პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

შენობის ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი, შესაძლოა, ვეკუას სკოლაშიც შეჩერდეს

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

შენობის ავარიულობის გამო სასწავლო პროცესი, შესაძლოა, ვეკუას სკოლაშიც შეჩერდეს
ფოტო: პუბლიკა

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემათიკის თბილისის 42-ე საჯარო სკოლაში, შესაძლოა, სასწავლო პროცესი შეჩერდეს. მიზეზი შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაა. ალტერნატიულ სივრცეში სწავლის გაგრძლებაზე სამინისტრო სკოლასთან მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ვეკუას სკოლის მოსწავლის მშობელი მარი გაბედავა წერს, ახლა სკოლაში მშობლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მოსწავლეები ორშაბათიდან სხვა სკოლაში გადაჰყავთ, ოღონდ სად, არ იციან.

მარი გაბედავას ინფორმაციით, 5 ნოემბერს დამრიგებლისგან შეიტყვეს, რომ ავარიული შენობის გამო მოსწავლეები სწავლას 51-ე საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში გააგრძელებენ. მისი თქმით, მანამდე მშობლებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, პირველ ცვლაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მშობლებს უთხრეს, რომ განათლების სამინისტრომ ამ ვარიანტზე უარი თქვა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, სკოლის შენობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და მას III კატეგორია აქვს მინიჭებული, თუმცა არასეისმური ზემოქმედების შეფასებით შენობა IV კატეგორიას მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და გარე ზემოქმედების შემთხვევაში ცალკეული კონსტრუქციების ჩამოშლის რისკი არსებობს.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ ამ წუთებში სკოლის კოლექტივთან ალტერნატიულ სივრცეში გადაყვანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რის შემდეგაც გადაწყდება, რა რეჟიმში გააგრძელებენ მოსწავლეები სწავლას.

მარი გაბედავას თქმით, მეორე ცვლაში გადასვლა, რაც შესაძლოა დღის მეორე ნახევრიდან საღამოს 8 საათამდე სწავლას გულისხმობდეს, მნიშვნელოვნად შეცვლის მოსწავლეების ყოველდღიურ განრიგს და დამატებით აქტივობებში მონაწილეობას შეუზღუდავს.

მშობლის შეფასებით, ვეკუას სკოლა აკადემიურად ძლიერი, სპეციალიზებული საჯარო სკოლაა, სადაც მოსწავლეებს ჩარიცხვისთვის რთული გამოცდების ჩაბარება უწევთ. ამიტომ, მისი აზრით, ბავშვებისთვის მხოლოდ უსაფრთხო შენობის შეთავაზება საკმარისი არ არის – მათ სწავლის სათანადო პირობებიც უნდა შეუნარჩუნონ.

„მშობლები და ბავშვები ვითხოვთ უსაფრთხო და ხელმისაწვდომ გარემოს, სადაც ბავშვები შეძლებენ, ისწავლონ. ძალიან საბაზისო მოთხოვნაა მგონი. გაზიარებული პოსტი“, – ამბობს ის.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 06.11.2026, 11:58. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ