მასალების როლი არქიტექტურაში | Marketer
უძველესმა სამშენებლო ტრადიციებმა ნეოლითის ხანაში, დაახლოებით 10 000-12 000 წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება. თავშესაფრის ძიებიდან არქიტექტურის შექმნამდე გზა
უძველესმა სამშენებლო ტრადიციებმა ნეოლითის ხანაში, დაახლოებით 10 000-12 000 წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება. თავშესაფრის ძიებიდან არქიტექტურის შექმნამდე გზა ბუნებრივი რესურსების ათვისებითა და კლიმატთან ადაპტაციით დაიწყო. ადგილობრივმა ნედლეულმა განსაზღვრა პირველი სტრუქტურების ხასიათი. თიხის კედლები სიცხეს აკავებდა, ხოლო ღამით შენობას ათბობდა. ქვის მასა კონსტრუქციას მდგრადობას ანიჭებდა, ხემ კი მსუბუქი, მოქნილი გადახურვის შესაძლებლობა გააჩინა.
დროთა განმავლობაში მასალის დამუშავების ოსტატობა იხვეწებოდა და მასთან ერთად ამბიციებიც იზრდებოდა. სწორედ მასალის მზიდი შესაძლებლობების ათვისებით დაიბადა არქიტექტურის პირველი დიდი ნიმუშები.
ქვის უძველესი მონუმენტალიზმიდან პირამიდებამდე

ქვის მონუმენტური არქიტექტურის უძველესი ცნობილი ნიმუში გობექლი თეფეს კომპლექსია სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიაში. ეს საკულტო კომპლექსი დაახლოებით ძვ. წ. 9600 წელს აშენდა, რაც მას ეგვიპტის პირამიდებზე 7 000 წლით უფროსს ხდის. მანამდე მიიჩნეოდა, რომ მონუმენტური არქიტექტურა მხოლოდ მიწათმოქმედებაზე გადასვლისა და ბინადარი ცხოვრების შემდეგ განვითარდა, გობექლი თეფემ კი ეს თეორია დაამსხვრია.
მასიური ქვის წყობის განსაკუთრებული ფორმა ციკლოპური წყობაა: უზარმაზარი ლოდები ერთმანეთს დუღაბის გარეშე, მხოლოდ თავისი წონითა და წონასწორობით უკავშირდებოდა. აღნიშნული მეთოდი კონსტრუქციას განსაკუთრებულ მდგრადობას ანიჭებდა და მკაცრ, მასიურ ფორმებს ქმნიდა. ამის ნათელი ნიმუშია აბულის ციკლოპური ციხე სამცხე-ჯავახეთში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი), ძვ. წ. II–I ათასწლეულების ნაგებობა, რომელიც მასშტაბითა და რთული გეგმარებით გამოირჩევა.
ხოლო ქვის არქიტექტურის მასშტაბური გარღვევა ძველ ეგვიპტეს უკავშირდება, სადაც თლილი ქვისა და გრანიტის მასიურმა ბლოკებმა საუკუნეებზე გათვლილი ფორმების შექმნა გახადა შესაძლებელი. პირამიდების გიგანტურ მოცულობებში ქვის სიმძიმე სივრცის მასშტაბს განსაზღვრავდა: მჭიდროდ განლაგებული ბლოკები შიდა სივრცეს ზღუდავდა, კედელი კი თავად იყო საყრდენი კონსტრუქცია.
რომაული ბეტონის რევოლუცია

არქიტექტურაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნახტომი რომის იმპერიას უკავშირდება. კირისა და ვულკანური ნაცრის ნარევისგან შექმნილმა ბეტონმა (Opus caementicium) სრულიად ახალი საინჟინრო პრეცედენტი გააჩინა. თხევადმა, ჩამოსასხმელმა მასამ ცალკეული ბლოკების ნაცვლად ერთიანი, უწყვეტი მოცულობის შექმნა გახადა შესაძლებელი.
ბეტონი ყალიბში ისხმებოდა და გამაგრებისას ზუსტად იმ მოხაზულობას იღებდა, რასაც ავტორი ჩაიფიქრებდა. ამ თავისუფლებამ არქიტექტორებს საშუალება მისცა, სვეტებისა და შუალედური საყრდენების გარეშე გადაეხურათ უპრეცედენტოდ ფართო სივრცეები. სწორედ ასე დაიბადა შიდა სივრცის, როგორც არქიტექტურის მთავარი გამომსახველობითი საშუალების იდეა.
ინდუსტრიული ნახტომი – როგორ შეცვალა რკინაბეტონმა თანამედროვე ქალაქების იერსახე

მეცხრამეტე საუკუნის საინჟინრო მიღწევებმა ურბანისტიკის ახალ ეპოქაა ჩაუყარა საფუძველი. ლითონის კონსტრუქციებმა მასიური კედლების დატვირთვა შეამცირა და ქალაქის სილუეტს ვერტიკალური განზომილება შესძინა. 1892 წელს ფრანგმა ინჟინერმა ფრანსუა ენებიკმა მონოლითური რკინაბეტონის კვანძი გამოთვალა და ის პრაქტიკულად გამოსცადა, რითაც ახალმა მასალმა მკაფიო სამშენებლო ლოგიკა შეიძინა. რკინაბეტონის სტრუქტურულმა სისტემამ მზიდი კედელი წერტილოვანი საყრდენებით ჩაანაცვლა, რომლის მეშვეობითაც შიდა გეგმარება და ფასადი სტრუქტურული დატვირთვისგან გაათავისუფლა.
ამ დროის ერთ-ერთი რევოლუციონერი ლე კორბუზიე იყო. რკინაბეტონის შესაძლებლობებზე დაყრდნობით მან თანამედროვე არქიტექტურის ხუთი პრინციპი ჩამოაყალიბა: სვეტებზე შემდგარი მოცულობა, თავისუფალი გეგმარება, დამოუკიდებელი ფასადი, ჰორიზონტალური ღიობები და გამწვანებული სახურავი. სწორედ აღნიშნული ტიპის არქიტექტურა არის გავრცელებული თანამედროვე ქალაქებში თბილისიდან ბერლინამდე, სადაც ქალაქების განვითარება ძირითადად მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ხდებოდა. რკინაბეტონის გამოყენებით შესაძლევბელი გახდა მრავალბინიანი კორპუსების მასობრივი მშენებლობა. მრავალსართულიანმა შენობებმა ურბანული ლანდშაფტი გარდაქმნა და ქალაქებს მჭიდრო განაშენიანების საშუალება მისცა.
ფასადი, რომელიც სინათლეს გარდაქმნის

დღესდღეობით მასალა არქიტექტურაში ფუნქციურ დანიშნულებას სცდება და ის სივრცის ესთეტიკური აღქმის პირველწყაროს წარმოადგენს, რომელიც ბუნებრივ ფაქტორებს, სინათლესა და დროს თავად შენობის გამომსახველობით ელემენტად აქცევს. აღნიშნულის მაგალითია სპექტრუმის მიერ დაპროექტებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, რომლის მთავარ არქიტექტურულ ენას ლითონის ამრეკლავი ფასადი წარმოადგენს. ხოლო აღნიშნულის მიღწევა სწორედ ინოვაციური მასალების გამოყენებით გახდა შესაძლებელი.
წახნაგოვანი ზედაპირის კომპოზიცია სინათლის ნაკადს სხვადასხვა კუთხით იჭერს, რაც შენობას დროში ცვალებად, დინამიკურ სხეულად აქცევს. დღის განმავლობაში ცვალებადი განათება ტონებზე აისახება და ფასადი მუდმივად იცვლება. ვიტრაჟების წინ დამონტაჟებული ლითონის მოძრავი დარაბები კი შენობას მზის პირდაპირი ზემოქმედებისგან იცავს და ამავდროულად ექსტერიერის გეომეტრიულ სტრუქტურას განსაზღვრავს.
შიდა ეზო აღნიშნული პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ჟესტია. სახლის შუაგულში მდებარე მინით შემოსაზღვრული ბაღი შენობის ბიოფილიკურ დიზაინს წარმოადგენს, რაც სახლს ბუნებასთან აკავშირებს. ბიოფილიკური დიზაინი არქიტექტურისა და ინტერიერის მიდგომაა, რომელიც ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული კავშირის შექმნას ისახავს მიზნად. სპექტრუმის არქიტექტურაში ეს პრინციპი ბუნების თავად სტრუქტურაში ჩაშენებას ნიშნავს: ცოცხალი ლანდშაფტი აქ დაგეგმარების ბირთვია, რომელიც სივრცეს შიგნიდან აყალიბებს. სწორედ ამიტომ, როდესაც ცოცხალი ლანდშაფტი საცხოვრებელი სახლის ცენტრში დგება, არქიტექტურა ადამიანის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ კეთილდღეობას ემსახურება.
სახლის კიდევ ერთი გამორჩეული ელემენტი ატრიუმია: შენობის ცენტრში მდებარე ღია სივრცე სხვადასხვა სართულებს შორისაა განთავსებული და ბუნებრივი სინათლე შენობის სიღრმეში შემოჰყავს. ის სართულებს ერთმანეთთან ვიზუალურად აერთიანებს, რის შედეგადაც ცალკეული დონეები უწყვეტ სივრცედ აღიქმება.
არქიტექტურის განვითარების ისტორია მასალების ტექნოლოგიური მიღწევების ქრონიკას წარმოადგენს. ხოლო თანამედროვე ეპოქაში ინოვაციური მასალები და ბიოფილიკური დიზაინი ერთიანი სტრუქტურული ჩანაფიქრის ნაწილად ყალიბდება. გელოვანის ქუჩაზე მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული კონცეფცია სწორედ აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება, სადაც პროექტის უპირატესობა მაღალტექნოლოგიურ ფასადის მასალისა და ბუნებრივი ლანდშაფტის ერთობლივი გამოყენებაა.
[პარტნიორის კონტენტი]
SAY.GE · არქიტექტურა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

