"ხაზარაძეების ფონდის" მოწვევით, საქართველოს ბრიუსელიდან დელეგაცია სტუმრობს
"ხაზარაძეების ფონდის" მოწვევით, საქართველოს ბრიუსელიდან, სენ-ჟილის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი
"ხაზარაძეების ფონდის" მოწვევით, საქართველოს ბრიუსელიდან, სენ-ჟილის მუნიციპალიტეტის მერის ხელმძღვანელობით წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.
ამავე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ბრიუსელის ისტორიული ძეგლის "ეგიდიუმის" (Aegidium) აღდგენით პროექტში მონაწილე არქიტექტორები, რესტავრატორები, მკვლევრები, ხელოვნებათმცოდნეები და მედიის წარმომადგენლები.
როგორც აღინიშნება, ვიზიტის მთავარი მიზანი ქართულ-ევროპული კულტურული ისტორიული კავშირების გამყარება და იმ საერთო ღირებულებების წარმოჩენაა, რომლებიც ბრიუსელის ცენტრში "ეგიდიუმის" აღორძინების პროექტს უდევს საფუძვლად.
"ეგიდიუმი (წარსულში Diamant Palace) ბრიუსელის არქიტექტურული მარგალიტია. რამდენიმე თვის წინ ეს უნიკალური ნაგებობა ხაზარაძეების ოჯახის საკუთრებაში გადავიდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, შენობას უბრუნდება თავისი პირვანდელი დიდებულება და დანიშნულება - ის იქცევა საქართველოსა და ევროპას შორის კულტურული, საგანმანათლებლო და დიპლომატიური დიალოგის მუდმივმოქმედ სივრცედ.
დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს ეროვნული გალერეა, ლადო გუდიაშვილის სახლ-მუზეუმი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და დაესწრნენ სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტის რეპეტიციას.
განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა თბილისის არტ-ნუვოს სტილის არქიტექტურამ, სოლოლაკის ისტორიულმა ქუჩებმა და მწერალთა სახლმა. ეს ნაწილი სიმბოლურად ეხმიანებოდა "ეგიდიუმის" მთავარ ფილოსოფიას - ისტორიული ძეგლების დაცვას, აღდგენასა და ახალი სიცოცხლის მიცემას თანამედროვე კულტურულ კონტექსტში.
დელეგაცია ასევე ეწვია თბილისის სამხატვრო აკადემიას, "თიბისი" ბანკის ისტორიულ შენობასა და მოინახულა Lisi Development-ის თანამედროვე სივრცე.
ემოციური და სიმბოლური აღმოჩნდა მთაწმინდაზე ფუნიკულიორით ასვლა - ტრანსპორტით, რომლის იდეაც მე-19 საუკუნეში ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის ეკუთვნოდა, რაც ორ ქვეყანას შორის ისტორიული თანამშრომლობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია.
კულტურული მარშრუტი გაგრძელდა მცხეთაში - სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და მის ისტორიულ სამრეკლოში, რომელიც მამუკა ხაზარაძის მხარდაჭერით აღდგა. სტუმრები ეწვივნენ მის მიერვე აღდგენილ "შატო მუხრანს" (Château Mukhrani), სადაც ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს გაეცნენ.
მოგზაურობა კახეთში, "ვაზისუბნის მამულში" გაგრძელდა, სადაც ბელგიელმა სტუმრებმა ქართული სტუმართმოყვარეობისა და გასტრონომიის ხელოვნება შეიგრძნეს. ვიზიტი წინანდალში, Jazz & Wine Festival-ზე დასრულდა.
ბელგიური დელეგაციის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსა და ევროპას ერთიანი კულტურული ფესვები, ინტერესები და ღირებულებები აერთიანებს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

