ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი აგებს, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და ვცდილობთ, ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს
რუსეთი აგებს, ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და ვცდილობთ, ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის სამხედრო ძალების განცხადებით, 2026 წლის ოქტომბერში რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მეტი სამხედრო დანაკარგი განიცადა.
მათივე განცხადებით, ოქტომბერში რუსეთის ძალების დანაკარგმა 54 400 ჯარისკაცი შეადგინა, რაც 2022 წლის შეჭრის შემდეგ რომელიმე თვესთან შედარებით ყველაზე მეტია. დანაკარგები მოიცავს როგორც დაჭრილ, ასევე დაღუპულ ჯარისკაცებს.
უკრაინის სამხედროების მონაცემებით, აქამდე არსებული მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები ყველაზე მაღალი იყო 2024 წლის დეკემბერში, როდესაც რუსეთმა 48 670 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, ოფიციალური კიევის ცნობით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსული არმიის 1.5 მილიონი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა.
რუსეთის დანაკარგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა პოზიციებს ინარჩუნებს, ტერიტორიებს ათავისუფლებს და ცდილობს, „აგრესორს ყოველი დღე რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს“.
„ოქტომბერში ჩვენმა უკრაინის თავდაცვის ძალებმა მტერს რეკორდული დანაკარგები მიაყენეს და რუსი ოკუპანტებისგან იმაზე მეტი ტერიტორია დაიბრუნეს, ვიდრე მათ ხელში ჩაგდება შეძლეს. ერთ თვეში რუსეთმა 54 400 დაღუპული და მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი დაკარგა. ეს სრულმასშტაბიანი ომის ყველა თვის რეკორდია. ასევე არსებობს დღიური დანაკარგების რეკორდი: 21 ოქტომბერს რუსეთის არმიამ 2 250 ადამიანი დაკარგა. მადლობას ვუხდით უკრაინის ყველა დამცველს, ჩვენს ყველა ჯარისკაცს, თითოეულ ბრიგადას, თითოეულ დანაყოფს ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი შედეგისთვის. რუსეთი აგებს. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს, ვათავისუფლებთ ტერიტორიას და ვცდილობთ, ომის ყოველი დღე აგრესორს რაც შეიძლება ძვირი დაუჯდეს. ამ გიჟური დანაკარგების შესაჩერებლად რუსეთს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა და დიპლომატია სჭირდება“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
SAY.GE · ვათავისუფლებთ (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

