„სტუდენტებმა ერთმანეთი უნდა დავინახოთ“ - რას ცვლის სერბეთის მაგალითი? - Batumelebi
პოლიტიკა • პროტესტი • სტუდენტები •
„საჭიროა საკუთარი წრიდან გასვლა და იმ ხალხთან საუბარი, ვისაც დარწმუნება სჭირდება, ვისაც ბუნდოვანება აქვს… პოლიტიკოსებმა ბმის გაჩენაზე უნდა იმუშაონ,“ – თსუ-ს სტუდენტი, მეგი დიასამიძე მიიჩნევს, რომ ეს გვჭირდება საქართველოში დემოკრატიული პროცესის გადასარჩენად.
როგორ ხედავენ სტუდენტები წინააღმდეგობის განვითარებას საქართველოში განსაკუთრებით მას აქეთ, რაც სერბეთში მოხდა და იმ რეალობაში, როცა ივანიშვილი ოპოზიციას საერთოდ აუქმებს? – „ბათუმელები“ სტუდენტური მოძრაობის „დაიცავი თსუ“-ს 2 აქტივისტს, მეგი დიასამიძეს და არჩილ გოჩიტაშვილს ესაუბრა.
მეგი დიასამიძე წლებია პროევროპული აქციების მონაწილეა. იგი 2025 წლის 9 სექტემბერს დააპატიმრეს. მან ერთ-ერთი საპროტესტო მსვლელობის დროს, კალაძის ბანერს მიაწერა „რუსული ოცნება“. „პარტიისთვის მიყენებულმა ზიანმა 380 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია მეგი დიასამიძის საქმის მასალებში. მეგი დიასამიძე გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მისი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მეგი დიასამიძე
პროევროპული აქციები ქვეყნის მასშტაბით 2023 წელს გააქტიურდა, როცა „ოცნებამ“ რუსული კანონი მიიღო. თავდაპირველად ამ აქციებზე ყველაზე აქტიურები სტუდენტები იყვნენ. მეგი დიასამიძე დღესაც რუსთაველზეა, მაგრამ სტუდენტების დიდმა ნაწილმა ქუჩაში პროტესტის შეწყვეტა ამჯობინა.
რა გახდა ამის მიზეზი და დღეს რა სტრატეგიით ხედავენ სტუდენტები ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნებას?
„ახლა თუ სტუდენტები არ ხმაურობენ, გარეთ არ აქვთ ყიჟინა, ამისთვის „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. აამუშავა პროპაგანდა და შექმნა შიშის გარემო – დაგაჯარიმებთ… ყველანაირი ბარიერი შექმნეს, რომ სტუდენტები გაჩერებულიყვნენ,“ – გვესაუბრება მეგი დიასამიძე. – „როდესაც პროტესტი გრძელვადიან ფაზაში გადადის, მას სჭირდება შესაბამისი დისციპლინა და ორგანიზება. მუშაობა და განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება ამ ყველაფერს. ის სპონტანური ემოცია და ენერგია, რაც იყო 2 წლის წინ, 28 ნოემბერს, ვერ იქნება მუდმივად.
აუცილებელია შენი დღის წესრიგი გქონდეს და საჭიროა ორგანიზებულობა, კოორდინირებული მუშაობა. ჩემი აზრით, ახლანდელ თაობასაც გვიჭირს თანმიმდევრულობა და დისციპლინა. როცა ვსაუბრობთ ამის შესახებ, თითქოს ყველა ვთანხმდებით, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, არავის სურს პასუხისმგებლობის აღება,“ – ამბობს მეგი დიასამიძე.
სტუდენტი ყურადღებას ამახვილებს სოციალურ პრობლემებზეც, რაც ბევრი სტუდენტისთვის აღმოჩნდა მთავარი ფაქტორი, აქციაზე აღარ გასულიყო:
„სტუდენტები ძირითადად ვეძებთ სამსახურს ნახევარ განაკვეთზე. სინამდვილეში, მაინც იმ დატვირთვით მუშაობ და ისეთ მიზერულ ხელფასს იღებ, არ გრჩება არანაირი რესურსი, სწავლის და მუშაობის გარდა, კიდევ რამე აკეთო.
ბევრ სტუდენტთან მისაუბრია ამ თემაზე. ისინი პირდაპირ არ გეტყვიან, მაგრამ უთქვამთ, რომ აი, ჯარიმებია… ჩემი აზრით, რეპრესიულმა კანონებმა თავისი გააკეთა – რაღაცნაირად გამოიფიტა ბევრი.
სტუდენტებში არსებობს კონსენსუსი, რომ არ უნდათ ბიძინა, მაგრამ ვინ? ვერ ხედავენ ალტერნატივას, რომ გააქტიურდნენ.
ერთმანეთსაც ვერ ვპოულობთ სტუდენტები. ამიტომაც, მჯერა, რომ პირველ რიგში, სტუდენტებს ერთმანეთის დანახვა გვჭირდება…“ – მიიჩნევს მეგი დიასამიძე.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სტუდენტებიც დააკავეს წინააღმდეგობის გამო, რამდენიმე სტუდენტური ორგანიზაციის აქტივობა შესუსტდა. „ოცნების“ მთავრობის განათლების რეფორმის წინააღმდეგ კი, ორ უნივერსიტეტში – ილიაუნში და თსუ-ში გააქტიურდა სტუდენტური მოძრაობაში.
„დაიცავი თსუ-ს“ ვიდეოებს თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ სტუდენტები ძირითადად საუბრობენ განათლების რეფორმის უარყოფით გავლენებზე, ან იმაზე, რამდენად მოუწესრიგებელია, მაგალითად, თსუ-ს ინფრასტრუქტურა. რატომ არ საუბრობენ სტუდენტები ქვეყნის ევროპული კურსის დაკარგვაზე, რომელიც მთლიანად ქვეყანას და, მათ შორის, განათლებას საფრთხეს უქმნის?
„ახლა სტუდენტთან რომ მიხვიდე და უთხრა, წამოდი, ერთად ბიძინა გავუშვათ, არ გამოგყვება, არარეალური ჰგონია და იმიტომ. სტუდენტს უნდა ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში, მაგალითად, ერთ-ერთ კორპუსში წვიმაში წყალი ჩამოდის და სწავლისთვის შესაბამისი გარემო არ მაქვს, მას უნდა დავანახო, რომ საერთო ჯამში ეს ინსტიტუცია კარგად არ მუშაობს, რაც სახელმწიფოსთანაა დაკავშირებული.
ყველას ახსოვს, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ შევთანხმდით, რომ ჯერ ერთმანეთი უნდა დავინახოთ, გავძლიერდეთ“, – აღნიშნა მეგი დიასამიძემ „ბათუმელებთან“.
როგორ რეაგირებს თსუ-ს ადმინისტრაცია სტუდენტური მოძრაობის მიერ წამოჭრილი პრობლემებზე? – მეგი დიასამიძე ამბობს, რომ სისტემა სტუდენტების მიერ გაჟღერებული პრობლემების მეტ-ნაკლებად მოგვარებას ცდილობს. სტუდენტის დაკვირვებით, ეს, მათ შორის იმიტომაც ხდება, რომ პროტესტი უფრო დიდ მოძრაობაში არ გადაიზარდოს.
„ერთ-ერთ კორპუსში, მაგალითად, პიანინო დაგვხვდა კიბეზე, ვიდეო გვქონდა კაბელების პრობლემაზეც, ან საპირფარეშოს დაზიანებულ კარზე… ვიდეოები ჩავწერეთ და ეს პრობლემები მოგვარდა. მერე მივედით იმ კორპუსში, სადაც ტურიზმის სკოლაა. რამდენიმე სტუდენტმა გვითხრა, რა კარგია, რომ მოხვედით, გელოდებოდითო. იცით, ეს როგორი მოტივაცია იყო ჩვენთვის? მივხვდი, რომ ეს ბრძოლა ტყუილად არ დაგვიწყია.
მგონია, რომ საჭიროა იმ ხალხთან მისვლა, ვინც თავის დროზე ჩვენთან იყო, აი, ნეიტრალურია. სტუდენტებიც ხომ ნეიტრალურები არიან დღეს? იდეურად წინააღმდეგობის მხარეს არიან, მაგრამ რაღაცნაირად ალტერნატივას ვერ ხედავენ. ამიტომაც, მარტო იმის თქმა, რომ „რუსეთი არ მინდა“, არაა რაიმეს მომცემი. ყველამ იცის, რომ რუსეთი არ უნდა, მაგრამ როგორ ცვლი არსებულ რეალობას? შეგიძლია დამანახო, რომ ცვლილებების მერე კარგად ვიქნები?
სტუდენტებმა უნდა დაინახონ ბმა კონკრეტულ პროცესთან, პარტიებთან… უნდა დაიჯერონ, რომ შესაძლებელია რეალური ცვლილებები,“ – გვითხრა მეგი დიასამიძემ.
- „ოპოზიცია კი აიკრძალება, მაგრამ საზოგადოება რჩება „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგედ“ – სტუდენტი
თსუ-ს კიდევ ერთმა სტუდენტმა, არჩილ გოჩიტაშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სერბეთზე სტუდენტები ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად საუბრობენ. სტუდენტის დაკვირვებით, მთავარია კოორდინირებულად მოქმედებაა რეჟიმის წინააღმდეგ.
„სერბეთზე ხშირად ვლაპარაკობთ, მაგრამ ფაქტია, რომ იქ სტუდენტები მარტო არ იყვნენ. ამ პროცესში კოორდინირებულად იყვნენ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია – ერთად იბრძოდნენ.
ორგანიზებულად უნდა შევძლოთ მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიცით, რომ მორიგ არჩევნებში ოპოზიცია უკვე ვეღარ მიიღებს მონაწილეობას, ასევე ქართველი ემიგრანტები, რომლებსაც გადარჩენისთვის მოუწიათ ქვეყნის დატოვება.
აუცილებლად მოსაფიქრებელია ისეთი რამ, რომ ქართველი ერი ერთად დადგეს,“ – გვითხრა არჩილ გოჩიტაშვილმა.

არჩილ გოჩიტაშვილი
არჩილ გოჩიტაშვილის აზრითაც, მართებული სტუდენტური მოძრაობების სტრატეგია: ამ ეტაპზე განათლების პრობლემებზე ისაუბრონ, რადგან უნივერსიტეტი მაინც არსებობდეს „ნათელ წერტილად“:
„ეს არის ბრძოლა უნივერსიტეტებში ავტონომიის მოსაპოვებლად. აქტიურად ვიბრძვით, პირველ რიგში, განათლების იმ რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვტენა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. არ ყოფილა არანაირი გასაუბრება არც პროფესორ-მასწავლებლებთან, არც დეკანთან, არც ლექტორთან, არც სტუდენტებთან.
დღეს ჩვენი საბრძოლო ხაზი ამ, ასე ვთქვათ, ნეიტრალურ დღის წესრიგშია… ჩვენი გრძელვადიანი გეგმა არის ის, რომ უნივერსიტეტის ავტონომია მოვიპოვოთ, ვინაიდან ამ მთლიან ბნელ სურათში, რაღაც პატარა ნათელი წერტილი მაინც გადარჩეს. პირველ რიგში, უნდა მოვიპოვოთ ავტონომია ჩვენივე წრეში, ჩვენსავე უნივერსიტეტებში, რის შედეგადაც ფართომასშტაბიანად შევძლებთ საუბარს.
სერბეთის მაგალითი თამამად შეგვიძლია ავიღოთ, სადაც ოპოზიციურ პარტიებს კიდევ უფრო ნაკლები რეიტინგი ჰქონდათ, ვიდრე დღეს საქართველოში აქვს ოპოზიციას. მთავარი გახდა სტუდენტური სია, რომელიც შეადგინეს სტუდენტებმა… ვფიქრობ, რომ საქართველოშიც რაღაც ამის მსგავსი უნდა გავაკეთოთ. ჩვენთან ოპოზიცია კი აიკრძალება, მაგრამ საზოგადოება რჩება „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგედ.
ვფიქრობ, 2028 წელი გადამწყვეტი იქნება: ან გავხდებით რუსეთის გუბერნია, ან გადავრჩებით… უნდა ვიბრძოლოთ ყველა დემოკრატიული საშუალებით, რომ გავიმარჯვოთ,“ – გვითხრა არჩილ გოჩიტაშვილმა.
