გორდულაძე: სუსი თურმე უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, აბსოლუტური ტყუილია - Batumelebi
ლელო • პოლიტიკა • საკონსტიტუციო სასამართლო • სამართალი • ქართული ოცნება •
„საერთოდ სიტყვას როგორ ახსენებთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე უსმენს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაცია,“ – ამ განცხადებით დღევანდელ სხდომაზე მოხსენება შეაწყვეტინა „ლელოს“ წარმომადგენელს, გიორგი სიორიძეს „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ.
მანამდე გიორგი სიორიძემ სუსის 2024 წლის ანგარიშიდან წაიკითხა კონკრეტული ჩანაწერები, სადაც საუბარია „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსიფიკაციის პოლიტიკის საფრთხეზე“.
გიორგი სიორიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ როცა „ოცნების“ შეფასებით, ოპოზიცია რუსეთის გაღიზიანებას ცდილობს, ამ დროს სუსის ანგარიშიც კი, პირდაპირ მიუთითებს რუსეთისგან მომავალ საფრთხეზე.
„მართლა გგონიათ, რომ რუსეთის გრუ-ს სძინავს და სუსის ამ საჯაროდ ხელმისაწვდომ დოკუმენტს ვერ კითხულობს?… ამ საკითხებით უნდა იყოს კიდეც სუსი დაინტერესებული, ნაცვლად სასულიერო პირების, „ოცნების“ ოპონენტების და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების პირადი ცხოვრების უკანონო თვალთვალისა,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.
„ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები… დაანებოს თავი ამ ტყუილების გამეორებას,“ – ამ ნაწილში შეაწყვეტინა ზუსტად გამოსვლა გიორგი სიორიძეს არჩილ გორდულაძემ: ტყუილია, რომ სასულიერო პირებს სუსი უსმენსო.
„გაღიზიანებას ვერ ვატყობ. ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო,“ – თქვა მოსამართლე რევაზ ნადარაიამ, თუმცა მაინც არჩია „ოცნების“ რეპლიკა გაეთვალისწინებინა და გიორგი სიორიძეს მიმართა:
„რაც შეეხება ბრალდებებს, ბატონო გიორგი, უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო კორექტული. თქვენი შეფასებებისგან ამა თუ იმ ფაქტების შეიკავეთ თავი. რაც არ არის კონკრეტული გადაწყვეტილებებით დადასტურებული, ასეთი მითითებებისგან თავი შეიკავეთ,“ – აღნიშნა პლენუმის თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიამ. „გადაწყვეტილებებში“ მან სასამართლოს გადაწყვეტილებები იგულისხმა, თუმცა როგორ იარსებებს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ გამოძიება, მაგალითად, გასაჯაროებულ „სუსი ფაილებს“ არ გამოიძიებს? „სუსის ფაილების საქმეზე“ იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ და „ოცნების“ დამფუძნებელმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყებას 2022 წელს მიმართა და დაზარალებულის სტატუსი მოითხოვა. კობახიძე პროკურატურაში გამოიკითხა. „დაკითხული ვარ პროკურატურაში, დიახ. ჩემი ინიციატივით მივმართე [საგამოძიებო უწყებას] და, რამდენადაც მახსოვს, დაზარალებულის სტატუსი მოვითხოვე“, – განაცხადა მანანა კობახიძემ 2022 წელს.
სავარაუდოდ, სუს-იდან 2021 წელს გაჟონილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბრები მოხვდა პრეზერვატივების კომპანია „აიისას“ სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა.
„ეს იყო საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რაზეც სასულიერო პირებიც საუბრობდნენ. კრებსები არაერთხელ გამოსულა. ეს მართლა ხდებოდა,“ – მოსამართლე რევაზ ნადარაიას მიმართა გიორგი სიორიძემ.
„ისეთ რაღაცაზე ვსაუბრობთ, რაც თემას არ ეხება,“ – დისკუსია დაასრულა რევაზ ნადარაიამ.
მე-8 დღეა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება „ოპოზიციის გაუქმების საქმეზე“ განხილვა.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 2
არჩილ გორდულაძე: ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაინფო 9 · 12:15
არჩილ გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა, რომ სუსი თურმე, უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, არის აბსოლუტური ტყუილი და დეზინფორმაციაფრონტნიუსი · 12:38
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 