ნეთანიაჰუს პოლიტიკური მომავალი და ისრაელის ურთიერთობები აშშ-სთან გაურკვეველია
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
ისრაელის ყოფილი სამხედრო მეთაურის და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი პოლიტიკური მეტოქის, გადი აიზენკოტის კანდიდატურას მთავრობის ფორმირების მანდატის მისაღებად ქნესეთის [ისრაელის პარლამენტი] წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
მიუხედავად ამისა, ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია, ვინ შეძლებს არჩევნების შედეგად შექმნილი პოლიტიკური ჩიხის დაძლევას. ჰერცოგის განცხადებით, კვირას დაასახელებს კანდიდატს, რომელსაც მთავრობის ფორმირების მანდატი ექნება.
ისრაელში 27 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები მკაფიო გამარჯვებულის გარეშე დასრულდა. ვერც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ვერც მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა სამხედრო მეთაურმა გადი აიზენკოტმა ქნესეთში უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საკმარისი მანდატები ვერ მოიპოვეს.
შექმნილ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღება პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგს უწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამდებობა ძირითადად ცერემონიული ხასიათისაა, არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა ისეთი კანდიდატის შერჩევა, რომელსაც, მისი შეფასებით, ღრმად დაყოფილ ქვეყანაში კოალიციური მთავრობის ფორმირების ყველაზე დიდი შანსი აქვს.
ჰერცოგმა 4 და 5 ნოემბერს არჩეული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან ხანგრძლივი კონსულტაციები გამართა.
შეხვედრების შედეგად, 120-ადგილიანი ქნესეთის 67-მა წევრმა მთავრობის ფორმირების მანდატის მისაღებად გადადი აიზენკოტს დაუჭირა მხარი, 46-მა კი — ბენიამინ ნეთანიაჰუს.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ სატელევიზიო მიმართვისას ჰერცოგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „კონსულტაციების შედეგები შესაძლოა მკაფიოდ გამოიყურებოდეს“, პოლიტიკურ ბლოკებს შორის და თავად ბლოკების შიგნით არსებული ურთიერთვეტოები ართულებს იმის განსაზღვრას, თუ ვის აქვს მთავრობის ფორმირების რეალური შესაძლებლობა.
პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას მიიღებს. მანამდე, ისრაელში უქმე დღეების – პარასკევისა და შაბათის განმავლობაში, ზოგიერთი პარტიის ლიდერს პირადად შეხვდება.
ჰერცოგის მიერ მთავრობის ფორმირების მანდატის მისაღებად დასახელებულ კანდიდატს ახალი მთავრობის შესაქმნელად 28 დღე ექნება. საჭიროების შემთხვევაში, ვადა შესაძლოა დამატებით 14 დღით გახანგრძლივდეს. შესაბამისად, კანდიდატს მთავრობის ფორმირებისთვის ჯამში 42 დღემდე ექნება.
მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუ მოვალეობის შემსრულებელი პრემიერ-მინისტრის სტატუსით დარჩება თანამდებობაზე, ვიდრე ახალი კოალიცია არ შეიქმნება. თუ ვერც ერთი კანდიდატი მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს, ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს.
ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ 120-ადგილიან ქნესეთში ცალკე აღებული პარტიებიდან ყველაზე მეტი – 27 მანდატი მოიპოვა. თუმცა ნეთანიაჰუს უფრო ფართო რელიგიურ-ნაციონალისტურმა კოალიციამ ჯამში მხოლოდ 53 ადგილი მიიღო.
ნეთანიაჰუს მეტოქე კოალიციამ, რომელსაც გადი აიზენკოტი ხელმძღვანელობს და რომელშიც მემარცხენე-ცენტრისტული პოლიტიკური ძალებიდან მემარჯვენე პარტიებამდე ოთხი, ძირითადად, ებრაული ამომრჩევლის წარმომადგენელი პარტია შედის, მხოლოდ 48 მანდატი მოიპოვა. ეს შედეგი იმ ფონზე დაფიქსირდა, როდესაც არჩევნებამდე ჩატარებული გამოკითხვები პოლიტიკურ ძალებს შორის თითქმის თანაბარ ბრძოლაზე მიუთითებდა.
ამასთან, ისრაელის არაბული უმცირესობის წარმომადგენელმა ორმა პარტიამ ჯამში 19 მანდატი მოიპოვა, რაც უპრეცედენტო შედეგია.
ნეთანიაჰუსთვის დამატებითი პოლიტიკური დარტყმა აღმოჩნდა პარტია „გაერთიანებული თორას იუდაიზმის“ გადაწყვეტილება. ეს პარტია ულტრამართლმადიდებელი ებრაელი ამომრჩევლების ორი ძირითადი პოლიტიკური ძალიდან ერთ-ერთია და ნეთანიაჰუს კოალიციის დიდი ხნის მოკავშირეა. თუმცა 5 ნოემბერს, პრეზიდენტ ჰერცოგთან კონსულტაციებისას, პარტიამ მთავრობის ფორმირების არც ერთ კანდიდატს არ დაუჭირა მხარი.
მიუხედავად იმისა, რომ აიზენკოტმა, ისევე როგორც ნეთანიაჰუმ, ამ დრომდე გამორიცხა ისრაელის ორი არაბული პარტიის მონაწილეობით მთავრობის ფორმირება, ორივე მათგანმა აიზენკოტის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. შედეგად, ყოფილ სამხედრო მეთაურს პარლამენტის წევრთა მყარი უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
კრიტიკოსები ნეთანიაჰუს არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების მცდელობაში ადანაშაულებენ
ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელსაც ხელისუფლების დაკარგვის საფრთხე ემუქრება, არჩევნების შედეგებში ეჭვის შესატანად საარჩევნო მოხელეების მიერ ხმების შესაძლო გაყალბების ფაქტზე დაწყებული გამოძიება გამოიყენა. მან არაბული პარტიები ხმების მოპარვაში დაადანაშაულა.
ნეთანიაჰუსა და მის პოლიტიკურ პარტნიორებს კრიტიკოსები არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენებისა და მათი ლეგიტიმურობის შერყევის მცდელობაში ადანაშაულებენ. თავად პრემიერ-მინისტრი ამ ბრალდებებს უარყოფს.
ისრაელის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 4 ნოემბერს განაცხადა, რომ არჩევნების მთლიანობას საფრთხე არ დამუქრებია. კომისიის თავმჯდომარემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნოამ სოლბერგმა, ქვეყნის არჩეულ პოლიტიკოსებს მოუწოდა, საზოგადოებრივი ნდობა დაიცვან და არა შეარყიონ.
„ეს რეალური საფრთხეა. დემოკრატიის ერთ-ერთი საფუძველი ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებაა“, — განუცხადა სოლბერგმა პრეზიდენტ ჰერცოგს 4 ნოემბერს მის რეზიდენციაში გამართული შეხვედრისას.
სოლბერგის თქმით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, მათ შორის ისრაელის არაბულ უმცირესობაში, დადებითი და მისასალმებელი მოვლენაა.
ამავდროულად, ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მოკავშირეები, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი ითამარ ბენ-გვირი, არაბული პარტიების ლიდერების დაუყოვნებლივ დაკავებისა და დაკითხვის მოთხოვნით გამოდიან.
ამერიკის შუალედური არჩევნები აჩვენებს, როგორ დაკარგა ისრაელმა გავლენა და მხარდაჭერა აშშ-ში
ისრაელს შეერთებულ შტატებში ოდესღაც ორივე პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, თუმცა დემოკრატების წარმატებამ, რომელთა ნაწილიც ღაზის ომის მკვეთრი კრიტიკოსია, კონგრესში ქვეყანას მხარდამჭერები შეუმცირა.
ბევრი ისრაელელისთვის აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რამდენად გაუარესდა მათი ქვეყნის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის შეზღუდვები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მრავალწლიან მეგობრობაზე დაყრდნობას ახლავს.
დემოკრატების მიერ რესპუბლიკური პარტიის დამარცხებამ, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ზოგიერთი წევრის მხრიდან ისრაელის კრიტიკის ფონზე კიდევ უფრო გააძლიერა ისრაელში საერთაშორისო იზოლაციის მზარდი განცდა, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარე ომებს უკავშირდება.
აშშ-ის არჩევნების შედეგები ისრაელისთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე დროს გახდა ცნობილი. ქვეყანა გაურკვეველი შედეგით დასრულებული არჩევნების შედეგებთან გამკლავებას ცდილობს და ირანთან კონფლიქტის კიდევ ერთი შესაძლო რაუნდის წინაშე დგას.
ამ ვითარებაში სასწორზე დგას ისრაელის მომავალი ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან – მის უმნიშვნელოვანეს მოკავშირესთან. ასევე სასწორზეა ამერიკული სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად გამოყოფილი მილიარდობით დოლარი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად შემცირდა ისრაელის ტრადიციული მხარდაჭერა როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის.
ნეთანიაჰუს კრიტიკოსებმა და პოლიტიკურმა მეტოქეებმა არჩევნების შედეგები მისი მხრიდან ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების არასწორი მართვის დასტურად გამოიყენეს.
„დღეს მიღებული შედეგები ზუსტად აჩვენებს, რატომ ცდილობდა ისრაელი, ყოველთვის შეენარჩუნებინა აშშ-ის ორივე პარტიასთან თანამშრომლობის პოლიტიკა“, – განაცხადა გერმანიაში ისრაელის ყოფილმა ელჩმა ჯერემი ისაჩაროფმა.
დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, რომელიც ვაშინგტონში ისრაელის საელჩოში მუშაობის ორ პერიოდსაც მოიცავდა, ისაჩაროფი ისრაელისა და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების მრავალ საკითხზე მუშაობდა.
მისი თქმით, კონსერვატორმა ნეთანიაჰუმ დაახლოებით ათი წლის წინ დიდწილად უარი თქვა ამ მიდგომაზე და „იქცა ისრაელის პრემიერ-მინისტრად, რომელიც ყველაზე მეტად იყო ამერიკის პრეზიდენტზე“.
მიმდინარე წლის დასაწყისში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი „მომწიფდა“ და მომდევნო ათწლეულის განმავლობაში აპირებდა, უარი ეთქვა აშშ-ის სამხედრო დახმარების ფინანსურ კომპონენტზე. მისი თქმით, სურდა, ისრაელს შეიარაღების შესყიდვები საკუთარი სახსრებით დაეფინანსებინა, განევითარებინა თავდაცვის ინდუსტრია და „დახმარებიდან პარტნიორობაზე“ გადასულიყო. შესაძლოა, ამ განცხადებით ნეთანიაჰუ იმ პოზიციას გამოხატავდა, რომლის მოსმენაც, მისი ვარაუდით, ტრამპს მოეწონებოდა.
ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა სამხედრო მეთაურმა და ცენტრისტმა ლიდერმა გადი აიზენკოტმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ისრაელის თავდაცვის უწყებამ სტრატეგიულ ურთიერთობებში ასეთი მასშტაბური ცვლილების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო, „აჩვენებს, რამდენად რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებები“.
„მას უკვე აღარ შეიძლება ენდო. ის უნდა შეიცვალოს“, – დასძინა აიზენკოტმა განცხადებაში.
ისრაელის მემარცხენე პარტია „დემოკრატების“ ლიდერმა, სამხედრო მეთაურის ყლოფილმა მოადგილე იაირ გოლანმა განაცხადა: „ამერიკული დახმარების შეწყვეტა ძალიან საზიანოა ისრაელის უსაფრთხოებისა და ქვეყანაში ცხოვრების ხარისხისთვის“.
ნეთანიაჰუს კიდევ ერთმა მეტოქემ მემარჯვენე ფლანგიდან, ავიგდორ ლიბერმანმა კი განაცხადა: „ტრამპის მიერ ნეთანიაჰუს მხარდაჭერის ფასი ყოველწლიურად 3.8 მილიარდი დოლარია“. ეს, სავარაუდოდ, ტრამპის მიერ გასულ თვეში, ისრაელის არჩევნებამდე, ნეთანიაჰუსთვის გამოცხადებულ მტკიცე მხარდაჭერას უკავშირდება.
ნეთანიაჰუს ოფისს არ უპასუხია „ნიუ იორკ თაიმსის“ კომენტარის მოთხოვნაზე.
დახმარების სფეროში ურთიერთობების ცვლილებამ კიდევ უფრო ღრმა შეშფოთების საფუძველი მოამზადა შუალედური არჩევნების შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად.
ნეთანიაჰუს მთავრობის ყოფილი მინისტრი ციპი ლივნი სოციალურ ქსელში წერდა: „ნეთანიაჰუმ რესპუბლიკელებზე დადო ფსონი, დაანგრია ალიანსი, რომელსაც წლების განმავლობაში ორივე პარტიასთან ვინარჩუნებდით და ახლა აღარ აქვს შესაძლებლობა, დაიცვას ებრაელი ხალხის სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმურობა და ჩვენი თავდაცვის უფლება“. ლივნიმ ამ განცხადებაში ის კანდიდატებიც ახსენა, რომლებიც ისრაელის მკვეთრი კრიტიკოსები არიან და არჩევნებში გაიმარჯვეს.
ისრაელს შეერთებულ შტატებში დიდი ხნის განმავლობაში ორივე პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, რასაც ქვეყანა სტრატეგიულ უპირატესობად მიიჩნევდა. თუმცა ამერიკული საზოგადოებრივი აზრის ცვლილებასთან ერთად, ისრაელის პოლიტიკური მხარდაჭერა ორივე პარტიაში შემცირდა. ეს განსაკუთრებით უკავშირდება ღაზის სექტორში მიმდინარე ომს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ ხელმძღვანელობით ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო.
ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი – ათიათასობით დაღუპული პალესტინელი ჰუმანიტარულ კრიზისთან და ისრაელის მხრიდან ომის დასრულების მკაფიო სტრატეგიის არარსებობასთან ერთად, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაძაბულობის მიზეზი გახდა.
ურთიერთობების გაუარესების ფონზე ნეთანიაჰუ ტრამპთან ახლო კავშირებით ამაყობდა. ეს ურთიერთობა მიმდინარე წელს ირანის წინააღმდეგ ერთობლივი სამხედრო კამპანიითაც დაგვირგვინდა. თუმცა, როდესაც კონფლიქტი გახანგრძლივდა და ისრაელი ლიბანში ომშიც ჩაერთო, ტრამპის ადმინისტრაციასთან დაძაბულობა წარმოიშვა, რადგან ისრაელისა და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს დაშორდა.
აპრილში ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელს ლიბანში შემდგომი დაბომბვები „ეკრძალებოდა“ და თქვა: „საკმარისია“
ივნისში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა ლიდერმა ირანთან ცეცხლის შეწყვეტის წინასწარ შეთანხმებას მიაღწია, რომელიც, ბევრი ისრაელელის აზრით, მათი უსაფრთხოების საჭიროებებს ვერ პასუხობდა, ტრამპსა და ნეთანიაჰუს, ასევე მათ მხარდამჭერებს შორის ურთიერთობა ურთიერთბრალდებებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებში გადაიზარდა.
მიმდინარე წელს ისრაელის მიმართ ამერიკელების მხარდაჭერა ისტორიულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ვითარება კიდევ უფრო გააუარესა ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე მთავრობის პოლიტიკამ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, მათ შორის ებრაული დასახლებების მასშტაბურმა გაფართოებამ და პალესტინელების წინააღმდეგ ექსტრემისტი ებრაელი ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის ზრდის უგულებელყოფამ.
ისრაელში ჩატარებულმა არჩევნებმა ურთიერთობების განახლების შესაძლებლობა შექმნა. ანალიტიკოსების შეფასებით, ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ მისი ერთ-ერთი ყველაზე გადაუდებელი ამოცანა აშშ-თან ორპარტიული ურთიერთობების აღდგენის მცდელობა უნდა იყოს.
„ისრაელისთვის მნიშვნელოვანია განასხვავოს ერთმანეთისგან ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან და ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა ისრაელში, ჰერცლიაში მდებარე რაიხმანის უნივერსიტეტის აბა ებანის დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, გედალია აფტერმანმა.
მისი თქმით, „აშშ ისრაელის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად დარჩება“.
თუმცა, როგორც აფტერმანმა თქვა, დემოკრატების წარმატება შუალედურ არჩევნებში „გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს, რომ უფრო სერიოზულად ჩადონ ინვესტიცია ამერიკის პოლიტიკური სპექტრის ყველა მიმართულებით ურთიერთობების განვითარებაში“.
მასალა მომზადებულია Reuters-ისა და The New York Times-ის მასალებზე დაყრდნობით.
SAY.GE · გაურკვეველია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
