დიფერენცირებული გაზის ტარიფები: სემეკ-ი მოხმარების სტატისტიკის მიხედვით ფასებს დაადგენს
სემეკ-ს გაზის დიფერენცირებული ტარიფების დადგენის უფლება მიენიჭა. ნახეთ რეგიონების მიხედვით გაზის მოხმარების სტატისტიკა და გაიგეთ, რა ცვლილებები გველის 2038 წლამდე.
საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლის საფუძველზეც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) უფლებამოსილება მიენიჭა, ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დიფერენცირებული ტარიფები დააწესოს. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადი მოხმარებული გაზის მოცულობის მიხედვით განისაზღვრება.
სემეკ-ის მიერ მომზადებული ანგარიში ცხადყოფს, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაჩვენებლები თითოეულ საყოფაცხოვრებო აბონენტზე მნიშვნელოვნად განსხვავდება როგორც დიდ ქალაქებში, ისე რეგიონულ ცენტრებსა და სოფლებში. აღსანიშნავია, რომ მცირე დასახლებებსა და სოფლებში გაზის მოხმარება, როგორც წესი, დაბალია, რაც ხშირ შემთხვევაში ალტერნატიული საწვავის, კერძოდ, შეშის აქტიური გამოყენებით აიხსნება.
კომისიის მონაცემებით, ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება ერთ აბონენტზე რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:
- გურია: ქალაქი – 970 კუბ.მ; სოფელი – 668 კუბ.მ;
- თბილისი: 1 304 კუბ.მ;
- მცხეთა-მთიანეთი: ქალაქი – 1 772 კუბ.მ; სოფელი – 1 953 კუბ.მ;
- სამცხე-ჯავახეთი: ქალაქი – 1 748 კუბ.მ; სოფელი – 1 756 კუბ.მ;
- შიდა ქართლი: ქალაქი – 1 416 კუბ.მ; სოფელი – 1 098 კუბ.მ;
- ქვემო ქართლი: ქალაქი – 1 059 კუბ.მ; სოფელი – 1 305 კუბ.მ;
- კახეთი: ქალაქი – 1 307 კუბ.მ; სოფელი – 1 067 კუბ.მ;
- აჭარა: ქალაქი – 1 061 კუბ.მ; სოფელი – 1 180 კუბ.მ;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი: ქალაქი – 1 016 კუბ.მ; სოფელი – 742 კუბ.მ;
- იმერეთი: ქალაქი – 942 კუბ.მ; სოფელი – 742 კუბ.მ;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ქალაქი – 1 048 კუბ.მ; სოფელი – 503 კუბ.მ.
აღსანიშნავია, რომ სემეკ-ის უფლებამოსილება, დაადგინოს დიფერენცირებული ტარიფები ბუნებრივ გაზზე, 2038 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება ძალაში.
SAY.GE · დიფერენცირებული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
