სროლა კრაკოვის ცენტრში - მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი - Batumelebi
პოლონეთში, კრაკოვში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტულად პოპულარულ ადგილას, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, დაჭრილია 10 ადამიანი. პოლონური მედია თითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი…
პოლონეთში, კრაკოვში, ქალაქის მთავარ მოედანზე, ტურისტულად პოპულარულ ადგილას, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. უცნობმა პირმა მოძრავი მანქანიდან ცეცხლი გახსნა, რა დროსაც 5 ადამიანი დაიღუპა. პოლონური მედიის ცნობით, დაჭრილია 10 ადამიანი.
პოლონური მედია თითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში შავი ავტომობილით მივიდა, მანქანიდან გადმოვიდა და იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო.
თავდასხმის სამიზნე შემთხვევითი გამვლელები აღმოჩნდნენ. ტყვიები მოხვდა მოედანზე მდებარე მაღაზიების ვიტრინებსაც.
პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. თავდამსხმელი დაჭრილია, დაკავებულია და ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
პოლონეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელს “სამხედრო სტილის” ტანსაცმელი ეცვა და ცეცხლი “სამხედრო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან” გახსნა.
პოლიციელებმა თავდამსხმელის ავტომობილიდან სხვა იარაღებიც ამოიღეს.
“შინაგან საქმეთა მინისტრი მაწვდის ინფორმაციას კრაკოვში, სროლის შედეგად შექმნილი ვითარების შესახებ. პოლიცია იკვლევს თავდასხმის წინაპირობებს და ყველა გარემოებას,” – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
შეიარაღებული თავდასხმიდან 1 საათის შემდეგ, მალოპოლსკას რეგიონის პოლიციამ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ თავდამსხველი პოლონელია.
ამ განცხადებით პოლიციამ გააქარწყლა სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს თავდამსხმელი უცხოელი იყო.
პოლიციამ ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიდევ ერთი დამნაშავე თავისუფალია.

