პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სარჩელის გაზიარება რუსეთის სასარგებლოდ სუვერენიტეტის კონსტიტუციურ თვითშეზღუდვას შეიძლება გაუტოლდეს — სიორიძე

„ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, არ დააკმაყოფილოს „ქართული ოცნების“ სარჩელი პარტიების აკრძალვაზე. სიორიძე კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აგვისტოს ომთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს მიიჩნევს. საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული…

სარჩელის გაზიარება რუსეთის სასარგებლოდ სუვერენიტეტის კონსტიტუციურ თვითშეზღუდვას შეიძლება გაუტოლდეს — სიორიძე
ფოტო: ნეტგაზეთი

30.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„ლელოს“ წევრი გიორგი სიორიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, არ დააკმაყოფილოს „ქართული ოცნების“ სარჩელი პარტიების აკრძალვაზე.

სიორიძე კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ აგვისტოს ომთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ ჩანაწერებს მიიჩნევს. საკონსტიტუციო სარჩელით „ქართული ოცნება“ ოპოზიციას მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის დაზიანებასა და საქართველოსა და რუსეთს შორის აქტიური საომარი მოქმედებების გაჩაღების მცდელობას ედავება.

სიორიძემ განაცხადა, რომ „ლელო“ სრულად იზიარებს საქართველოს გაცხადებული პოზიციას, რომ ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა აღდგეს, თუმცა გაუგებარია, რის დაზიანებაზე საუბრობს მოსარჩელე — ზოგად მიდგომაზე თუ რაიმე ინსტიტუციურად გამყარებულ კონკრეტულ გეგმაზე.

„იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის რეალური პერსპექტივის ამსახველი გეგმა ხელისუფლების მხრიდან წარმოდგენილი არ არის, კონსტიტუციური სარჩელის ერთადერთ პრაქტიკულ დანიშნულებად რუსეთთან ურთიერთობების ნებისმიერი ესკალაციის კონსტიტუციური აკრძალვის დამკვიდრება გვევლინება. ასეთი მიდგომა შექმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს, რომლის საფუძველზეც რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის — ამ თითქოს ხელისუფლების რაღაც სტრატეგიაზე, რომელიც არ არსებობს — დაფუძნებული პერსპექტივით ინიღბება და ეს უნდა გახდეს ეს კონსტიტუციური დანაწესი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამგვარი ინტერპრეტაციის გაზიარება ფაქტობრივად დაადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფოს ნებისმიერი სამომავლო პოლიტიკური არჩევანის, კონსტიტუციურობის კრიტერიუმი რუსეთის პოტენციური რეაქციაა, რაც რუსეთის სასარგებლოდ ჩვენი სუვერენიტეტის კონსტიტუციურ თვით შეზღუდვას შეიძლება გაუტოლდეს“, — განაცხადა სიორიძემ.

ხელისუფლება ოპოზიციას ასევე ედავება რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას, რომლის დაკმაყოფილებაც, „ოცნების“ ინტერპრეტაციით, საქართველოსა და რუსეთს შორის ვითარების მწვავე ესკალაციის უშუალო საფრთხეს შექმნიდა.

სიორიძემ მაგალითად მოიყვანა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას ბრძანება, რუსეთისა და ბელარუსის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვის აუცილებლობის შესახებ, ასევე, შემდეგი ციტატები:

ვლადიმერ ბოჟაძე: „სრულად ვართ მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და სრულად ვიცავთ. ჩვენი პარტნიორებისგან არცერთი საყვედური ამ თვალსაზრისით არ მოგვისმენია”.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი:
„საქართველო იცავს საფინანსო სექტორში დაწესებულ სანქციებს, რომელიც ეხება საფინანსო ოპერაციებს და ასევე საქართველო იცავს სანქციებს რომელიც ეხება სავაჭრო ურთიერთობებს. საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით რეგულატორი არის ეროვნული ბანკი, რომელიც ახდენს ზედამხედველობას. სავაჭრო ურთიერთობებთან მიმართებით რეგულატორი არის ფინანსთა სამინისტრო, რომელიც შემოსავლების სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის მეშვეობით ახდენს სანქციების აღსრულებას“.

„ახლა მე მიჩნდება კითხვა — თუკი ოპოზიციის მხრიდან სანქციებთან მიერთების მოთხოვნა (თუნდაც უფრო მეტ სანქციასთან) საფრთხეს ქმნიდა, რომ საქართველო გამხდარიყო კონფლიქტის მხარე, [ნათია თურნავას] ეს აქტი, ფინანსთა მინისტრის განცხადება და პარლამენტის წევრის საჯარო განცხადება არ ქმნის? სად არის აქ ლოგიკა? სანქციების ნაწილში თვითონ „ქართული ოცნების„ სარჩელის ლოგიკა არის წინააღმდეგობრივი“, — დასძინა გიორგი სიორიძემ.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ