ხულოს მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარის სიმაღლე 30 სანტიმეტრს აღწევს - Batumelebi
თოვლი • ხულო •
აჭარის მაღალმთიან სოფლებში უკვე ჩამოთოვა.
„ბათუმელებს“ დღეს, 9 ნოემბერს, ხულოს მერიაში უთხრეს, რომ თოვლის საფარის სიმაღლე მაღალი ზონის სოფლებში 20-30 სანტიმეტრია, დაბალ ზონაში კი – 10-15 სმ.
„ჯერ არ არის იმხელა თოვლი, რომ გზებს გაწმენდა დასჭირდეს, მაგრამ ცენტრალური გზების გაწმენდა უკვე დაწყებულია“- გვეუბნებიან ხულოს მერიაში.
გასულ კვირებში ხულოს მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობა „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ შეშისთვის ბილეთების დაგვიანებით გაცემის გამო, ბევრი ვერ ასწრებს შეშის დროულად მოტანას.
მერიაში ვიკითხეთ, ხომ არ აქვთ მონაცემები იმ ოჯახების შესახებ, რომლებმაც, შესაძლოა, ვერ მოასწრეს შეშის მოტანა უსახსრობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. მერიაში გვითხრეს, რომ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.
„სკოლები უზრუნველყოფილია შეშით, ვისაც შეშაზე აქვს გათბობა ან დიზელზე, გათბობის სისტემები ჩართულია და სკოლებში პრობლემა არ გვაქვს“- გვეუბნებიან ხულოს მერიაში.
ამინდი აჭარაში რამდენიმე დღეა რაც გაუარესდა. ძლიერი წვიმებია დაბლობშიც.
SAY.GE · სანტიმეტრი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
