ლაშა ფარულავა - კორუფციისა და დაუდევრობის გამო რუსთაველის გამზირზე, საფეხმავლო ბილიკიც კი არ არის მოწყობილი და ხალხს ტალახში უწევს გადაადგილება - ეს იმიტომ ხდება, რომ რეაბილიტაციის მსხვილი სამუშაო მერიამ ბექა ოდიშარიას სიძის კომპანიას ჩააბარა
კორუფციის, გულგრილობისა და დაუდევრობის გამო რუსთაველის გამზირზე, მათ შორის, თავისუფლების მოედნის მეტროს ამოსასვლელთან,
კორუფციის, გულგრილობისა და დაუდევრობის გამო რუსთაველის გამზირზე, მათ შორის, თავისუფლების მოედნის მეტროს ამოსასვლელთან, საფეხმავლო ბილიკიც კი არ არის მოწყობილი და ხალხს ტალახში უწევს გადაადგილება. იცით, რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ რეაბილიტაციის მსხვილი სამუშაო კალაძის მერიამ ბექა ოდიშარიას სიძის, ლევან გოგსაძის კომპანიას, „სმარტ სოლუშენსს“ ჩააბარა. გოგსაძე ამავე დროს „ქართული ოცნების“ შემომწირველადაც ფიქსირდება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, კომპანიამ სამივე ლოტი უკონკურენტოდ მოიგო და თავდაპირველად დაახლოებით 19,8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები მიიღო.
ფარულავა ასევე წერს, რომ ცალკე, ტროტუარების კეთილმოწყობისთვის მერიამ კიდევ ორი კომპანიის თორნიკე ჭკადუას კუთვნილი AWARD-ისა და „ნიუკონსის“ ტენდერებში ჯამურად დაახლოებით 7,5 მილიონი ლარი გამოყო: შესაბამისად, 3,65 და 3,854 მილიონი ლარი.
„ანუ, მხოლოდ ძირითადი რეაბილიტაციისა და ტროტუარების მოწყობისთვის დედაქალაქის მთავარ გამზირზე დაახლოებით 27,3 მილიონი ლარი იხარჯება.
ტროტუარების კეთილმოწყობის ნაწილში კალაძის მერიამ ტენდერი თორნიკე ჭკადუას კომპანიას AWARD-საც დაუკვეთა.
ეს ის ბიზნესმენია, რომლის მეორე კომპანიამ, „მამისონმა“, წლების განმავლობაში ვერ დაასრულა მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაცია, რაშიც ბიუჯეტიდან 4,7 მილიონი ლარი მიიღო.
ამის მიუხედავად, იმავე კომპანიას მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციაც ჩააბარეს, რომლის ღირებულებამ 12,8 მილიონი ლარი შეადგინა და რომელიც სრულად დღესაც არ არის დასრულებული.
ანუ, საქმეს დროულად ვერ ასრულებენ, ხარისხთან დაკავშირებითაც სერიოზული კითხვები არსებობს, მაგრამ კალაძის მერია ამ ბიზნესმენის კომპანიებს კვლავ მილიონობით ლარის სამუშაოებს ანდობს.
ალბათ, უკვე მიხვდებით, რატომ არის ეს ბიზნესმენი კალაძის ფავორიტი. შედეგად, ეს ფავორიტიზმი, გულგრილობა და დაუდევრობა თბილისელებს არამხოლოდ ძვირი უჯდებათ, არამედ პირდაპირ ტალახში სიარულს აიძულებს.
ცინიკურია, მაგრამ რუსთაველზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოქალაქეებს ელემენტარული საფეხმავლო ბილიკიც კი არ აქვთ. ამაზე მეტი დაცინვა რა უნდა იყოს?!
გამოძიებას ვითხოვთ? აზრი არ აქვს!
კორუფციასთან მებრძოლი კობახიძე თბილისის მერიაში კორუფციას ვერ ხედავს. მას მხოლოდ ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის გარემოცვაში ამჩნევს, იმიტომ, რომ ბატონს ასე სურს და არა იმიტომ, რომ რეალურად კორუფციას ებრძვის“- წერს ლაშა ფარულავა.
SAY.GE · დაუდევრობა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

