დაგეგმილი ცვლილებებით, უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება მიკრობანკებსაც ექნება
უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება მიკრობანკებსაც ექნება.
უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება მიკრობანკებსაც ექნება.
„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები წარადგინეს. საკანონმდებლო პაკეტში შემავალი კანონპროექტების მიღებით საბანკო საქმიანობის/მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მაძიებლისთვის დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი წილის შემძენთა/მფლობელთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის მოთხოვნები და შესაბამისი შეფასების პროცედურული მხარე იცვლება.
პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ კომერციული ბანკების მსგავსად, მიკრობანკს უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება უჩნდება. მიკრობანკის მიერ ქონების იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ მიკრობანკის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში დასაკუთრებული უძრავი ქონების მართვის მიზნით ან/და იმ პირობით, რომ ქონება მთელი საიჯარო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მიკრობანკის საქმიანობის ან მის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის, ან იმავე მიკრობანკის შვილობილი საწარმოს საქმიანობის, იმავე მიკრობანკის საქმიანობასთან დაკავშირებული საქმიანობის ან მიკრობანკის სოციალური პროექტების განსახორციელებლად იქნება გამოყენებული.
კანონპროექტი ადგენს, რომ მიკრობანკს ეკრძალება უძრავი ქონების შეძენა ან ფლობა მისი იჯარით გაცემის მიზნით. დამატებით, განისაზღვრება ეროვნული ბანკის უფლებამოსილება, სამართლებრივი აქტით განსაზღვროს მიკრობანკის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი/განსხვავებული კრიტერიუმები.
გარდა ამისა, ზუსტდება შვილობილი საწარმოს განმარტებაც. კერძოდ, კანონპროექტით შვილობილი საწარმო მოიცავს შვილობილი ორგანიზაციის შვილობილ ორგანიზაციასაც. საგულისხმოა, რომ ქონების იჯარით გაცემის უფლებამოსილება არ ვრცელდება მიკრობანკის ისეთ შვილობილ საწარმოზე, რომლის წილი მიკრობანკმა მიიღო მის მიერ გაცემული კრედიტის თანხის ასანაზღაურებლად, როდესაც მიკრობანკის მიერ აღნიშნული წილის გაყიდვის ვალდებულება გათვალისწინებულია კანონით.
გარდა აღნიშნულისა, კომერციული ბანკების მსგავსად, მიკრობანკს უჩნდება საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების გაწევის უფლება. პროექტის ავტორების განმარტებით, ეს მიკრობანკების საქმიანობის, მომხმარებლებისთვის შესათავაზებელი პროდუქტებისა და სერვისების გამრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს და ამ ფორმით კონკურენციას კიდევ უფრო წაახალისებს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, მიკრობანკს უფლება ექნება საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად განახორციელოს მხოლოდ ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში. აღნიშნული თანხმობის გაცემისა და გაუქმების წესსა და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს ეროვნული ბანკი.
კანონპროექტი, ასევე, ითვალისწინებს ერთ მსესხებელზე ან ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფზე გაცემული კრედიტებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალური ჯამური ოდენობის 1 მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაზრდას. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ აღნიშნული ლიმიტიდან გამონაკლისი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების“ დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, პაატა კვიჟინაძე, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი.


