პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

GIZ-ის პროექტის ფარგლებში ხუთ ქალაქში ურბანული განვითარების ინიციატივები განხორციელდა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

GIZ-ის პროექტის ფარგლებში ხუთ ქალაქში ურბანული განვითარების ინიციატივები განხორციელდა
ფოტო: პუბლიკა

29 ოქტომბერს თბილისში გაიმართა კონფერენცია „ურბანული ლაბორატორიები საქართველოში: იდეებიდან განხორციელებამდე“.

ღონისძიებაზე პროექტის „მდგრადი ურბანული განვითარება“ (SUD) ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ხუთ პარტნიორ ქალაქში განხორციელებული ინიციატივები წარადგინეს.

პროექტს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებდა. მისი მიზანი ადგილობრივი ურბანული ინიციატივების მხარდაჭერა, მონაწილეობითი დაგეგმვის გაძლიერება და მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა საქართველოში, ბარბარა ფოსმა, მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანების საჭიროებებზე მორგებული ურბანული გარემოს შექმნა ყველა ძირითადი დაინტერესებული მხარის აქტიურ ჩართულობასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ინკლუზიური და მდგრადი ურბანული გარემოს მნიშვნელობას პლურალისტური საზოგადოების განვითარებისთვის.

პროექტის ფარგლებში ურბანული ლაბორატორიები ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ონსა და სამტრედიაში მუშაობდა. ამ ქალაქებში ჯამში 360 000 ადამიანი ცხოვრობს.

ბათუმში, ძველი ბათუმის ისტორიულ უბანში, ურბანული გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობდნენ. გორში ყურადღება ჭალის უბნის საზოგადოებრივი და გამწვანებული სივრცეების კეთილმოწყობას დაეთმო, ზუგდიდში — ქალაქის ცენტრალური ნაწილის გაუმჯობესებას, ხოლო ონსა და სამტრედიაში — ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

პროექტში 30 ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია მონაწილეობდა. ხუთივე ქალაქში ურბანული გარემოს გაუმჯობესების გადაწყვეტილებების შემუშავების პროცესში 350-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო.

პროექტის ფარგლებში სამ ქალაქში ადგილობრივი საჭიროებების, ურბანული ანალიზისა და მოქალაქეთა ჩართულობის საფუძველზე სამეზობლო კონცეფციები შეიმუშავეს. მათი ნაწილი სადემონსტრაციო პროექტების სახით ხორციელდება. ასევე მომზადდა საქართველოს საჯარო ინვესტიციების სტანდარტებთან შესაბამისი პროექტები, რომლებიც დაფინანსების მისაღებად მზადაა.

პროექტის გამოცდილების საფუძველზე მომზადდა პოლიტიკის რეკომენდაციები, პრაქტიკული ინსტრუმენტები და ცოდნის გაზიარებისთვის განკუთვნილი მასალები.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულება მუნიციპალური ენერგომენეჯმენტის გაძლიერება იყო. ოთხ მუნიციპალიტეტში ენერგომენეჯმენტის სისტემები დაინერგა და ენერგოაუდიტები ჩატარდა.

კლიმატმეგობრული ენერგეტიკის ბაზრობებში 500-ზე მეტი ადამიანი და 30 მცირე და საშუალო საწარმო მონაწილეობდა. სამ მუნიციპალიტეტში ჩატარებული კონკურსის შედეგად ექვსი საწარმო SUD-ის ფინანსური მხარდაჭერით ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების ღონისძიებებს ახორციელებს.

კონფერენციაზე საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა, განაცხადა, რომ ევროკავშირი მომდევნო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში 4,5 მილიონ ევროს გამოყოფს ინიციატივისთვის „ევროკავშირი მდგრადი ურბანული განვითარებისთვის“ (EU for Sustainable Urban Development). ეს ევროკავშირისა და გერმანიის ერთობლივი ინიციატივაა.

მისი თქმით, დაფინანსება ევროკავშირის მიერ ახლახან გამოცხადებული 38 მილიონი ევროს პაკეტის ნაწილია, რომელიც ახალი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

სენდროვიჩის განცხადებით, ინიციატივის „EU with You“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტები ქვეყნის მასშტაბით ოჯახებისა და ადგილობრივი თემების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ევროკავშირი მცირე ქალაქებსა და დაბებში ინკლუზიურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას დაუჭერს მხარს. პროექტები, მათ შორის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნასა და საზოგადოებრივი სივრცეების გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

სენდროვიჩმა აღნიშნა, რომ GIZ-ის მრავალწლიანი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა კონკრეტული შედეგების მიღწევას შეუწყობს ხელს.

კონფერენციის მეორე ნაწილი მდგრადი ურბანული განვითარების თანამედროვე მიდგომებს დაეთმო. მონაწილეებმა განიხილეს ინტეგრირებული სამეზობლო კონცეფციების შემუშავება და ახალი ევროპული ბაუჰაუზის პრინციპების — მდგრადობის, ინკლუზიურობისა და დიზაინის ხარისხის — გამოყენება ურბანულ განვითარებაში.

ღონისძიება ურბანული ლაბორატორიების მუშაობის ამსახველი გამოფენით დასრულდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სამეზობლო კონცეფციები, განხორციელებული ღონისძიებების შედეგები, მონაწილეობითი დაგეგმვის მეთოდები და ტაქტიკური ურბანიზმის მაგალითები.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 30.10.2026, 11:23. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ