მაია კოპალეიშვილი - როცა სასამართლო ერთ ჩაკითხვასაც არ აკეთებს, ეჭვს აჩენს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც შეეხება „ოცნების“ ახალ სლოგანს, ის თავადაა რუსეთის აგენტურა - აგენტურის წინააღმდეგ უნდა მოქმედებდეს სუს-ი, მაშინ სადაა ფაქტები?
როდესაც სასამართლო ერთ ჩაკითხვასაც არ აკეთებს, როდესაც სასამართლო უბრალოდ გისმენს და მოსამართლეები მხოლოდ იმაზე არიან გადასული,
როდესაც სასამართლო ერთ ჩაკითხვასაც არ აკეთებს, როდესაც სასამართლო უბრალოდ გისმენს და მოსამართლეები მხოლოდ იმაზე არიან გადასული, წესრიგი როგორ დაიცვან დარბაზში, ეს უკვე აჩენს ეჭვს, რომ მათ გადაწყვეტილება აქვთ წინასწარ მიღებული - მე მინდა ვუთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ის ცოტა თითქოს დაშინებულია - როგორც ყოფილ მოსამართლეს, მირჩევნია, რომ სასამართლო იყოს ძლიერი და სასამართლო წარმართავდეს პროცესს და მხარის დაკვეთით არ ხდებოდეს პროცესის წარმართვა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენისას „ქართლი ოცნების“ წარმომადგენელი არჩილ გორდულაძე უსუსტესი იყო და მოსარჩელე მხარემ 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ იმდენად დაუსაბუთებლად წარმოადგინა, რომ 40 წუთში ჩაეტია მისი ახსნა-განმარტება.
„მათ მხოლოდ ის არგუმენტები აქვთ, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის, ე.წ წულუკიანის კომისიის დასკვნაში წერია, რომელიც არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, მთლიანად პოლიტიკური დოკუმენტია და ეყრდნობა პოლიტიკურ შეფასებებს. ანალოგიურად, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეყრდნობა ამ დროებითი კომისიის დასკვნას, ასევე არის პოლიტიკური შეფასებები. იგივე სარჩელში აღნიშნული ტერმინოლოგია ერთხელ კიდევ მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ კარნახობს სასამართლოს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
იცით როგორი სურათია, რომ როდესაც სასამართლო ერთ ჩაკითხვასაც არ აკეთებს, როდესაც სასამართლო უბრალოდ გისმენს და მოსამართლეები მხოლოდ იმაზე არიან გადასული, წესრიგი როგორ დაიცვან დარბაზში. დარბაზი, სხვათა შორის, ძალიან წესრიგიანად გამოიყურება და თუკი ოპოზიციის წარმომადგენელი გამოვა და თავისი მოსაზრების დასაბუთებას გააკეთებს, ამას სასამართლო მიიჩნევს ე.წ. პოლიტიკურ განცხადებად და მაშინვე წყვეტს ამ დასაბუთების მიმდინარეობას. ეს უკვე აჩენს ეჭვს, რომ მათ გადაწყვეტილება აქვთ წინასწარ მიღებული, ყველა იმ პროცესის გათვალისწინებით, რაც აღვნიშნე - შემადგენლობა, სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხი, ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტება, რა დროებში ჩასხდნენ. კიდევ უფრო სუსტად გამოიყურებოდა „ქართული ოცნების“ ახსნა განმარტება. უსუსტესი იყო გორდულაძე ახსნა- განმარტების წარმოდგენის დროს და ის ვის სისუსტეზე საუბრობს?!
მე მინდა ვუთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ის თითქოს ცოტა დაშინებულია, ეტყობა, რომ წამოხტება უცებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი...
მე, როგორც ყოფილ მოსამართლეს, მირჩევნია, რომ სასამართლო იყოს ძლიერი და სასამართლო წარმართავდეს პროცესს და მხარის დაკვეთით არ ხდებოდეს პროცესის წარმართვა, რასაც ჩვენ ვხედავთ.
ნახეთ, სასამართლოს სად აქვს პრობლემა, იმიტომ, რომ გამოცდილება არ აქვს და როგორც ჩანს, არც სათანადოდ მოემზადა სასამართლო ამ პროცესისთვის, იმიტომ, რომ ეს არ არის საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე ჩვეულებრივი სამართალწარმოება, როდესაც ხდება ნორმის კონსტიტუციურობის გარკვევა, როდესაც ხდება ნორმის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის გარკვევა და იქ მართლაც სამართლებრივ არგუმენტებზე, პრინციპებზე გიწევს საუბარი. ეს არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, 5 პოლიტიკური პროდასავლური პარტიის აკრძალვა მიმდინარეობს, ქვეყანაში სრულიად ხდება პოლიტიკური ველის მოსუფთავება განსხვავებული აზრისგან და აქ როგორ შეიძლება სასამართლო მეუბნებოდეს, რომ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩითო. ნონსენსია“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
მისივე თქმით, არ აქვთ მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად იმოქმედებს.
„ჩვენ, ფაქტობრივად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმოქმედებს დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, ის იმოქმედებს, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ჯგუფის და ბატონი ივანიშვილის დაკვეთის შესაბამისად. საკონსტიტუციო სასამართლომ თუნდაც შერჩევითად რომ მიიღოს გადაწყვეტილება და რომელიღაც პარტია აკრძალოს და რომელიღაც არ აკრძალოს, ესეც იქნება „ქართული ოცნების“ დაკვეთა, რამეთუ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, რომლის წინააღმდეგაც შემოტანილია კონსტიტუციური სარჩელი, არ ჩაუდენია კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება, არც ერთი შემთხვევაში არ არის პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სამართლებრივი საფუძველი“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ახალ ლოზუნგს - „საქართველო უცხოური აგენტურის გარეშე“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ისეთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც საზოგადოების დაშინებას ცდილობს და ამას ხან ომის, ხან კი აგენტურის მოხმობით აკეთებს.
„ქართული ოცნება“ თავად არის რუსეთის აგენტურა, ამიტომ, როდესაც ის საუბრობს, რომ სხვა არის რაღაც პროდასავლური ქვეყნების აგენტურა, ეს არის სასაცილო. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური, სამართლებრივი და მენტალური პრობლემა სწორედ ის არის, რომ ის არის რუსული ხელისუფლების აგენტურა და აი, ამ „ეფ-ეს- ბეს“ კანონებით და „ეფ-ეს-ბეს“ მოქმედებებით წამლავს საზოგადოებას. „ქართული ოცნება“ რომ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური გუნდი ყოფილიყო, მას უნდა ეზრუნა ამომრჩევლების, საზოგადოების, როგორც მოქალაქეობრივ, ასევე პოლიტიკურ გაზრდაზე, მაგრამ ჩვენ რას ვხედავთ - ის აშინებს საზოგადოებას ომის მოხმობით, ახლა აგენტურის მოხმობით, იმიტომ, რომ ხედავს, რომ მას ხელიდან ეცლება ყველა სხვა დანარჩენი ე.წ. სლოგანები და ახლა გადაწყვიტა, რომ რაღაც ახალი მოიგონოს. სად არის მაშინ შესაბამისი სამართლებრივი ფაქტები? აგენტურის წინააღმდეგ უნდა მოქმედებს უსაფრთხოების სამსახური. აი, მაგალითად ჩემში როგორ ხედავს უსაფრთხოების სამსახური აგენტურას, ან როგორ ხედავს რომელიმე ჩემს მეგობარში, რომლებიც რომელიმე პოლიტიკური პარტიას წარმოადგენენ ან წევრები არიან, აგენტურას. ეს ხომ სრული აბსურდია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მხოლოდ ერთი მიზანი, როდესაც ის შემოდის პოლიტიკური პარტიების აკრძალვით საკონსტიტუციო სასამართლოში და სადაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი მხარდაჭერა და იმედი, რომ მისი დაკვეთა სრულად შესრულდება. ეს პოლიტიკური მიზანი არის ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დამყარება, ავტორიტარიზმის კიდევ უფრო გაძლიერება და დიქტატურის სრულად ფესვგადგმა. „ქართული ოცნება“ თავის მიზნებს ვერ მიაღწევს, რაც არ უნდა ისაუბრონ მისმა მოლაპარაკე თავებმა და „ქართული ოცნება“ დემოკრატიასთან ბრძოლაში აუცილებლად დამარცხდება. დამარცხდებით ბატონებო!“ - განაცხადა კოპალეიშვილმა.

