შალვა პაპუაშვილი: „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებს სანდოობა არ აქვთ, რაზეც დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს, დარწმუნებული ვარ, ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებს სანდოობა არ აქვს. მოუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რას საუბრობს იგივე „ამნესთი ინთერნეიშენალზე“, ვენეციის კომისიაზე, რომელიც მ...
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებს სანდოობა არ აქვს. მოუსმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რას საუბრობს იგივე „ამნესთი ინთერნეიშენალზე“, ვენეციის კომისიაზე, რომელიც მათ დატოვეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს ორგანიზაციები შექმნილია სახელმწიფოების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენისთვის, რომ სხვადასხვა მხრიდან, სხვადასხვა ყალბი ანგარიშებიდან გავლენის ქვეშ მოაქციონ სახელმწიფოები.
„ამ ორგანიზაციების მთელი ქსელია, რომელზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ღიად საუბრობს. აქამდე ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობდა მის მიერვე დაფინანსებულ ორგანიზაციებზე, მაგალითად, „იუესაიდზე“ და სხვებზე, რომელიც თაღლითობაში და სხვა ქვეყნის ხელისუფლების შეცვლაში ამხილა, ახლა კი საუბრობს საერთაშორისო დონეზე მოქმედ ორგანიზაციებზე, მათ შორის „რეპორტიორები საზღვრის გარეშე“ ტიპის ორგანიზაციებზე.
დარწმუნებული ვარ, ამ ქსელის მხილების ახალი ტალღა იქნება, რომლის ერთადერთი მიზანია, სხვადასხვა სახელმწიფოების დაქვემდებარება მათ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის მიზნით. რადგან ბიძინა ივანიშვილს სხვაგვარად ვერ აიძულეს, საქართველოსთვის არასასარგებლო გადაწყვეტილებები მიიღოს, ცდილობენ, სხვადასხვა მხრიდან შემოუარონ და შეეცადონ ზიანი მიაყენონ. საბოლოო ჯამში, თავს სასაცილოდ იხდიან“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გამოაქვეყნა 2026 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებლების“ სია, რომელშიც ბიძინა ივანიშვილიც შეიყვანა. სიაში არიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ამერიკელი მილიარდელი ილონ მასკი, სულ 135 ადამიანი.
SAY.GE · სანდოობა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
