ორშაბათი, 9 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2026

გიორგი მელაშვილი - “რუსეთის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა” ეკლესიისა და ხელისუფლების პირველი დაპირისპირება ახალი

ქართული პრესის მიმოხილვა 09.11.2026
ფოტო: ინტერპრესნიუსი

გიორგი მელაშვილი - “რუსეთის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა”

ეკლესიისა და ხელისუფლების პირველი დაპირისპირება ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ

დავით ზურაბიშვილი - “მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, ყველა პარტია ერთად აკრძალულიყო”

* * *

გიორგი მელაშვილი - “რუსეთის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა”

“აქამდე დონალდ ტრამპს ძალიან უმართლებდა, რადგან კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ, რაც მას, ფაქტობრივად, სრულ კარტ-ბლანშს აძლევდა საკუთარი ინიციატივების განსახორციელებლად. ახლა სიტუაცია მკვეთრად იცვლება: დემოკრატიული კონგრესი გაცილებით აქტიურად გამოიყენებს საკანონმდებლო და საზედამხედველო ბერკეტებს აღმასრულებელი ხელისუფლების გასაკონტროლებლად და მიიღებს მთელ რიგ კანონებს, რომლებიც შეზღუდავს პრეზიდენტის შიდაპოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას - აქ კონგრესს შედარებით ნაკლები პირდაპირი ბერკეტი აქვს, თუმცა ფუნდამენტური გარანტიები მაინც არსებობს. მაგალითად, ნატოდან აშშ-ის შესაძლო გამოსვლის საფრთხე ახლა, პრაქტიკულად, ნულამდე დადის. ნატო არის ალიანსი, რომელშიც ამერიკის წევრობა საკანონმდებლო დონეზეა დადასტურებული და სანამ კონგრესი ამას არ გააუქმებს, ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ მიიღებს რადიკალურ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას”, - აცხადებს ექსპერტი გიორგი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით ძალიან გაძვირებული ცხოვრება ანუ რატომ წააგო სინამდვილეში ტრამპმა?!

“იგივე ითქმის დაფინანსებაზეც. შესაძლოა ვიხილოთ იმ საერთაშორისო სააგენტოებისა თუ პროგრამების დაფინანსების აღდგენა ან გაზრდა, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს მნიშვნელოვნად შეიკვეცა. საზოგადოდ, უახლოეს პერიოდში ჩვენ მოწმენი გავხდებით სერიოზული დაპირისპირებისა დემოკრატიულ კონგრესსა და რესპუბლიკურ ადმინისტრაციას შორის, განსაკუთრებით საბიუჯეტო საკითხებზე. რუსეთ-უკრაინის ომის მიმართულებით უნდა ველოდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. დემოკრატიულ პარტიას აქვს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავდება რესპუბლიკელთა მიდგომებისგან. უკრაინის საკითხი არ წარმოადგენს უთანხმოების საგანს ამერიკულ პოლიტიკურ სპექტრში - ყოველ შემთხვევაში, რესპუბლიკელებისა და დემოკრატების ჯანსაღ, ინსტიტუციურ ფლანგებს შორის. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ უკრაინისთვის მხარდაჭერის გაძლიერებას. გარდა ამისა, ადმინისტრაციის ნებისმიერი ნაბიჯი და ინიციატივა, რომელიც უკრაინას უკავშირდება, მოექცევა გაცილებით მკაცრი საპარლამენტო კონტროლის, გადამოწმებისა და ზედამხედველობის ქვეშ. დაიწყება საპარლამენტო გამოძიებები, მათ შორის უშუალოდ ტრამპთან, მის ოჯახსა და განსაკუთრებით მის სავარაუდო რუსულ კონტაქტებთან დაკავშირებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მელაშვილი.

“წინა ადმინისტრაციის დროს დემოკრატებმა მოახერხეს ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, თუმცა ამას არ მოჰყოლია მისი გადაყენება, რადგან სენატში შესაბამისი ხმები არ არსებობდა. ახლაც, ელექტორალური თვალსაზრისით, დემოკრატებს აქვთ შესაძლებლობა, გამოაცხადონ იმპიჩმენტი წარმომადგენელთა პალატაში, მაგრამ ეს უშედეგო იქნება, რადგან სენატში საბოლოო გადაყენებისთვის საკმარისი ხმები მაინც არ ექნებათ. არა მგონია, დემოკრატიულმა კონგრესმა ამაზე ხელმეორედ დახარჯოს დრო და პოლიტიკური რესურსი, რადგან ამ სტრატეგიის მცდარობა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც აშკარად გამოჩნდა. შესაბამისად, უფრო მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი საპარლამენტო გამოძიებების ინიცირება. ამ პროცესში საზოგადოება მიიღებს გაცილებით მეტ ობიექტურ ინფორმაციას როგორც რუსეთთან შესაძლო ფარული კავშირების, ისე სხვა საგარეო-პოლიტიკური კომუნიკაციების შესახებ. დემოკრატებისთვის ეს პრიორიტეტულია, ხოლო ამ საკითხებზე სიმართლის დადგენა ამერიკელი საზოგადოების ინტერესებშიც პირდაპირ შედის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კარგად გვახსოვს, როგორი ილუზიები და იმედი ჰქონდა “ქართულ ოცნებას” ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ყაველაშვილი მის ზარს, ალბათ, დღესაც ელის... საზოგადოებას აჯერებდნენ, რომ ურთიერთობები ხან იანვარში, ხან მაისში დალაგდებოდა, თუმცა რეალურად არაფერი შეცვლილა. რატომ? იმიტომ, რომ “ ოცნებამ” არჩია ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მიღება და ანტიდასავლური რიტორიკის გაღრმავება. ამ პირობებში, ვინც არ უნდა იყოს თეთრ სახლში, საგარეო პოლიტიკაში არანაირი პოზიტიური ცვლილება არ არის მოსალოდნელი, ვიდრე თვითონ “ქართული ოცნება” არ მოეგება გონს. რაც შეეხება დემოკრატებს, მათთვის ფუნდამენტურია ადამიანის უფლებები და პრიორიტეტულია გლობალური დემოკრატიული დღის წესრიგი. შესაბამისად, კანონზომიერია, რომ წნეხი “ოცნებაზე” გაცილებით გაიზრდება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“ამასთანავე, გასათვალისწინებელია საკადრო ფაქტორიც: “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა მთავარმა კრიტიკოსმა, ჯო უილსონმა შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია კონგრესში, ხოლო დემოკრატების მხარეს - ჯინ შაჰინმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო, მიიღო გადაწყვეტილება, რომ კენჭი აღარ ეყარა. შესაბამისად, დემოკრატებს მოუწევთ ახალი სახეების წინა პლანზე წამოწევა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ახალი პოლიტიკოსებისთვის საქართველოს საკითხი, ანუ ის დემოკრატიული უკუსვლა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია, რაც ჩვენთან ხდება, განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდეს... დღეს “ქართული ოცნების” ხელისუფლებაზე რუსეთის ფედერაციის სერიოზული წნეხი სრულიად აშკარაა. დაწყებულია ფაქტობრივი ანექსიური პროცესები ცხინვალის რეგიონში, ასევე ვიხილეთ ქართული კომპანიების დასანქცირება. ეს ყველაფერი ადასტურებს უმარტივეს ჭეშმარიტებას: რაც უფრო მეტს დაუთმობს ქართული სახელმწიფო რუსეთს, მით უფრო გაიზრდება კრემლის მადა”, - განმარტავს გიორგი მელაშვილი.

“რაც უფრო ღრმად გავებმებით რუსულ ხაფანგებში - იქნება ეს “ნეიტრალიტეტი”, “გეორგიევსკის ტრაქტატი 2” თუ “რუსული კონფედერაციის” იდეა, მით უფრო მეტი ეროვნული ინტერესის დათმობა მოუწევს საქართველოს, რადგან რუსეთის ფედერაციის ერთადერთი და საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებაა. მათ არ აინტერესებთ არც დათმობები და არც დიპლომატია. ამ ხნის განმავლობაში “ქართული ოცნება” ან მიამიტურ შეცდომებს უშვებდა (როდესაც ჰქონდათ ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობას “დაალაგებდნენ”), ან მოქმედებდა მიზანმიმართული მავნებლობით. ამაზე საბოლოო დასკვნა ქართველმა საზოგადოებამ უნდა გამოიტანოს, თუმცა ორივე შემთხვევაში ფაქტია: “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა იყო სრულიად არაადეკვატური, ყველა გათვლა აღმოჩნდა მცდარი, ხოლო ამ შეცდომების საფასურს დღეს ქართველი საზოგადოება იხდის, - დაასკვნის რეპონდენტი.

“ევროკავშირის პოზიცია საქართველოს შესახებ არის უაღრესად თანმიმდევრული, მკაფიო და უცვლელი. მათ მოგვანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, გაფორმებულია მთელი რიგი შეთანხმებები, რომლებიც უდიდესი სიკეთის მომტანია საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ მოცემულობაში სწორედ “ოცნებამ” შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მმართველი პარტია ცდილობს შეაცდინოს საზოგადოება, თითქოს პასუხისმგებლობა ევროკავშირს ეკისრება. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ბრალეულობა ამაში ნულოვანია - პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება “ქართულ ოცნებას”, რომელმაც მიიღო რუსული კანონი, მიაყოლა ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო პაკეტები და რომლის მაღალჩინოსნებიც აგრძელებენ ანტიდასავლურ პროპაგანდას. ევროკავშირი პატივს სცემს ქართველი ხალხის ნებას და მაქსიმალურად ცდილობს არ გავრცელდეს სასანქციო რეჟიმი რიგით მოქალაქეებზე, რომელთაც სურთ ევროპასთან ინტეგრირება. თუმცა გვყავს ხელისუფლება, რომელიც ბრიუსელშიც კი ჩადის ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად”, - დასძენს მელაშვილი.

ეკლესიისა და ხელისუფლების პირველი დაპირისპირება ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ

“პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებასა და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს, საპატრიარქოს მხრიდან ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი გახდა. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესია მმართველი გუნდის ინიციატივას ღიად უპირისპირდება, ხელისუფლება კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს. დაპირისპირების მიზეზი პარლამენტის მიერ 28 ოქტომბერს დაჩქარებული წესით მიღებული კანონპროექტი გახდა, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლებასა და საგადასახადო შეღავათებს ანიჭებს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ საპატრიარქო ამ პროცესისგან “განზე ვერ დარჩება”. მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ეკლესია 2017 წლიდან აქტიურად ითხოვდა აზარტული თამაშების რეგულაციების გამკაცრებას და ამ პროცესის უშუალო ინიციატორიც იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეკლესიისა და ხელისუფლების პირველი დაპირისპირება ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ.

“ჩვენთვისმოულოდნელი იყო აზარტულ თამაშებზე ასე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა იმ პერიოდში. ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება”, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ადრე საპატრიარქო უშუალოდ მონაწილეობდა კანონმდებლობის მომზადებაში, ამჯერად გადაწყვეტილება ეკლესიის ჩართულობის გარეშე და რამდენიმე დღეში მიიღეს. “ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ. როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული”, - იხსენებს ჯაღმაიძე, რომლის თქმით, "ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია", - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, სამტრედიის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს თავის ქადაგებაში კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილება პირდაპირ არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს მიიღებს და ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება ადამიანისთვის”, - განაგრძობს გამოცემა.

“ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელ სახარებაში: რომ რას არგებსო ადამიანსო, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს და თავის თავს დაკარგავს და ავნებს? რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობენ, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის თუ გნებავთ ქვეყნისთვისაც. და მეტსაც გეტყვით წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც აი ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისაგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს აი ამ ცოდვის არსებობას და ამ ცოდვის ჩადენას”, - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ. საპატრიარქოს მხრიდან კრიტიკასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს ოფიციალური პასუხი ან განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებიათ. ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის თქმით, ეკლესიის პოზიცია სწორია, თუმცა ეს არ ნიშნავს ამ ორ ინსტიტუციას შორის კონფლიქტის დასაწყისს”, - დასძენს გამოცემა.

“ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას უაღრესად დადებითდ ვაფასებ, ვინაიდან, რაც ეს ხელისუფლება არის, მას შემდეგ ხელისუფლება და ეკლესია მოქმედებენ ერთიან უნისონში, რომელიც ემსახურება ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართული სულიერებას უძველეს ტრადიციებს. არის გარკვეული საკითხები, სადაც ეკლესიამ უნდა გამოთქვას თავისი პოზიცია. მეც პირადად, 28 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილება მიმაჩნია არასწორად. საქართველოში კაზინოების ტურნირების მოწყობა და საერთოდ კაზინოები, მე რომ მკითხო, ეს არის დამღუპველი ქართველი ახალგაზრდობისათვის. ამიტომ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად სწორი პოზიცია გამოთქვა ეკლესიამ, თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ამაში ჩვენ კონფლიქტის საწყისები უნდა ვეძებოთ. ეკლესიამ გამოთქვა პოზიცია, რომელიც კიდევაც უნდა გამოეთქვა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“ვინაიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ქართული სულიერების გამომხატველი, ხელისუფლება უნდა ითვალისწინებდეს მათ პოზიციას საკანონმდებლო ან ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას. ქართული სახელმწიფოებრიობა, ქართული იდენტობა ძალიან მნიშვნელოვნად დგას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი მთელი ისტორიის მანძილზე წარუშლელია საქართველოს ისტორიაში, ამიტომ უნდა ითვალისწინებდეს. აზრთა სხვადასხვაობა ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა როდესაც ეკლესია კონკრეტულ საკითხზე გამოთქვამს თავის განსაკუთრებულ მოსაზრებას და უარყოფით დამოკიდებულებას, ეს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მიერ გათვალისწინებული უნდა იყოს. აღნიშნული შემთხვევა არის აზრთა სხვადასხვაობა და არანაირად არ შეცვლის ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართული ეკლესიის აზრს, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს”, - მიიჩნევს გვენეტაძე.

დავით ზურაბიშვილი - “მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, ყველა პარტია ერთად აკრძალულიყო”

“მე მგონია, თვითონ ევროკავშირშიც არ არიან მთლად ჩამოყალიბებული, როგორ მოიქცნენ... ევროკავშირი ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმშია და აკვირდება, როგორ განვითარდება საქართველოში ვითარება. მანამდე გარკვეული კონტაქტები, ალბათ, შენარჩუნდება, თუმცა გაფართოების კონტექსტში საქართველო, ცხადია, აღარ იქნება. რაც შეეხება დაკავშირებადობას, მართალი გითხრათ, ბოლომდე არც მესმის, რას გულისხმობს ეს ტერმინი. ალბათ, ძირითადად ტრანზიტზეა საუბარი. შესაძლოა იგულისხმება იმ ტიპის ურთიერთობები, როგორიც სომხეთთან ვითარდება, ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ეკონომიკური თანამშრომლობა მაინც იქნება. დარწმუნებული ვარ, დაკავშირებადობის შესახებაც პოლიტიკური მოთხოვნები იქნება. ცხადია, არა ისეთი მასშტაბის, როგორიც გაფართოების პროცესში იქნებოდა, მაგრამ მაინც იქნება. ევროკავშირს ნამდვილად აქვს ბერკეტები და შეუძლია ეფექტიანად იმოქმედოს. გაუგებარია, რატომ არ აკეთებს ამას აქამდე”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რას მოუტანს ხელისუფლებას პარტიების აკრძალვა?!

“შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ევროკავშირში ვერ გაითვალისწინეს, რა მასშტაბის ცვლილებასთან ჰქონდათ საქმე. “ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები ამბობენ, რომ ივანიშვილს ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია, კურსი მკვეთრად შეიცვალა ბოლო პერიოდში. ჩემი აზრით, სწორედ ამ მკვეთრი შემობრუნების გამო უცებ ვერ ჩამოყალიბდნენ, თორემ სინამდვილეში ეფექტური ბერკეტები აქვთ. შეუძლიათ ისე იმუშაონ, ბიძინა იძულებული შეიქნეს, ანგარიში გაუწიოს. თუმცა ივანიშვილი ჯერ ევროკავშირს უყურებს როგორც “ჩმორებს”, რომლებსაც არაფრის თავი არა აქვთ და მხოლოდ სიტყვიერად აკრიტიკებენ. ჩემი აზრით, ძალიან ცუდი როლი ითამაშა იმანაც, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს არ მოჰყოლია შესაბამისი შედეგები. როდესაც არაფერი შესრულდა ერთხელ, მეორედ და მესამედაც, ამას რეაგირება არ მოჰყოლია. ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლებას უქმნის განცდას, რომ ევროკავშირის მოთხოვნების იგნორირება შეიძლება ყოველგვარი შედეგის გარეშე”- აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“რაც შეეხება ივანიშვილის შეხვედრას ისრაელის ელჩთან, ისრაელი ძალას წარმოადგენს, ივანიშვილი კი მხოლოდ ძალას სცემს პატივს. როგორ უპასუხა ხელისუფლებამ ისრაელს, როცა ირანის შესახებ მკვეთრი განცხადებები გააკეთა? არ უპასუხეს ისე, როგორც ევროკავშირს ან ჰერჩინსკის ელაპარაკებიან. როდესაც საქმე ძლიერ სახელმწიფოს ეხება, ივანიშვილი მას ანგარიშს უწევს. გარდა ამისა, ის ძალიან დიდ პატივს სცემს ებრაელ ხალხს, მიაჩნია, რომ ძალიან ჭკვიანები არიან და სჯერა იმ კონსპირაციის, რომ “მსოფლიოს 25 ოჯახი მართავს”, საიდანაც, მისი აზრით, 20 მაინც ებრაულია. ამიტომ “ჩამოვიდა ზეციდან” და მათ თავად დაელაპარაკა. სხვათა შორის, ოპოზიციასაც ძალიან არასწორი მიდგომა ჰქონდა. ევროპარლამენტის რეზოლუციებს არასერიოზულად უყურებდნენ, ეგონათ როგორც სააკაშვილის დროს მუშაობდა ეს ხელისუფლების წინააღმდეგ, ახლაც ისე იმუშავებდა. კარგა ხანს ვერ მიხვდნენ და მგონი, ახლაც ვერ ხვდებიან, რომ ეს მექანიზმი ივანიშვილის წინააღმდეგ აღარ მუშაობს - პირიქით, პროპაგანდა თავის სასარგებლოდ იყენებს და ხალხს ეუბნება, უნდათ ბიძინა ჩამოაგდონ და ისევ სააკაშვილი დასვანო”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“პარტიების შესაძლო გაუქმება ირაციონალური სიგიჟეა. გასაგებია, რომ ივანიშვილს პოლიტიკური ველის მოსუფთავება უნდა, მაგრამ პარტიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი ნულის ტოლია. მსგავსი ნაბიჯი ევროკავშირისა და აშშ-ის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს, რასაც ხელისუფლება უფრთხის. იციან. თუ პარტიებს გააუქმებენ, ამას მოჰყვება დასავლეთის რეაქცია და სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრება. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სტრასბურგი ასეთ პრეცედენტზე უკან არ დაიხევს. მსოფლიო ისტორიაში არ მომხდარა, ყველა პარტია ერთად აკრძალულიყო. მგონი მხოლოდ ჰიტლერმა თუ სტალინმა გააკეთეს მსგავსი რამ. თუმცა მთავარი ის კი არ არის, რას იტყვის სასამართლო, არამედ ის, თუ რამდენად დაემორჩილება მას ივანიშვილი. თუ არ დაემორჩილება, ეს ევროპასთან კავშირის სრულ გაწყვეტას ნიშნავს - ე.წ. დაკავშირებადობაც კი აღარ იარსებებს. არადა, აქამდე ხელისუფლება, მაგალითად, კობახიძე, მუდმივად იშველიებდა არგუმენტად - აი, სტრასბურგმა თქვა, რომ მართლები ვართო. ახლა თუ საპირისპიროს იტყვის, რას იზამენ?” - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ზოგიერთი იურისტი მიმტკიცებდა, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება სტრასბურგის განსჯადი არ არისო. მაგრამ როცა საჩივარი კონვენციის დარღვევაზე შედის, სტრასბურგი თავად გადაწყვეტს განსჯადობას. დარწმუნებული ვარ, საქმეს მიიღებენ. მეორე მხრივ, ივანიშვილი სტრასბურგს რომ დაემორჩილოს, ეს ნიშნავს, რომ ე.წ. დიფ სთეითმა დაამარცხა. ამით მომხრეებში დაკარგავს სახეს - დაინახავენ, რომ ბატონი ბიძინა ყოვლისშემძლე არ ყოფილა. ყველა ვარიანტში ცუდი არჩევანის წინაშე დგება... პარტიის აკრძალვა მყარად უნდა იყოს დასაბუთებული. ამათ კი რა დასაბუთება აქვთ: “ლელოს” აკრძალვის მოტივი ის არის, თითქოს კავშირი აქვთ ტერორისტებთან. ვინ არის ტერორისტი? ელისაშვილი! აქ შეიძლება ეს სისულელე ტერორიზმად გაასაღო და ვიღაცებმა სერიოზულადაც მიიჩნიონ, მაგრამ ევროპაში ვერ გაყიდი!” - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.

“აქ კიდევ ის საკითხია, რომ ხელისუფლების მომხრეებს, რომლებიც პარტიების აკრძალვას მხარს უჭერენ, სულ სხვა მოლოდინი აქვთ. დარწმუნებული ვარ, მათ ჰგონიათ, აკრძალვა ნიშნავს ”მორჩა, დამთავრდა, აღარ უნდა იყვნენ”. მაგრამ წარმოიდგინეთ რეალობა - თითქოს აკრძალეს პარტია, მერე გამოდის ის ოპოზიციონერი ტელევიზიით, მაინც აგინებს ბიძინას, აწყობს მიტინგებს და აქციებს. ხელისუფლების მომხრე იტყვის, თუ აკრძალეს, ეს რატომღა ლაპარაკობს, გააჩუმეთო. ანუ, რა უნდა ქნან? პოლიტიკური საქმიანობა როგორ უნდა აკრძალონ? გამოვა ადამიანი გასაპროტესტებლად და ყველას ხომ ვერ დაიჭერენ? საბოლოო ჯამში, ასეთი “აკრძალვა” ხელისუფლების ამომრჩეველშიც გამოიწვევს უკმაყოფილებას და ბიძინა ივანიშვილს სისუსტედ ჩაეთვლება, რომ მან პრაქტიკულად ვერ აკრძალა ისინი. თუ მართლა სერიოზული დიქტატურა გინდა, ამისთვის ტერორია აუცილებელი. რეპრესიები უნდა გაატარო, ისე, როგორც სტალინი და პინოჩეტი აკეთებდნენ. ალიევის ან პუტინის დონეც კი არ კმარა. შესაბამისად, ეს ყველაფერი უფრო მანიპულაციაა და საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანება. ჩემი აზრით, ამ ზღვრამდე ჯერ არ არიან მისული და ძალიან გაუჭირდებათ. თუმცა, ვინ იცის, რა იქნება” - დასძენს ზურაბიშვილი.

Ი
წყარო ინტერპრესნიუსი · interpressnews.ge გამოქვეყნდა 09.11.2026, 09:08. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ