სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ფაშინიანი ყოფილი თანაპარტიელი აირჩიეს
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
6 ნოემბერს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ვლადიმირ ვარდანიანი აირჩიეს. ვარდანიანი პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრია. სასამართლოს მოსამართლედ ის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდშია დანიშნული.
ვარდანიანის სადავო დანიშვნები – ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, ახლა კი მის თავმჯდომარედ კიდევ უფრო ამძაფრებს შეშფოთებას სომხეთის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის შესახებ.
თავმჯდომარის თანამდებობაზე ვარდანიანი და საკონსტიტუციო სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი ედგარ შატირიანი იყვნენ წარდგენილი.
6 ნოემბერს გამართული კენჭისყრა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტური იყო. კანდიდატები ერთმანეთს 14 ოქტომბერსაც დაუპირისპირდნენ, თუმცა კენჭისყრაზე ერთმა მათგანმა ხმების საჭირო რაოდენობის მიღება ვერ შეძლო.
კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ შატირიანმა სომხეთის უმაღლესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ პოზიციაზე საქმიანობის გაგრძელება „შეუძლებელია“. ამასთან, მან აღნიშნა, რომ იმავე სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.
კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს თავად მოსამართლეები, საკუთარი შემადგენლობიდან, ექვსი წლის ვადით ირჩევენ. სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, არმან დილანიანმა, უფლებამოსილების ვადა 12 ოქტომბერს ამოწურა, თუმცა სასამართლოს მოსამართლედ საქმიანობას კვლავ გააგრძელებს.
არჩევნებმა ვარდანიანის წარსულ პოლიტიკურ კუთვნილებასთან დაკავშირებით კრიტიკა გამოიწვია და სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ შეშფოთება გააძლიერა.
„ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს როგორ უნდა მივმართოთ რაიმე რწმენითა თუ ნდობით?“ – დაწერა ფეისბუქზე ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის წარმომადგენელმა არტურ საკუნცმა.
ჟურნალისტთა კლუბ „ასპარეზის“ გამგეობის თავმჯდომარე ლევონ ბარსეღიანმა ვარდანიანის არჩევას „კიდევ ერთი სირცხვილი“ უწოდა.
ვლადიმირ ვარდანიანი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2026 წლის მარტში, პარლამენტში გამართული ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. მანამდე ზოგიერთი მედია წერდა, რომ ხელისუფლება მას სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შესაძლო კანდიდატადაც განიხილავდა.
ვარდანიანს საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლიდან სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. ბოლოს, 2018 წლის აპრილიდან, სასამართლოს აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2019 წელს ის პარლამენტის წევრად აირჩიეს და თავდაპირველად მმართველ ალიანსს „ჩემი ნაბიჯი“ წარმოადგენდა, 2021 წელს კი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ შეუერთდა.
2019 წლიდან ვარდანიანი პარლამენტის სახელმწიფო და სამართლებრივ საკითხთა კომიტეტს ხელმძღვანელობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნამდე მან პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრობა შეწყვიტა.
მის მოსამართლედ დანიშვნას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა მმართველ პარტიასთან მისი კავშირის გამო.
მარტის კენჭისყრამდე 14-მა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, თავი შეეკავებინა ვარდანიანის არჩევისგან.
ორგანიზაციების განცხადებით, სომხეთის კანონმდებლობა და კონსტიტუცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს პოლიტიკურ პარტიებთან კავშირსა და პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობას უკრძალავს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვარდანიანის მიერ პარტიული წევრობის შეწყვეტა საკმარისი არ იყო, რადგან ის შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ საქმიანობაში.
ორგანიზაციებმა პარალელი გაავლეს ჰრაირ ტოვმასიანის დანიშვნასთანაც – ტოვმასიანი, რომელიც მაშინდელი მმართველი რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2018 წელს, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის მმართველობის პერიოდში აირჩიეს.
იმ პერიოდში ტოვმასიანის იმავე პოლიტიკურ კუთვნილებას აკრიტიკებდა მაშინდელი ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკოლ ფაშინიანიც.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.

