პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანა წითლიძე აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

ანა წითლიძე: „ქართული ოცნება“ პასუხისმგებელია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
ფოტო: ლიბერალი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ანა წითლიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის პასუხისმგებელი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის გაუარესებასა და იმ მდგომარეობაზე, რომელშიც პოლიტიკოსი ამჟამად იმყოფება. წითლიძის თქმით, მმართველი პარტიის მხრიდან სისტემურ დანაშაულებზე საუბარი უადგილოა, როდესაც საკუთარ ქმედებებს არ აფასებენ.

მისივე განცხადებით, ხოშტარიას ციხეში ყოფნა და მისი მდგომარეობა ნათლად აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს არაფერი ჰუმანური და ადამიანური. ანა წითლიძე კითხულობს, რა დანაშაული აქვს ჩადენილი ელენე ხოშტარიას, გარდა იმისა, რომ ბანერზე წარწერა გააკეთა.

„როდესაც „ქართული ოცნება“ სისტემურ დანაშაულებზე საუბრობს, უნდა შეხედოს, რა დამართა ელენე ხოშტარიას. საერთოდ, რატომ ზის ელენე ხოშტარია ციხეში, რა დააშავა? იმის გამო, რომ ბანერზე მარკერით რაღაც დააწერა? გამოდის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ბანერი და მარკერი უფრო ფასეულია, ვიდრე ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ელენე ხოშტარიას არაფერი სხვა არ დაუშავებია, ის არ არის კრიმინალი. ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ სად შეუძლია „ქართულ ოცნებას“ მივიდეს, როდესაც მასში არაფერი ჰუმანური და ადამიანური არ არის. ელენეს ამ მდგომარეობამდე მიყვანა არის პირდაპირ „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ცნობისთვის, პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, რუსთავის ქალთა ციხიდან თბილისში, თოდუას კლინიკაში გადაიყვანეს გეგმური შემოწმებისთვის. პოლიტიკოსი საავადმყოფოში ეტლით შეიყვანეს.

მანამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ელენე ხოშტარია რამდენიმე თვის წინ კლინიკა „ვივამედში“ იყო გადაყვანილი, საიდანაც რუსთავის ქალთა ციხეში 27 სექტემბერს დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცველებმა გასულ წელს, 15 სექტემბერს დააკავეს თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე. მან კალაძის ბანერს წარწერა „რუსული ოცნება“ გაუკეთა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა, თუმცა ხოშტარიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.

პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მოსამართლე გიორგი არევაძემ ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 29.10.2026, 08:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ