რა კითხვები აქვთ აქტივისტებს ხელისუფლებასთან ლილოში ძაღლების „სასაკლაოს“ აღმოჩენის შემდეგ
01.11.202601.11.2026
ტვ პირველმა მოიპოვა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიჰყავთ ღამით ქუჩებიდან აყვანილი მიუსაფარი ძაღლები და როგორ ყრიან მათ სპეციალურ ორმოებში. მოპოვებული კადრების, მათი ავტორებისა და დაკვირვების მიხედვით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრიდან დახოცილი ძაღლებით სავსე მიკროავტობუსი, რომელსაც თავშესაფრის სიმბოლიკა მოხსნილი აქვს, ღამის 00:00 საათის შემდეგ გამოდის და ველის სასაფლაოსკენ მიემართება. ღამეში ზოგჯერ ორ რეისს აკეთებს.
პარალელურად, თვეებია, ქუჩის ძაღლებზე მზრუნველი ადამიანები ლაპარაკობენ, რომ ძაღლები, რომლებიც არიან ვაქცინირებულები, ჯანმრთელები და აქვთ სპეციალური საჭდეც, ქრებიან მათი ჩვეული გარემოდან.
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ტვ პირველის 31 ოქტომბრის „შაბათის ეთერში“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას სიუჟეტი გავიდოდა ამ თემაზე, ანონსის გასვლის შემდეგ ტერიტორიაზე ცხოველთა უფლებადამცველები გავიდნენ და თავადაც გაავრცელეს იქ ნანახი კადრები — ორმოები, რომლებიც დახოცილი ძაღლებითაა სავსე. გაფრთხილება ბმულზე გადამსვლელთათვის – კადრები მძიმე სანახავია.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ძაღლები არათუ დახოცილია, მათი ნაწილი ძალადობით არის მოკლული.
„ნარკოზით არ კლავენ ძაღლებს, პირდაპირ სასიკვდილო ინიექცია უკეთდებათ და იმიტომ აქვთ სახე ტკივილისგან მოღრეცილი! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცუგოები სპეციალურ სასაფლაოზე მიჰყავს. საწამლავის შეყვანიდან 15 წუთის განმავლობაში ისინი ტანჯვით ელოდებიან სიკვდილს, ამის შემდეგ კი ჯერ კიდევ თბილ ცხედრებს პირდაპირ ორმოში ყრიან და მიწას აყრიან“, — წერს მარიამ ცერცვაძე.
„რატომ აქვთ სამარხებში ძაღლებს თვალები გადმოკარკლული, იცით? ლიკვიდაციის პროცედურას ორი „ადამიანი“ ასრულებს: ე.წ. ვეტერინარი და ე.წ. კინოლოგი. კინოლოგი ლასოთი (რკინის ტარიანი მარყუჟი) იჭერს ძაღლს, რომ გააჩეროს, ზოგჯერ ჰაერშიც წევს ხოლმე, რითაც ძაღლს ასფიქსია ემართება და ამ დროს მეორე ადგება ფეხებზე, ასე აჩერებს და ურტყამს ნემსს გულის კუნთში!“ — ამბობს ნანუკა ძირტკბილაშვილი.
დღეს, პირველ ნოემბერს, 6:30-ზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ცხოველთა მოყვარულებისა და აქტივისტების აქციაა დაანონსებული.
რას ითხოვენ ისინი მომხდართან დაკავშირებით:
- გამჭვირვალე, სრულყოფილი გამოძიება;
- თითოეული ნაპოვნი ან დაღუპული ცხოველი როდის, რა საფუძვლით და ვის მიერ მოხვდა თავშესაფარში;
- დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რომელიც გამოიკვლევს სიკვდილის მიზეზს და დაადგენს, გამოყენებული იყო თუ არა სედაცია ან ანესთეზია;
- სრული დოკუმენტაცია სამარხში ნაპოვნი ცხოველების შესახებ, მათ შორის სამედიცინო დასკვნები, გამოყენებული პრეპარატები და სიკვდილის მიზეზები;
- ახსნა-განმარტება, რატომ არ მარხავენ ცხოველებს ბიოთერმულ ორმოებში, რაც დაავადებათა გავრცელების პრევენციას მოახდენდა.
აქტივისტებმა შეადგინეს ასევე პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის [1 ნოემბერი, 15:00 სთ] 3500-მდე ადამიანი აწერს ხელს.
„მოვითხოვთ არა ფორმალურ რეაგირებას, არამედ სრულყოფილ, დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას, ყველა შესაძლო დანაშაულის გამოვლენასა და პასუხისმგებელი პირების კანონით დადგენილი წესით დასჯას.
დაგვიმტკიცეთ, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მომიტინგეების დასასჯელად არ არსებობს ამდენი სახელმწიფო სტრუქტურა!“ — ნათქვამია პეტიციაში.
თბილისის მერიაში მომხდარს, გავრცელებულ კადრებსა და საზოგადოების რეაქციას უწოდებენ „მიზანმიმართულ კამპანიას“, რომელიც „გადაუმოწმებელ და ცრუ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს და საერთოდაც, მთელი მერიის „საქმიანობის დისკრედიტაციასა და მისი რეპუტაციის მიზანმიმართულ შელახვას ისახავს მიზნად“.
თბილისის მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში უკანონო და სახიფათო ქმედებებად არის შერაცხილი „სამარხების თვითნებური გახსნა, სამარხების თვითნებური გახსნა, ცხოველთა ნეშტების ამოყრა, მათი გადაადგილება და მსგავსი ქმედებები“.
„საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ტელეკომპანია „პირველის“ გავრცელებული ვიდეომასალა ასახავს პროცესს, რომელიც სრულად არის დაშვებული კანონმდებლობით. აღნიშნული სამარხი განკუთვნილია თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად. მათ შორის არიან ცხოველები, რომლებიც დაიღუპნენ სხვადასხვა დაავადების, ავტოსაგზაო შემთხვევების, უბედური შემთხვევებისა და ბუნებრივი სიკვდილის შედეგად. დედაქალაქის მასშტაბით, წელიწადში ევთანაზიით ასობით, ხოლო ბუნებრივი სიკვდილით ათასობით ცხოველი იღუპება.
[…] ჩვენ უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა შეისწავლონ გარკვეული ჯგუფის მიერ განხორციელებული ვანდალური ქმედება და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ასევე, თხოვნით მივმართავთ საზოგადოებას, არ აჰყვეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, არ მიიღოთ მონაწილეობა სახიფათო თვითნებურ ქმედებებში და დაეყრდნით მხოლოდ ოფიციალურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, — ნათქვამია განცხადებაში.
არც მერიის ეს ვრცელი განცხადება დარჩენილა გამოხმაურების გარეშე. რას წერს აქტივისტი ტასო ლოსაბერიძე:
- 500 მდე დახოცილი, ნაწამები ძაღლი რომ ვიპოვეთ ეგ არაა დანაშაული? მიწა რომ არ ჰქონდათ წესიერად მიყრილი და ზოგს ყური, ზოგს ფეხი რომ უჩანდა, ეგ არ არის დანაშაული?
- ბირკამოხსნილი ძაღლები რომ ყრია და მიმკედლებლებმა იცნეს ძაღლები, რომლებსაც ეძებდნენ და ატყუებდნენ არ წაგვიყვანიაო, ეგ არაა დანაშაული?
- ვირუსების გავრცელებას ხელს რომ უწყობენ ლეშების ასე მიყრით, ეგ არაა დანაშაული
- შემოუღობავ ტერიტორიაზე ასობით დახოცილი ძაღლი რომ ყრია, რისი უფლება არ გვქონდა უკაცრავად? სადმე შევიჭრით თუ რა დავარღვიეთ?
SAY.GE · აქტივისტები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

