პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„თითქმის შიშველი, საცვლით გადაიყვანეს დაკავებული კაცი ბათუმიდან ოზურგეთში“ - ადვოკატი - Batumelebi

პატიმრის უფლებები • სამართალი • შსს • წამება •

„თითქმის შიშველი, საცვლით გადაიყვანეს დაკავებული კაცი ბათუმიდან ოზურგეთში“ - ადვოკატი - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი თითქმის შიშველი, საცვლის ამარა ჩაიყვანეს პოლიციელებმა ბათუმიდან ოზურგეთში… დამამცირებელ მოპყრობაზე გამოძიება არ დაიწყო,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი გუბელაძე.

პოლიციელებს ბესიკ ბ. ძარცვის ბრალდებით 2026 წლის 15 ივლისს დაუკავებიათ:

„ის მიიყვანეს პოლიციის მე-7 განყოფილებაში, სადაც პირადი შემოწმების მიზნით გახადეს ტანსაცმელი. შემდეგ კი უთხრეს, რომ ტანსაცმელს ვერ დაუბრუნებდნენ… მერე უთქვამთ, ბათუმის იზოლატორში ადგილი არ არისო და ბათუმიდან ოზურგეთში თითქმის შიშველი, საცვლის ამარა გადაიყვანეს.

ოზურგეთის იზოლატორში ვიღაცამ გამოიჩინა ადამიანობა და ბრალდებულს ჩააცვა სხვისი ძველი ტანსაცმელი. ბათუმში რომ ჩამოიყვანეს ბესო პირველი წარდგენის პროცესზე, ტიროდა, იმდენად დამცირებულად გრძნობდა თავს.

ამის შესახებ ბრალდებულმა თავად უთხრა მოსამართლეს, მოსამართლემ კი, ფაქტის მოკვლევა დაავალა პროკურორს. დისტანციური წესით გამოკითხეს ბესო, რასაც მეც ვესწრებოდი და ბრალდებულმა დაადასტურა ის, რაც მანამდე მოსამართლეს უთხრა.

იმ პოლიციელს უთქვამს [ვინც დაკავებული შეამოწმა] თვითონ ბრალდებულმა აღარ ჩაიცვა ტანსაცმელი და მზად ვართ ჩაგაბაროთო. ეს უკვე არასერიოზულია.

მერე მოვიკითხე, რა გააკეთა გამოძიებამ-მეთქი და მიპასუხეს: ეს საქმე შსს-ს გენინსპექციას გადავეცით, არ დაგვიწყია გამოძიებაო. გამოდის, რომ შსს-ს ერთი უწყება გამოიძიებს შსს-ს თანამშრომლების მიერ ჩადენილ დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევას?

დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა დანაშაულია, რაც პროკურატურას უნდა გამოეძიებინა.

ეს თემა ასე ჩაფარცხეს. ამჯერად მივმართავ სახალხო დამცველსაც, რომ მოახდინოს რეაგირება. აქამდე საჯაროდ არ გვისაუბრია, რადგან ბრალდებულს არ სურდა ამის გაჟღერება და დაცვის მხარის სტრატეგიაც ეს იყო.

ძარცვის საქმეზე წინასასამართლო სხდომა უკვე ჩატარდა, არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გიორგი გუბელაძემ.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს და იკითხა, რა ეტაპზეა ამ ფაქტის მოკვლევა გენერალურ ინსპექციაში? – ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ადვოკატ გიორგი გუბელაძის თქმით, ბესიკ ბ. – ს მანამდე პროკურატურა სხვა დანაშაულის ჩადენას ედავებოდა, მაგრამ იგი სასამართლომ გაამართლა. ამ ფაქტის შემდეგ კი, პოლიციელები ბესიკ ბ.-ს ქვეყნის დატოვებას სთხოვდნენ. ადვოკატმა არ გვითხრა, რა მუხლით იყო წინა შემთხვევაში ბრალდებული ბესიკ ბ. თუმცა თქვა, რომ მას „ქურდული სამყაროს“ წევრობას არ ედავებოდნენ.

ბოლო წლებში, რამდენიმე ადვოკატმა განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით გასამართლებულ პირებს პოლიცია ქვეყნის დატოვებას აიძულებს.

__

მთავარი ფოტო: ადვოკატი გიორგი გუბელაძე

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: ჯაბა ანანიძე · გამოქვეყნდა 29.10.2026, 21:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ