ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ევროკომისიის ანგარიში უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს ფარავს. საიას განცხადებით, ევროკომისიის ბოლო ანგარიში, წინა ანგარიშების მსგავსად, საქართველოს შესახებ…

ევროკომისიის ანგარიში უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს – საია
ფოტო: ნეტგაზეთი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ეხმაურება ევროკომისიის მიერ 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ გაფართოების ანგარიშს, რომელიც 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდს ფარავს.

საიას განცხადებით, ევროკომისიის ბოლო ანგარიში, წინა ანგარიშების მსგავსად, საქართველოს შესახებ უკიდურესად მძიმე რეალობას აღწერს და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში უკუსვლის გაგრძელებაზე მიუთითებს.

საიას განცხადებით, ანგარიში მიუთითებს, რომ ქვეყანაში ფუნდამენტური უფლებების კუთხით უკვე მესამე წელია უკუსვლა შეინიშნება.

როგორც საია აცხადებით, ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მძიმე მდგომარეობას, რომელზეც ადგილობრივი უფლებადამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები და მექანიზმები უკვე მესამე წელია საუბრობენ.

საია გამოყოფს იმ პრობლემებს, რომელსაც ევროკომისიის ანგარიში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით აღწერს:

„ახალი საკანონმდებლო ცვლილებები

ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა და დაზიანდა რეპრესიული კანონმდებლობის შედეგად, რომელიც ხელყოფს ფუნდამენტურ უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებებს, აგრეთვე თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ 2025 წელს და 2026 წლის მარტში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში, „გრანტების შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააფართოვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და უცხოური დაფინანსების მარეგულირებელი შემზღუდველი სამართლებრივი ჩარჩო.

ანგარიში ხაზს უსვამს ვენეციის კომისიის დასკვნებში გაკეთებულ შეფასებებს, რომელთა მიხედვითაც აღნიშნული ცვლილებები, მანამდე მიღებულ შემზღუდველ ზომებთან ერთობლიობაში, საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებსა და პოლიტიკურ თავისუფლებებს არაპროპორციულად და გაუმართლებლად ზღუდავს, განსაკუთრებით გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებების მიმართულებით, რაც საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

წამების აკრძალვა და საპოლიციო ძალადობის გამოუძიებლობა

საქართველოში წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციის სამართლებრივი გარანტიები არასაკმარისია. შესაბამის შემთხვევებზე რეაგირება და მათი შემდგომი განხილვა არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუდგამს ნაბიჯები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, საპროცესო გარანტიების, მტკიცების სტანდარტებთან დაკავშირებული სიცხადის არარსებობისა და დაკავების შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების ეფექტიანი უფლების არარსებობის მიმართულებით.

ანგარიში ხაზს უსვამს საპოლიციო ძალადობისთვის ადეკვატური პასუხისმგებლობის არარსებობას და აღნიშნავს, რომ 2026 წლის მაისში გენერალურმა პროკურატურამ, 2024 წლის დემონსტრაციების დროს ძალადობის გამო, ხუთი პოლიციელის მიმართ წარადგინა ბრალდება უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების უდიდესი უმრავლესობა ამ დრომდე გამოუძიებელია.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპროტესტო დემონსტრაციების დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შესაძლო შერევის ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიება ამ დრომდე არ ჩატარებულა.

თვითნებური დაკავება და არაპროპორციული სასჯელები

ანგარიში მიუთითებს, რომ აგვისტოში პრეზიდენტმა შეიწყალა 2024–2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად თავისუფლებააღკვეთილი რამდენიმე პირი, მას შემდეგ, რაც მათ დანაშაული აღიარეს. თუმცა, ანგარიშის მიხედვით, გაცილებით მეტი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გადაჭარბებული გამოყენება და არაპროპორციული სასჯელების დაკისრება მნიშვნელოვნად აზიანებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო ორგანოების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების დაბალ მაჩვენებელზე.

შეკრების თავისუფლების შეზღუდვა

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შეკრებების მარეგულირებელი კანონმდებლობა კვლავ შემზღუდველია. საანგარიშო პერიოდში განვითარებული მოვლენები მიუთითებს შეკრებების პოლიციური კონტროლის შემზღუდველი პრაქტიკის თანდათანობით დამკვიდრებაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ დონეზე.

გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობის უკუსვლა

უკვე მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებითაც. ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის საქმიანობის გარემოზე კვლავ უარყოფითად აისახება დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების სისტემატური ფაქტები, მათ შორის, ონლაინ კამპანიები, რომელთა მასშტაბსაც პრო-სამთავრობო მედიასაშუალებები კიდევ უფრო ზრდიან.

ანგარიშში გამოთქმულია კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული შეშფოთება, რაც შინაარსის რეგულირების მიმართულებით კომისიის მანდატის გაფართოებასთან ერთად, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მედიის სარედაქციო თავისუფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახლადშექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობა ასევე იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. ანგარიშის მიხედვით, სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ფართოდ არის განსაზღვრული, რაც მათი თვითნებური განმარტებისა და გამოყენების რისკს ქმნის.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი კვლავ მოკლებულია ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკით ხასიათდება.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღუსრულებლობა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) გადაწყვეტილებების აღსრულება არადამაკმაყოფილებელია. ეს ეხება, მათ შორის, მართლმსაჯულების, პენიტენციური და სამართალდამცავი სისტემების ფუნქციონირებასთან, აგრეთვე დისკრიმინაციისგან დაცვასთან დაკავშირებულ სისტემურ და სტრუქტურულ პრობლემებს.

დისკრიმინაციის აკრძალვის მდგომარეობა

ანგარიში ყურადღებას ამახვილებს თანასწორობის კუთხით არსებულ არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაზე, მათ შორის:

  • გენდერული თანასწორობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არასრულყოფილია, ხოლო მისი განხორციელება და აღსრულება არასაკმარისია. კვლავ გრძელდება ანტიუფლებრივი ნარატივების გავრცელება, რომელთა სამიზნეს, განსაკუთრებით, გენდერული თანასწორობის საკითხები წარმოადგენს. ანგარიშის შეფასებით GREVIO-ს რეკომენდაციების შესრულების კუთხით პროგრესი შეჩერებულია.
  •  ბავშვის უფლებების დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არასრულყოფილია, ხოლო მისი განხორციელება და აღსრულება არასაკმარისია. ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულება კვლავ გამოწვევად რჩება. პროგრესი არ ყოფილა ბავშვთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით, მათ შორის, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დაცვის კუთხით, ხოლო დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი შეზღუდული იყო. ბავშვების მიმართ ძალადობის შესახებ სრულყოფილი მონაცემები არ არსებობს, რაც პრობლემის მასშტაბის შეფასებას ართულებს. ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიმართულებით მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით, 2025 წლის დეკემბერში „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად. ანგარიშის შეფასებით, აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს, რომელთა თანახმადაც, თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებად, შესაბამისი გარემოებებისთვის უმოკლესი ვადით და ისეთი სისტემის ფარგლებში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, მის რეინტეგრაციასა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული ღონისძიებების ალტერნატიული მექანიზმების გამოყენებაზე. გამოწვევად რჩება ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკა და ამ საკითხზე სტატისტიკის არასათანადო წარმოება.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არასრულყოფილია, ხოლო მისი განხორციელება და აღსრულება საჭიროებს გაუმჯობესებას. ანგარიში ხაზს უსვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები კვლავ აწყდებიან სისტემურ ბარიერებს საკუთარი უფლებებით სარგებლობასთან დაკავშირებით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განსაზღვრის სისტემის კუთხით არსებითი სისტემური ცვლილებები არ მიღებულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჯარო სერვისებზე წვდომა კვლავ შეზღუდულია, დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით პროგრესი კვლავ შეზღუდული იყო.
  • ლგბტქი+ პირთა უფლებების სამართლებრივი დაცვა არასაკმარისია, ხოლო ლგბტქი+ პირები აწყდებიან სერიოზულ დისკრიმინაციას, შეუწყნარებლობასა და სისტემურ ძალადობას. 2024 წლის საკანონმდებლო ცვლილებებმა ლგბტქი+ პირთა უფლებების მნიშვნელოვანი შეზღუდვა გამოიწვია. გაიზარდა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევები და ჰომოფობიური და ტრანსფობიური რიტორიკა, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული და წახალისებული რიტორიკა. ამასთანავე, ლგბტქი+ პირები აწყდებიან ბარიერებს, რომლებიც მათ ჯანდაცვის სერვისებზე, განათლებასა და დასაქმებაზე ხელმისაწვდომობას უზღუდავს.
  • ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო არასრულყოფილია, ხოლო უმცირესობების წარმომადგენლები დისკრიმინაციას აწყდებიან. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან განათლებაზე, საჯარო სერვისებზე, სამოქალაქო ჩართულობასა და საჯარო სამსახურში დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა კვლავ შეზღუდულია. მუდმივი სტრუქტურული ბარიერები, მათ შორის, ენობრივი და საინფორმაციო ბარიერები, კვლავ ზღუდავს უმცირესობების სოციალურ და პოლიტიკურ წარმომადგენლობას.

დემოკრატია და მართლმსაჯულება

ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესება გაგრძელდა.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით დაწყებული სამართალწარმოება ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის.

ანგარიშის მიხედვით, ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები საარჩევნო სისტემის სრულყოფილი რეფორმირების მიმართულებით, მიუხედავად დიდი ხნის განმავლობაში არსებული რეკომენდაციებისა.

ანგარიშის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია საარჩევნო პროცესის კონკურენტულობა და გამჭვირვალობა. აღნიშნული გარემო მოიცავდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ მიმართულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის მიერ არჩევნების ბოიკოტს, მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის არარსებობას, ამომრჩეველთა დაშინებასა და ეუთო ოდირის და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლების არყოფნას.

ანგარიშის მიხედვით, მართლმსაჯულების სფეროში ზედიზედ უკვე მესამე წელია, ამ მიმართულებით უკუსვლა შეინიშნება.

მართლმსაჯულების სისტემის ძირეული და ყოვლისმომცველი რეფორმირების შესახებ ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად არანაირი რეფორმა არ განხორციელებულა. კერძოდ, საქართველოს ჯერ კიდევ არ განუხორციელებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმა შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება კვლავ სერიოზულად არის შერყეული. 2025 წლის დეკემბერში მართლმსაჯულების სისტემის სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები კიდევ უფრო ასუსტებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და კეთილსინდისიერებას და ზრდის სასამართლო სისტემის მიტაცების რისკებს.

დემონსტრანტებისთვის დაკისრებული მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს შეშფოთებას, რომ სასამართლო სისტემა რეპრესიული მექანიზმის აღსრულების ინსტრუმენტად გამოიყენება.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ წინა წლის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელი და რელევანტურია და იგი მოუწოდებს სახელმწიფოს, მყისიერად იმოქმედოს მათ შესასრულებლად. მათ შორის, ანგარიში მოუწოდებს ახელმწიფოს:17

– გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, მათ შორის, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები;

– გააუქმოს კანონები, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ „გრანტების შესახებ“ კანონში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები და მათთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებები, აგრეთვე „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი;

– საფუძვლიანად გამოიძიოს ყველა ბრალდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების გამოყენების შესახებ და წარადგინოს დამნაშავე პირები მართლმსაჯულების წინაშე;

– უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება და ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათი დაშინების ყველა შემთხვევაზე დროული, მიუკერძოებელი და სათანადო სამართლებრივი რეაგირება;

– გააუქმოს პრესისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონები, მათ შორის, 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან დაკავშირებული სხვა შემზღუდველი საკანონმდებლო აქტები;

– მედიის წარმომადგენლებისა და მედია ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს ღია, უსაფრთხო და პლურალისტური გარემო, რომელიც თავისუფალი იქნება მთავრობის მხრიდან ცენზურის, რეპრესიების, სამსახურიდან გათავისუფლებისა თუ სამართლებრივი დასჯისგან გამოხატვის ნებისმიერი ფორმის, მათ შორის, ონლაინგამოხატვის შემთხვევაში.

ადამიანის უფლებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ევროპული ინტეგრაციის ვალდებულებისა და კონსტიტუციის მეორე თავითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესასრულებლად, ევროპული კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება უნდა მოხდეს და უნდა შეწყდეს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების ხელმყოფი ქმედებები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

2026 წლის 4 ნოემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების პოლიტიკის შესახებ ერთობლივი კომუნიკაცია და ანგარიშები კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი ქვეყნების შესახებ.

საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით რჩება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა— ასეთია ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მთავარი დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროკომისიის შეფასებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აგრძელებს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე შეტევით, ასევე, სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობით.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 09.11.2026, 11:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ