სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ლარი ელისონის ქონება ერთ დღეში $11 მილიარდით შემცირდა – Oracle-ის აქციების ფასი 4-თვიან მინიმუმამდე დაეცა

ფოტო: Andrew Harnik/Getty Images Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონება ორშაბათს $11 მილიარდით შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა გახდა, რაც Oracle-ის მიერ $20 მილიარდის ღირებულების სასესხო აქციებისა და ობლიგაციების გამოშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას…

ლარი ელისონის ქონება ერთ დღეში $11 მილიარდით შემცირდა – Oracle-ის აქციების ფასი 4-თვიან მინიმუმამდე დაეცა
ფოტო: Forbes Georgia

ფოტო: Andrew Harnik/Getty Images

Oracle-ის თანადამფუძნებლის, ლარი ელისონის ქონება ორშაბათს $11 მილიარდით შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიის აქციების ფასის  მკვეთრი ვარდნა გახდა, რაც Oracle-ის მიერ $20 მილიარდის ღირებულების სასესხო აქციებისა და ობლიგაციების გამოშვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. მოზიდული თანხის გამოყენება ხელოვნური ინტელექტის მიმართულებისა და სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად განიხილება.

Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი მილიარდერთა რეიტინგის მიხედვით, ორშაბათს, შუადღისთვის, ელისონის ქონება $11 მილიარდით, $160 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მას რეიტინგში მერვე ადგილი არ დაუკარგავს და კვლავ მცირედით უსწრებდა Los Angeles Clippers-ის მფლობელ სტივ ბალმერს, რომლის ქონებაც $159.9 მილიარდად იყო შეფასებული. მოგვიანებით Oracle-ის თანადამფუძნებლის ქონება კიდევ უფრო შემცირდა და ამჟამად $159.7 უტოლდება. თუმცა, პარალელურად, შემცირდა ბალმერის სიმდიდრეც, რის გამოც ელისონმა რეიტინგში მერვე ადგილი შეინარჩუნა.

ორშაბათს Oracle-ის აქციების ფასი 8.5%-ით შემცირდა და ბოლო ოთხი თვის მინიმუმს მიაღწია. ამასთან, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კომპანიის აქციები 30%-ზე მეტით არის გაუფასურებული.

კომპანიამ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) ორი განაცხადი წარადგინა, რომელთა მიხედვითაც, Oracle-ი $10 მილიარდის ჩვეულებრივი აქციებისა და $10 მილიარდის ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს.

კომპანიის განმარტებით, მოზიდული კაპიტალი სხვადასხვა ზოგადი კორპორაციული მიზნისთვის იქნება გამოყენებული, მათ შორის, კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად, არსებული ვალდებულებების დასაფარად, სამომავლო ინვესტიციებისა და შესყიდვებისთვის, ასევე აქციონერებისთვის დივიდენდების გასაცემად ან საკუთარი აქციების გამოსასყიდად.

ქონების შემცირების მიუხედავად, ელისონი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში რამდენიმე ცნობილი მილიარდერის წინ რჩება. მასზე წინ კი არიან Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი ($178.4 მილიარდი), Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი ($210.6 მილიარდი), Alphabet-ის თანადამფუძნებლები სერგეი ბრინი ($217.4 მილიარდი) და ლარი პეიჯი ($236.1 მილიარდი), Dell Technologies-ის ხელმძღვანელი მაიკლ დელი ($222.9 მილიარდი), Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ($369.2 მილიარდი) და SpaceX-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ($892.7 მილიარდი).

მიმდინარე წელს Oracle-ის აქციების ფასი მთლიანობაში 37%-ით არის შემცირებული. კომპანიის ფასიანი ქაღალდების წლიური მაქსიმალური მაჩვენებელი ივნისში დაფიქსირდა, როდესაც ერთი აქციის ფასი $248-ს მიუახლოვდა.

ამასთან, Oracle-ის ფინანსური შედეგები ბიზნესის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის მიმართულებით სწრაფ ზრდაზე მიუთითებს. სექტემბერში გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შემოსავალი წლიურად 121%-ით გაიზარდა. Oracle-მა ასევე განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის ღრუბლოვანი სერვისების მიმართულებით დამატებით $30 მილიარდზე მეტი ღირებულების კონტრაქტები გააფორმა. ამავე დროს, კომპანიამ წლიური დანახარჯების პროგნოზი $90-95 მილიარდის ფარგლებში შეინარჩუნა.

მიუხედავად შემოსავლებისა და კონტრაქტების ზრდისა, Oracle-ის აქციებზე ზეწოლას ინვესტორების შეშფოთება ახდენს. ბაზრის მონაწილეებს ეჭვი აქვთ, რამდენად შეძლებს კომპანია ხელოვნურ ინტელექტში ჩადებული მილიარდობით დოლარის ინვესტიციის შესაბამის ფინანსურ უკუგებად გარდაქმნას. აღსანიშნავია, რომ Oracle-მა 2026 ფისკალურ წელს კაპიტალურ დანახარჯებზე $55.7 მილიარდი დახარჯა.

F
წყარო Forbes Georgia · forbes.ge ავტორი: იზა გვარამაძე · გამოქვეყნდა 03.11.2026, 13:27. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ