ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ - TI - Batumelebi
ელენე ხოშტარია • პოლიტპატიმრები • საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო •
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ [TI] ეხმიანება „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში გადაყვანას, რისი ამსახველი კადრებიც დღეს, 29 ოქტომბერს გავრცელდა.
„სანდო წყაროს“ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერიდან ჩანს, რომ ელენე ხოშტარია კლინიკაში ეტლით გადაიყვანეს.
„გამჭვირვალობა“ აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრება.
„პატიმრობაში მყოფ ელენე ხოშტარიას ხერხემლის ანთებითი დაავადება აქვს. ჯანმრთელობის აღნიშნული პრობლემების გამო მას ჯერ კიდევ თვეების წინ გადაადგილება ხელჯოხით უწევდა და ხელით კალმის დაჭერაც კი უჭირდა. ამ მიზეზით იგი გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით კლინიკა „ვივამედში“ რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.
ელენე ხოშტარიას მდგომარეობის ამსახველი კადრები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რა მძიმე ფასს ახდევინებს ივანიშვილის რეჟიმი ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან.
ელენე პოლიტიკური პატიმარია. ის საპატიმროში მხოლოდ იმიტომ იმყოფება, რომ არ შეეგუა უსამართლობას, არ გაჩუმდა, და ციხიდანაც კი საკუთარი ქვეყნის ევროპულ მომავლისთვის იბრძვის.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ თავის უწინდელ პუბლიკაციებში მიუთითებდა, მის მიერ ჩადენილი ქმედება უარეს შემთხვევაში შეიძლება ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს და არა სისხლისსამართლებრივს. ხოლო, დაკისრებული სასჯელი – 1.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მისთვის შერაცხულ ქმედებასთან მიმართებით მეტისმეტად მკაცრი და არაპროპორციულია.
მეტიც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მისი საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება შეუთავსებელია წამების, არასათანადო ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვასთან დაკარებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებით და საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებთან.
ელენე ხოშტარიას პატიმრობაზე, მის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე სრული სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“. სწორედ მათ შექმნეს ძალადობრივი სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს სჯის და პატიმრობას განსხვავებული აზრის ჩასახშობად იყენებს.
მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას“ – წერს „გამჭვირვალობა“.
„დროას“ ლიდერს, ოთხი შვილის დედას, ელენე ხოშტარიას 1.5 წელი მიუსაჯეს კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებისთვის“. ამ ბანერზე ელენე ხოშტარიამ სტუდენტის, მეგი დიასამიძის სოლიდარობის ნიშნად ფლომასტერით დაწერა – „რუსული ოცნება“.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება — TI-საქართველონეტგაზეთი · 15:52
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
