასხვავებდა ის არის, რომ „ჯერ საქართველო“ იყო პარტნიორი პარტია, რომელიც ამ საქმეში დაგვემატა. ძირითადად კითხვები მოვისმინეთ პარტნიორებისგან და არა პოზიციები, კითხვები შეეხებოდა თუ როგორ ვაპირებთ გაგრძელებას ან რა მოხდება პარტიების აკრძალვის მეორე დღეს და ა.შ. ივანიშვილი სურვილებს ვერ აკრძალავს და ჩვენ ამ სურვილებზე ლაპარაკს ვერ აგვიკრძალავს. ჩვენ პოლიტიკურ ველზე გვაქვს ბრძოლა მოსაგები. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტიების აკრძალვით ცდილობს, რომ თავი უალტერნატივოდ გამოაცხადოს, მაგრამ ვერაფერს ვერ ეტყვის იმ ადამიანს, რომელიც კანალიზაციის სუნში ცხოვრობს, წამლების ფულს ვერ იხდის, ჯანდაცვის ღირებულებას ვერ ანაზღაურებს, შვილს ნორმალურ განათლებას ვერ აძლევს. ეს საკითხები რჩება და ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. პოლიტიკას ისედაც აკლია მსგავს საკითხებზე საუბარი და საქმე პარტიების აკრძალვაზე საერთოდ ვერ მივიდოდა, ხალხი რომ აქტიურად ჩართული და პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იყოს. ეს გვაქვს შესაცვლელი და ამას უკვე ვცვლით, 26 მაისიდან მოყოლებული კამპანია გვაქვს დაწყებული „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“ და 2027 წლის ბოლოსთვის ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით ფედერალისტური ქსელი გვეყოლება, რასაც ბიძინა ივანიშვილი ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
რაც შეეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკური ალიანსის“ ლოგოდან ამოღებას, ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსიდან ექვსი თვის წინ გავიდა და დღეს ლოგოდან მხოლოდ იმიტომ მოხდა მათი ამოღება, რომ შეხვედრა ჰქონდათ.
„ქართველი ხალხისთვის ზუსტად იმიტომ ვართ უკეთესი ალტერნატივა, რომ ჩვენ წესებს ვიცავთ და წესებზე დაფუძნებული ალიანსი ვართ. ჩვენთან წესებს იცავს ყველა, დიდიც და პატარაც, წარსულში წარჩინებულიც და მომავალში წასარჩინებელი, ეს გამოგვარჩევს ჩვენ ყველა დანარჩენი ალიანსისგან. ნებისმიერი ფიგურა და სუბიექტი, რომელიც წესებს არ ემორჩილება, არაფერ შუაში არაა „პოლიტიკურ ალიანსთან“, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ „პოლიტიკური ალიანსიდან“ ექვსი თვის წინ გავიდა და დღეს იმიტომ ამოვიღეთ ლოგოდან, რომ დღეს შეხვედრა გვქონდა. ბიძინა ივანიშვილის მოშორება იმიტომ გვინდა, რომ არის უწესო და საკუთარი თავი გამოაცხადა წესად, სააკაშვილიც ზუსტად იმავეს ცდილობდა და ამის შესაძლებლობა ჩვენ წრეში ვერ ექნება, რადგან ეს ალიანსი არის წესები. ჩვენი ერთადერთი უპირატესობა და ის, რითაც ბიძინა ივანიშვილის წაქცევას ვაპირებთ ჩვენი წესიერებაა. უწესოს ჩვენ რიგებში ვერ გავიჩერებთ. ამას გამორიცხავს თვითონ ალიანსის წესდება. ალიანსიდან ვერ გაირიცხები, რადგან ის არის წესები და თუ ამ წესებს არ ემორჩილები ალიანსიდან ავტომატურად გარიცხული ხარ, შენივე ინიციატივით. ალიანსი არაფერი არაა გარდა წესების და სტრატეგიის დაცვისა, არ აღიარების სტრატეგია უნდა დაიცვა, ის რომ არ ვაღიარებთ რეჟიმს ლეგიტიმურ ძალად და ის წესები, რასაც მივუყვებით ჩვენ. ვისაც არ უნდა ამის შეგუება ჩვენთან ვერ იქნება, გამოვრიცხავთ ჩვენ ამით ერთმანეთს“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.


