შაბათი, 7 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ქსკ „ლანჩხუთი“: არ ვაპირებთ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშს, სანამ ძალადობა რეაგირების გარეშე რჩება

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ქსკ „ლანჩხუთი“: არ ვაპირებთ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშს, სანამ ძალადობა რეაგირების გარეშე რჩება
ფოტო: პუბლიკა

„ჩვენთვის „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში ნიშნავს ძალადობის ნორმალიზებას. არ ვაპირებთ მათთან თამაშს, სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება“

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ აცხადებს, რომ მათთვის კლუბ „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში ნიშნავს ძალადობის ნორმალიზებას და თუნდაც ირიბად, მის მხარდაჭერას“.

„შესაბამისად არ ვაპირებთ მათთან თამაშს. სანამ ძალადობა სათანადო რეაგირების გარეშე რჩება, ჩვენი გადაწყვეტილება არ შეიცვლება“, – აცხადებს ქსკ „ლანჩხუთი“ და დასძენს, რომ არავის მოუწოდებენ ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებისკენ.

ქალთა საფეხბურთო გუნდმა განცხადება დღეს, 7 ნოემბერს გაავრცელა. ​

ქსკ „ლანჩხუთი“ ასევე წერს, რომ უსაფუძვლოა გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მათი პროტესტის მიზეზი მთავარი მეტოქის დისკვალიფიკაციის გზით ჩემპიონობის მოპოვებაა.

„ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე, სპორტული ბრძოლით მოპოვებულ გამარჯვებას. შესაბამისად, თუ მთავარი მეტოქის რაიმე ფორმით სანქცირების შედეგად ქსკ „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი გახდება, კლუბი ოფიციალურად განაცხადებს უარს ჩემპიონის ტიტულის მიღებაზე და მიმართავს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.

როდესაც სასწორზე დგას სექსუალური ძალადობის საქმეში დაზარალებული გოგოს უფლებები, ღირსება და მომავალი, ნებისმიერი სპორტული ტიტული მეორეხარისხოვანია. ჩვენი მიზანია მისი მხარდაჭერა ყველა იმ საშუალებით, რაც ჩვენს ხელთ არის და ბრძოლა ისეთი საფეხბურთო გარემოს შესაქმნელად, სადაც თითოეული ადამიანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს და მისი ღირსება დაცული იქნება“, – ნათქვამია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.

კლუბი ასევე წერს, რომ მათი პროტესტი არ ეხება სხვა გუნდებს. შესაბამისად, მაყურებელს ელოდებიან ხვალ, 8 ნოემბერს, ბათუმში, სადაც ანგისას საფეხბურთო ბაზაზე სადაც ქსკ „ბათუმს“ დაუპირისპირდებიან.

„თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდებს სოციალურ ქსელებში – უახლოეს დღეებში არაერთ მნიშვნელოვან ინფორმაციას გაგიზიარებთ, მათ შორის დეტალურად პროტესტის მიზნებს, ხანგრძლივობას და ჩვენს მოლოდინებს“, – წერს „ლანჩხუთი“.

„ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე უარი „ლანჩხუთმა“ პირველად 29 სექტემბერს თქვა, როცა მოედანზე, მსაჯის სასტვენისა და თამაშის ოფიციალურად დაწყების შემდეგ საპროტესტო ბანერი გაშალა და თამაში ჩაშალა. „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი გუნდ „ნიკე ლუსოსთან“ დაკავშირებულ ძალადობის შემთხვევებს და კლუბის ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმეს უკავშირდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამათლე გიორგი არევაძემ 22 სექტემბერს ქალთა საფეხბურთო კლუბ „ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს, თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ 20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა. მოგვიანებით ის კლინიკაში გადაიყვანეს.

20 წლის ფეხბურთელი სასამართლოში აცხადებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ უიარმა მასზე სექსუალურად იძალადა. მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ფეხბურთელთან ძალადობრივი სექსუალური კავშირი არ ჰქონია.

უიარი საქმეზე დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელიც მოგვიანებით „ნიკე ლუსო“ გახდა, 2024 წელს შეიძინა.

რაც შეეხება გასახდელში დამონტაჟებულ ვიდეოკამერებს – აუდიტის სამსახურმა შპს „ნიკე“ 4 000 ლარით დააჯარიმა მას შემდეგ, რაც ქალ ფეხბურთელთა გასახდელებში ვიდეოკამერები აღმოაჩინეს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 07.11.2026, 19:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ