პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრება

თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა დამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ღიად ემუქრება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი…

მერია ცხოველთა დამცველებს სამართლებრივი პასუხისგებით ემუქრება
ფოტო: ნეტგაზეთი

თბილისის მერია და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა დამცველებსა და სამოქალაქო აქტივისტებს სამართლებრივი პასუხისგებით ღიად ემუქრება. სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, აქტივისტების წინააღმდეგ სამართლებრივი რეაგირება დაიწყონ.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქტივისტებმა სააგენტო ცხოველების სავარაუდო დახოცვასა და სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულეს, რასაც ცხოველთა მასობრივი სამარხების გასაჯაროება მოჰყვა. პასუხად, მერიამ აქტივისტებს „ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი“ და „პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები“ უწოდა.

უწყების განცხადებაში პირდაპირ არის გაჟღერებული მუქარა იმ პირების მიმართ, ვინც სააგენტოს საქმიანობას აკრიტიკებს და პროტესტს გამოთქვამს:

„ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას… საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე“, — აცხადებენ სააგენტოში.

მერია სამოქალაქო აქტივისტებს სააგენტოს თანამშრომლების ბულინგში, შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სამარხების გადათხრით აქტივისტები დესტრუქციულად მოქმედებენ.

რაც შეეხება საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს ცხოველთა სამარხებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი ირწმუნება, რომ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს. მათი განმარტებით, ტერიტორია შპს „ჰერმესს“ ეკუთვნის და ცხოველთა ლეშის დამარხვა კანონიერად, ღამის საათებში ხდება. სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ მტკიცებულებებს, სადაც ცხოველების დახოცვაზეა საუბარი, „მორიგ ტყუილსა და ცილისწამებას“ უწოდებს და ამტკიცებს, რომ პოპულაციის შემცირება მხოლოდ სტერილიზაციის გზით ხდება.

“მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საქმე და მისცენ მას სამართლებრივი რეაგირება. ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ცხოველთა დამცველების მანტიით შემოსილი, ხელს უშლის ცხოველთა მონიტორინგის მუშაობას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს თანამშრომლებს, აბულინგებს მათ, თხრის სამარხებს, საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც თავად მიუსაფარ ცხოველებს, ისე თბილისის მოსახლეობას, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება კანონის წინაშე”, – აცხადებენ მერიაში.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: დათო ქოქოშვილი · გამოქვეყნდა 05.11.2026, 23:36. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ