ეკა კუპატაძე - ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან
ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის,
02.11.2026 / 13:33
ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან, - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.
ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესს ესწრება.
„დღეს, ბრალდების მხარე, ანუ ჩვენ, დავამთავრებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, გამოვიკვლევთ ნია იმნაძის ბინაში ფარულ ჩანაწერებს და რამდენადაც ვიცი, მხოლოდ იმ ფრაგმენტებს გამოვიკვლევთ, სადაც ნია იმნაძე და მამამისი საუბრობენ გიორგი მალანიას როლზე გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში, თუ როგორ დაეხმარა გიორგი მალანია ალექსანდრე გაბაშვილს.
რამდენადაც ვიცი, დაცვის მხარეს სამი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი... მალანიას დაცვის მხარე ფიქრობს, გვაჩვენოს, თუ რა ცოტაჯერ ჰქონდათ ურთიერთობა გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს. მათ ურთიერთობა ჰქონდათ სატელეფონო კავშირით, „ვოთსაფით“, „მესენჯერით“, „ტიკტოკით“. რაც უფრო ცოტა კომუნიკაცია დაფიქსირდება მალანიასა და გაბაშვილს შორის, მით მეტად საშიშია გიორგი მალანიას ფიგურა. 28 სექტემბერს, 6-ის წუთებზე დაუკავშირდა ალექსანდრე გაბაშვილი გიორგი მალანიას, რომ გიგა ავალიანის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა და 29 სექტემბერს, 8 საათზე, ალექსანდრე გაბაშვილს უკვე ჰქონდა ინფორმაცია და ჩვენს სახლთან ჩასაფრებაში იყო, ერთ დღეში, ხალხნო ერთ დღეში! ეს იმას ნიშნავს, რომ კი არ დააშინა ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანია, მანიპულირება კი არ მოახდინა, არამედ მთელი აზარტით შევიდა გიორგი მალანია ამ ყველაფერში და სიხარულით მისცა ყველა ინფორმაცია, რაც დანაშაულის სრულყოფისთვის სჭირდებოდა. ალექსანდრე გაბაშვილს მკვლელობამდე 40 წუთით ადრე საუბარი ჰქონდა გიორგი მალანიასთან“,- განაცხადა კუპატაძემ.
ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
SAY.GE · კუპატაძე (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


