სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

KFC მენიუს, რეკლამებსა და რესტორნებს ცვლის, რომ მომხმარებლები დაიბრუნოს | Marketer

დუბაის ერთ-ერთ ქუჩაზე KFC-ის ახალი რესტორანი შორიდანვე იქცევს ყურადღებას. წითელ ფასადზე თეთრი განათება ანათებს, სამი მაღალი თაღიდან კი ორსართულიანი ეკრანი

KFC მენიუს, რეკლამებსა და რესტორნებს ცვლის, რომ მომხმარებლები დაიბრუნოს | Marketer
ფოტო: მარკეტერი

დუბაის ერთ-ერთ ქუჩაზე KFC-ის ახალი რესტორანი შორიდანვე იქცევს ყურადღებას. წითელ ფასადზე თეთრი განათება ანათებს, სამი მაღალი თაღიდან კი ორსართულიანი ეკრანი ჩანს. შიგნით მკაცრ არქიტექტურულ ფორმებს წითელი ავეჯი და ნეონის კედლის მხატვრობა ავსებს. დღის განმავლობაში სივრცეში განათება, მუსიკა და ეკრანზე გამოსახულებები იცვლება. ეს KFC Muse-ია, ექსპერიმენტული რესტორანი, რომლითაც ბრენდი საკუთარი მომავლის გამოცდას იწყებს.

KFC-ს განახლებისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. ქათმის კერძებზე სპეციალიზებული ქსელები სწრაფად იზრდება, თუმცა ამ ზრდით სულ უფრო მეტად ახალი კონკურენტები სარგებლობენ. Raising Cane’s, Dave’s Hot Chicken და სხვა ბრენდები მომხმარებლებს სოუსებით, შედარებით მარტივი მენიუებითა და აქტიური სოციალური კომუნიკაციით იზიდავს. ამ ფონზე KFC-ის ცნობადობა მის რესტორნებში ვიზიტების გარანტიას ვეღარ იძლევა.

2025 წელს Raising Cane’s-მა KFC აშშ-ში გაყიდვების მიხედვით ქათმის რესტორნების წამყვანი სამეულიდან ჩამოაქვეითა. პირველი ორი ადგილი Chick-fil-A-სა და Popeyes-ს ეკავა. KFC-ის ამერიკული ბიზნესის პრეზიდენტის, კეტრინ ტან-გილესპის თქმით, ბრენდისადმი ადამიანების კეთილგანწყობა კვლავ იგრძნობა, თუმცა კომპანიას მათთვის დაბრუნების ახალი მიზეზები უნდა მიეცა.

კონკურენციის მასშტაბს ბაზრის მონაცემებიც აჩვენებს. Circana-ს კვლევის მიხედვით, 2026 წლის სექტემბრით დასრულებულ პერიოდში სწრაფი კვების რესტორნებში მომხმარებელთა ვიზიტები 2019 წელთან შედარებით 4%-ით იყო შემცირებული, ქათმის კერძებზე სპეციალიზებულ ობიექტებში კი 20%-ით გაზრდილი. KFC ამ მზარდ კატეგორიაში პოზიციებს კარგავდა. 2024 წლის დასაწყისიდან 2025 წლის შუა პერიოდამდე აშშ-ის მის არსებულ რესტორნებში გაყიდვები ზედიზედ შვიდი კვარტლის განმავლობაში მცირდებოდა.

საპასუხოდ, კომპანიამ ცვლილებები რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. ახალი მენიუ, განახლებული ვიზუალური იდენტობა, პოლკოვნიკ სანდერსის დაბრუნება რეკლამებში და რესტორნების გადაკეთება ერთი გეგმის ნაწილებია.

მენიუს განახლებისთვის ერთგვარ საცდელ სივრცედ Saucy იქცა. KFC-მ ეს კონცეფცია 2024 წელს ორლანდოში წარადგინა. მკვეთრი ვარდისფერი რესტორნის მენიუ ქათმის ფილეს შემწვარ ნაჭრებსა და სოუსებზე იყო აგებული. მომხმარებლებს 11 ახალი გემოს გასინჯვა შეეძლოთ, მათ შორის კაიენის წიწაკიანი ბარბექიუს, ჩიმიჩურისა და რანჩის კომბინაციისა და ტკბილი ტერიაკის.

პირველ ობიექტს კიდევ 16 დაემატა. KFC ამ რესტორნებს მომხმარებლის გემოვნების შესწავლის საშუალებად განიხილავს. იქ გამოცდილი რამდენიმე სოუსი უკვე ბრენდის უფრო ფართო შეთავაზების ნაწილიც გახდა.

2026 წლის ივნისში კომპანიამ გლობალური მენიუს ახალი მიმართულება წარადგინა, რომელიც 20-ზე მეტ სოუსსა და სოუსში ამოვლებულ ქათმის ნაჭრებს, ფრთებსა და სენდვიჩებს მოიცავს. ამას დაემატა სასმელების ხაზი „Kwench by KFC“, ცივი ყავით, ბობას სასმელებითა და შეიკებით.

ახალ პროდუქტებთან ერთად KFC ძველ ფავორიტებსაც აბრუნებს. 2025 წლის აგვისტოში მენიუში დაბრუნდა კარტოფილის ნაჭრები და ცხარე ფრთები. ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტმა 80 მილიონზე მეტი ნახვა და თითქმის ნახევარი მილიონი მოწონება დააგროვა. კომპანიას ამ პროდუქტების გაყიდვების ცალკეული შედეგები არ გამოუქვეყნებია, თუმცა აღნიშნავს, რომ მათი დაბრუნების შემდეგ არსებულ რესტორნებში გაყიდვების ზრდის ოთხი თანმიმდევრული კვარტალი დაფიქსირდა.

რეკლამებში ყურადღების ცენტრში კვლავ პოლკოვნიკი სანდერსია. აპრილში გამოქვეყნებულ 90-წამიან „Finger Lickin’ Machine“-ში ის საბჭოს სხდომაზე ცეკვავს, მაშინ როცა გარშემო შეკრებილი ხელმძღვანელები KFC-ის დაბალ ფასებზე წუწუნებენ. კამპანია 7, 9 და 11-დოლარიანი მენიუების შეთავაზებას ახლდა და ხელმისაწვდომ ფასებთან ერთად ბრენდის იუმორსა და მის ყველაზე ცნობილ პერსონაჟს უსვამდა ხაზს.

სანდერსი ამ ვერსიაში ენერგიული, თავდაჯერებული და გამომწვევია. ტან-გილესპის თქმით, KFC-ს სურს შეინარჩუნოს ის ხასიათი, რომელიც ბრენდის დამფუძნებელსაც ჰქონდა – სამეწარმეო შემართება და ყურადღების მიქცევის უნარი.

განახლებული ვიზუალური იდენტობის მთავარი ელემენტი კი წითელ-თეთრი სათლი გახდა. სააგენტო JKR-მა მისი ფორმა გამოიყენა ჩარჩოდ, რომელშიც საკვების ფოტოები, ილუსტრაციები და სარეკლამო ტექსტები თავსდება. ეს მიდგომა აერთიანებს განახლებულ ლოგოს, შრიფტებს, შეფუთვასა და აპლიკაციის დიზაინს. კომპანიაში ამ ვიზუალურ სამყაროს „Bucketverse“ უწოდეს.

JKR-თან თანამშრომლობა რესტორნების დიზაინზეც გავრცელდა. სააგენტოს უნდა შეექმნა კონცეფცია, რომელიც სრულად წარმოაჩენდა განახლებულ KFC-ს, თუმცა მისი ცალკეული ელემენტების სხვადასხვა ზომისა და ფორმატის ობიექტებში გამოყენებაც იქნებოდა შესაძლებელი.

ასე შეიქმნა Muse, რომლის პირველი რესტორანი დუბაიში 31 ოქტომბერს გაიხსნა. კიდევ ორი ობიექტი სეულსა და დიდ ბრიტანეთში მზადდება. დიზაინზე მუშაობისას გუნდმა შთაგონება მოდის, სასტუმროების, გართობისა და ტექნოლოგიების სფეროებში ეძება.

დუბაის რესტორანში დიდი ეკრანი ჩვეულებრივი სარეკლამო მენიუს ფუნქციას სცდება. მასზე კერძები მოდის ფოტოსესიის მსგავსი ესთეტიკით არის წარმოდგენილი. გამოსახულებები დღის მონაკვეთებს მიჰყვება: სადილის დროს ძირითად კერძებზეა აქცენტი, მოგვიანებით წასახემსებლებსა და სასმელებზე გადადის, საღამოს კი უფრო ენერგიული ხდება. იმავე რიტმით იცვლება განათება და მუსიკაც.

მომსახურება სხვადასხვა საჭიროებას ითვალისწინებს. სტუმარი შეკვეთას სპეციალურად შექმნილ ტერმინალთან აკეთებს, სადაც თანამშრომელს დახმარებისთვის შეუძლია მიმართოს. შემდეგ თავად ირჩევს, შეკვეთა გატანის ზონიდან აიღოს თუ მაგიდასთან მიართვან. ცალკე სივრცეებია მარტო მოსული სტუმრებისთვის და ჯგუფებისთვის. მაგიდასთან მომსახურების ზონას „Crave Circle“ ჰქვია.

KFC-ის გეგმა არ ითვალისწინებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით მისი 34 000 ობიექტი დუბაის რესტორანს დაემსგავსოს. Muse-ის დანიშნულებაა, გამოცადოს მიდგომები, რომელთა გამოყენებასაც ფრანჩაიზის მფლობელები საკუთარი ფართის, ბიუჯეტისა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით შეძლებენ. ერთ ობიექტს შეიძლება განათებისა და მუსიკის სისტემა მოერგოს, მეორეს მაგიდასთან მომსახურება, მესამეს კი შეკვეთის ტერმინალებისა და თანამშრომლის დახმარების კომბინაცია.

აშშ-ში კომპანია პარალელურად „Open House“-ს ცდის. ამ კონცეფციაში სასმელების ბარი, ბრენდირებული ნივთების კუთხე, ანტრესოლი და დიდი საერთო მაგიდებია გათვალისწინებული. აქაც მომხმარებლებს შეკვეთას მაგიდასთან მიართმევენ. ტან-გილესპის აზრით, ბოლო წლებში ადგილზე სადილობის გამოცდილებას საკმარისი ყურადღება აღარ ექცეოდა და KFC-ს ამ ხარვეზის გამოსწორება ხელმისაწვდომი ფასების შენარჩუნებით სურს.

ჯერჯერობით ორივე ფორმატი გამოცდის ეტაპზეა. გაყიდვებმა და მომხმარებელთა რეაქციამ უნდა აჩვენოს, რომელი ცვლილებები ამართლებს და რისი გადატანა ღირს სხვა რესტორნებში. KFC-ისთვის სწორედ ეს იქნება მთავარი შემოწმება – იქცევა თუ არა ახალი მენიუ და გარემო მიზეზად, რომ მომხმარებელმა ნაცნობ ბრენდს კიდევ ერთხელ მისცეს შანსი.

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: Ketia · გამოქვეყნდა 03.11.2026, 11:46. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ