მაია ბითაძის მტკიცებით, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
კულტურის მინისტრის, მაია ბითაძის მტკიცებით, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია.
კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ბითაძეს გელათის რეაბილიტაციის მიმდინარეობა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა გააცნო.
ბითაძის განცხადებით, ტაძარს, რომელსაც წლების განმავლობაში წყალი და ტენი აზიანებდა, დღეს ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს.
„მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია. ახლა მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა“, – ამბობს ბითაძე.
რა მოხდა გელათში და რა ეტაპზეა მონასტრის რეაბილიტაცია
გელათის სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა.
2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს.
ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო.
სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს.
ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა.
ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ.
ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს.
2023 წლის თებერვალში გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები საპატრიარქომ გადაიბარა.
2025 წელს მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის ძირითადი კონსტრუქციის მოწყობა დასრულდა, ხოლო ღიად დატოვებული მონაკვეთები იმავე წლის ოქტომბერში დაიხურა.
2026 წლის მარტში ახალი საკონსერვაციო სეზონი დაიწყო. არსებული ინფორმაციით, გრძელდება კედლის მხატვრობის კონსერვაცია, მოზაიკის დაცვა, კლიმატური პირობებისა და ტაძრის კონსტრუქციების მონიტორინგი.

