ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - ე.წ. სუს-ის კრებსების ხსენებამ გორდულაძე აღაშფოთა: "თურმე ვიღაც უსმენს ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი"
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის ცნობილი კრებსები…
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს განახლდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც "ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიორგი სიორიძემ სუს-ის ცნობილი კრებსები ახსენა და თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ შორის სასულიერო პირებსაც უსმენდა. მას სიტყვა გააწყვეტინა არჩილ გორდულაძემ.
"ბატონმა სიორიძემ რაც იკადრა და ამას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლოში, რომ თურმე სუს-ი უსმენს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს, ეს არის ტყუილი. გთხოვთ უზრუნველყოთ, რომ ასეთი ტყუილები არ იკადროს, ყველანაირ ზღვარს გადასულია", - განაცხადა მან.
ვითარებაში საკონსტიტუციოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ჩაერია და გორდულაძეს მოუწოდა, თავი შეეკავებინა:
"მეორედ არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი გიორგი რაღაც გაღიზიანებულია , გაღიზიანებას ვერ ვატყობ, შეიძლება ცოტა ემოციური გამოსვლა აქვს, ამიტომ ამ მითითებას არ იზიარებს სასამართლო, რაც შეეხება ბრალდებებს ბატონო გიორგი, ცოტა უხეშ ბრალდებებს, შეეცადეთ იყო კორექტული, ამა თუ იმ ფაქტების შეფასებისგან თავი შეიკავეთ, დანარჩენი გააგრძელეთ.
"მე გავითვალისწინებ ამ ყველაფერს, მაგრამ ეს არ იყო შეფასებები, ეს არის საჯაროდ გავრცელებული ფაქტები, რომელზეც თავად სასულიერო პირებიც საუბრობდნენ - გარდა ამისა, კრებსები არაერთხელ გამოსულა, მათ შორის ამ კრებსებში პოლიტიკური ოპონენტები მოხვედრილან და ეს მართლა ხდებოდა. უბრალოდ ბატონმა გორდულაძემ გადაწყვიტა... ჯერ ერთი თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემს რწმენას და ეკლესიურობას. როგორ ბედავთ ეკლესიაზე საუბარსო, ეს რა განცხადებაა ბატონო მოსამართლევ? გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა, მე არანაირად არ ვღიზიანდები", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, გიორგი სიორიძის გამოსვლის შემდეგ, გათვალისწინებულია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ახსნა- განმარტებების მოსმენაც.
ნადარაიას ინფორმაციითვე, მომდევნო კვირის განმავლობაში მხარეები შეისვენებენ და პროცესი ახალი ეტაპით, რომელიც კითხვა-პასუხს მოიცავს, 9 ნოემბრიდან განახლდება.
SAY.GE · აღაშფოთა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

